2016 წლიდან, BDO აკადემია დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა მიმართულებებით მაღალი სტანდარტის სასერტიფიკატო სასწავლო ტრენინგებს, კურსებსა და საერთაშორისო გამოცდებს სთავაზობს.
მათი მთავარი პრიორიტეტი საერთაშორისო სერტიფიცირებებია როგორც ფინანსების, ასევე ადამიანური რესურსების სფეროში. აღსანიშნავია, რომ BDO აკადემია ამიერკავკასიაში HRCI-ის (ადამიანური რესურსების მართვის სერტიფიცირების ინსტიტუტი) კურსების პირველი პროვაიდერია. თქვენ აქ შესაძლებლობა გაქვთ გაიაროთ PHRi-ის სასერტიფიკატო კურსი და მოიპოვოთ საერთაშორისოდ აღიარებული პროფესიული ტიტული. აღნიშნული სერტიფიკატი დაგეხმარებათ საერთაშორისო დონეზე კარიერულ წინსვლაში.
ჩვენ ვესაუბრეთ BDO აკადემიის PHRi-ის კურსდამთავრებულებს სანათა ჩარგაზიასა და თეო გაგოშიძეს. შევეცადეთ უშუალოდ მათგან გაგვეგო რა უპირატესობა აქვს ამ კურსს და როგორ შეიძლება მისი გამოყენება კარიერულ წინსვლაში.
HR hub: რატომ გადაწყვიტეთ PHRi-ის კურსის გავლა?
სანათა ჩარგაზია (საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი) – შერჩევისა და განვითარების მენეჯერი:
დიდი ხანია სურვილი მქონდა გამევლო PHRi-ის კურსი და მომეპოვებინა ჩვენს სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტიტული. პირველ რიგში, მინდოდა პროფესიული ცოდნის უფრო გაღრმავება, HR მენეჯმენტის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების და მიდგომების შესწავლა. ის ფაქტი, რომ გენიჭება საერთაშორისო ხარისხის HR პროფესიონალის ტიტული ძალიან ბევრს ნიშნავს.
თეო გაგოშიძე (JTI Caucasus) – Talent Development, People & Culture:
ადამიანების განვითარებაზე ზრუნვა ჩემი ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ტრენინგების და ტალანტების განვითარების სფეროში მუშაობამ დამარწმუნა, რომ წარმატების საწინდარი არის მუდმივი სწავლა, სიახლის ათვისება და ცოდნის გაღრმავება. შესაბამისად, მეც ყოველთვის ვეძებ განვითარების გზებს და საკუთარ თავს ახალ გამოწვევებს ვუსახავ. PHRi გლობალურად აღიარებული პროფესიული ტიტულია, რომელიც საერთაშორისო დონეზე ადასტურებს ჩემს პროფესიულ ექსპერტიზას. კურსის გავლა და PHRi-ის გამოცდის ჩაბარება საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გამოსაცდელად და გასაღრმავებლად გადავწყვიტე.
HR hub: რამდენად რთულია კურსის სასწავლო პროგრამა?
სანათა ჩარგაზია: სასწავლო პროგრამა იოლი ნამდვილად არ არის, თუმცა არც დაუძლეველია. ძალიან კარგია ისიც, რომ HR მენეჯმენტის გარდა, ისწავლება ბიზნეს მენეჯმენტისა და სტრატეგიული დაგეგმვის, ცვლილებების მენეჯმენტის, რისკების შეფასების, პროექტების მართვის გარკვეული პრინციპებიც. რაც შეეხება უშუალოდ გამოცდას, ნამდვილად რთულია. გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად მნიშვნელოვანია, როგორც თეორიული ცოდნა და გამოცდილება, ასევე ლოგიკური აზროვნება.
თეო გაგოშიძე: სასწავლო პროგრამის სილაბუსი შედგენილია შემდეგი პრინციპით: თეორია, პრაქტიკული მაგალითი და ტესტი, რაც მონაწილეებს საკუთარი ცოდნის მუდმივი შემოწმების საშუალებას აძლევს. მასალა დაყოფილია მოდულებად, რომლებიც მოიცავს ყველა ძირითად HR მიმართულებას – Talent Acquisition, Talent Development, Compensations & Benefits, Risk Management და Employee Relations. სასწავლო სესიებზე ხდება მოდულის განხილვა, რეალური მაგალითების საფუძველზე ცოდნის გაღრმავება და კოლეგების/ტრენერის გამოცდილების გაზიარება.
HR hub: რა რჩევას მისცემდით თქვენს კოლეგებს, ვინც ახლა გეგმავს აღნიშნული კურსის გავლას?
სანათა ჩარგაზია: აუცილებლად ვურჩევდი კოლეგებს, რომ გაიარონ კურსი, რადგან მიიღებენ ბევრ საინტერესო ინფორმაციას და გაიღრმავებენ პროფესიულ ცოდნას, გაეცნობიან საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს. ვურჩევდი, რომ საფუძვლიანი დრო დაუთმონ კურსის გავლას და მეცადინეობას.
თეო გაგოშიძე: კურსის მასალასთან ერთად, გამოცდის წარმატებით ჩაბარების საწინდარი არის სამუშაო გამოცდილება HR მიმართულებით. ჩემს კოლეგებს ვურჩევ, გამოიყენონ საკუთარი ექსპერტიზა, დააკვირდნენ მიმდინარე პროცესებს HR დეპარტამენტში და შემდეგ ცოდნა ტესტებით გამოცადონ. გამოცდის კითხვები არის ლოგიკური, კურსის განმავლობაში BDO აკადემიაში გაძლევენ „სავარჯიშო კითხვებს“, რომლებიც დაგეხმარებათ იმაში, რომ მიხვდეთ, თუ რა პრინციპით არის შედგენილი გამოცდა.
HR hub: რას გვეტყოდით PHRi-ის კურსის ტრენერის შესახებ?
სანათა ჩარგაზია: ძალიან სასიამოვნოა, როცა ტრენერი კვალიფიციურია და მთელი გულით გგულშემატკივრობს. გარდა ამისა, თეიკო ბოკუჩავა აქტიურად გვიზიარებდა საკუთარ გამოცდილებას და გვაძლევდა მაქსიმალურ მოტივაციას სწავლისთვის.
თეო გაგოშიძე: თეიკო ბოკუჩავა არის პროფესიონალი, რომელსაც აკადემიურ ცოდნასთან ერთად, აქვს დიდი გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის პროცესებში. სასწავლო მასალასთან ერთად, თეიკო უზიარებს მონაწილეებს პირად გამოცდილებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად.
HR hub: სად შეგიძლიათ გამოიყენოთ PHRi-ის სერტიფიკატი?
სანათა ჩარგაზია: PHRi-ის სერტიფიკატი ვალიდურია მსოფლიოს მასშტაბით და ტიტული ავტომატურად გრიცხავს საერთაშორისო დონის ექსპერტთა ბაზაში. შესაბამისად, შეიძლება გამოიყენო საზღვარგარეთ დასაქმებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იმ ლოკალური კომპანიებისთვის, რომლებიც მაღალი დონის HR მენეჯმენტს ახორციელებენ ან სურთ, რომ განახორციელონ.
თეო გაგოშიძე: PHRi-ის სტატუსი გაძლევთ კონკურენტულ უპირატესობას საერთაშორისო ბაზარზე, რადგან HRCI „ადამიანური რესურსების მართვის სერტიფიცირების ინსტიტუტი“ არის მსოფლიოში აღიარებული ორგანიზაცია, HR აკრედიტაციის მიმართულებით.
BDO აკადემია მუდმივად შესთავაზებს სიახლეებს ადამიანური რესურსების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს. უახლოეს მომავალში იგეგმება დამწყები HR მენეჯერების მოკლე კურსიც, რომლის ტრენერებიც TBC ბანკის ადამიანური კაპიტალის განყოფილების უფროსი – გვანცა მურღლიანი, HR ექსპერტი და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის HR სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი – ია წულაია იქნებიან.