შემოგვიერთდით

პირველად საქართველოში გაყიდვების ონლაინ კურსი შეიქმნა

ქართულ რეალობაში პირველად, საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტმა, გაყიდვების ონლაინ კურსები – “ეფექტური გაყიდვები” და “სატელეფონო გაყიდვები” შექმნა. ეს მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს პრაქტიკული და თეორიული ცოდნა დისტანციურად მიიღონ. კურსის შეძენა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. ჩვენ ვესაუბრეთ  საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის დამფუძნებელს დავით ჩიკვაიძეს და დეტალური ინფორმაცია მივიღეთ აღნიშნული კურსის შესახებ.

HR hub: რა იყო ამ პროექტის შექმნის მთავარი მიზანი?

პროექტის შექმნის მთავარი მიზანი იყო მიგვეცა შანსი იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ აქვთ ტრენინგებზე სიარულის დრო და შესაბამისი რესურსი, მცირე დროში დისტანციურად შეესწავლათ გაყიდვების სფერო.

 HR hub: რას მოიცავს ონლაინ კურსები?

ჩვენს მიერ შექმნილი ონლაინ კურსები  მოიცავს ქართულ ქეისებზე დაფუძნებულ გაყიდვების პროცესის დაგეგვმისა და მართვის ტექნიკების სწავლებას. კურსი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიც არის შეკითხვის დასმის ტექნიკები, რა გავლენა აქვს შეკითხვების დასმას გაყიდვების პროცესზე, როგორ იღებს ტვინი გადაწყვეტილებას პრეზენტაციისას, შესყიდვის მზაობის ეტაპები, გულისყურით მოსმენა, წინააღმდეგობის დაძლევა. ვიდეო ლექციების გარდა, კურსი მოიცავს ტესტებს და ასევე, პრაქტიკულ დავალებებს – “მისიებს”, რომ თეორია თეორიად არ დარჩეს და ნასწავლი ტექნიკები მონაწილეებმა პრაქტიკაში გამოიყენონ.

HR hub: რას გულისხმობს კურსის პრაქტიკული ნაწილი?

კურსები შედგება ერთგვარი მისიებისგან, სადაც მონაწილეებს ეძლევათ კონკრეტული დავალება, რომ ნასწავლი ტექნიკები პრაქტიკაში გამოიყენონ, გატესტონ და მოამზადონ ქეისები, სადაც უნდა იყოს აღწერილი რომელი ტექნიკა გამოიყენეს, რაში გამოიყენეს, რამ იმუშავა და რამ არ იმუშავა. ეს ტექნიკები მუდმივად უნდა გამოსცადონ, რომ ნასწავლი თეორიული მასალის პრაქტიკაში გამოყენებაც შეძლონ.

HR hub: როგორია ონლაინ კურსის ხანგრძლივობა?

საშუალოდ მთლიანად კურსის გავლას 2 საათი სჭირდება, თუმცა საშუალებას ვაძლევთ 1 თვის განმავლობაში ნებისმიერ დროს დაუბრუნდნენ, გადახედონ და გაიმეორონ მასალა.

HR hub: ვისთვის არის კურსები განკუთვნილი?

კურსები  განკუთვნილია გაყიდვებში ჩართული ადამიანებისთვის, რომლებიც ახორციელებენ სატელეფონო ზარებს. ის დაეხმარება, როგორც დამწყებ, ასევე გამოცდილ ადამიანებს. ასევე მათ, ვისაც თავისი ბიზნესისთვის უწევს მოლაპარაკებების წარმოება.

 HR hub: რატომ ონლაინ კურსი? რა უპირატესობა აქვს ონლაინ კურსს?

ონლაინ კურსი სხვა კურსებთან შედარებით გამორჩეულია იმით, რომ გაცილებით მოქნილია, შესაძლებელია მოკლე დროში, დისტანციურად ბევრად მეტი, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნის მიღება, სწრაფად, მარტივად და გასაგებად.