საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „საქართველოს რკინიგზას“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, დაარსდა სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი. კოლეჯმა პირველი სტუდენტები 2018 წლის გაზაფხულზე მიიღო. ამ თემაზე ჩვენ ვესაუბრეთ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს მანანა მოისწრაფიშვილს.
HR hub: რა სპეციალობებს სთავაზობს სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი სტუდენტებს?
- რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა;
- რკინიგზის ლიანდაგის მონიტორინგი;
- რკინიგზის ელექტრო მომარაგება;
- ლოკომოტივის მართვა;
- სავაგონო მეურნეობა;
- სარკინიგზო გადაზიდვები;
- რკინიგზის ტრანსპორტზე სიგნალიზაცია ცენტრალიზაცია და ბლოკირება;
- რკინიგზის ელექტრო მოძრავი შემადგენლობა.
HR hub: ვის შეუძლია ისწავლოს აღნიშნულ კოლეჯში და რა არის ამისთვის საჭირო?
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში შეუძლია ჩააბაროს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს პროგრამაზე დაშვების წინაპირობების მიხედვით: 18 წელს მიღწეული პირი 9 კლასის (საბაზო) ან 12 კლასის (სრული ზოგადი) განათლებით;
კატალოგი განთავსებულია კოლეჯის ვებგვერდზე, რომელშიც აღწერილია თითოეული პროგრამა.
საწყის ეტაპზე სწავლების მსურველებს ჩაუტარდებათ კოლეჯში ტესტირება, რომლის წარმატებით დაძლევის შემდგომ მათ უნდა ჩააბარონ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული გამოცდა მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისთვის მათემატიკასა და ზოგად უნარებში.
HR hub: როდის დაიწყება სწავლა?
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: ,,რკინიგზის ლიანდაგის მონიტორინგი“ და ,,რკინიგზის ელექტრომომარაგება“ საგაზაფხულო მიღებაზე სწავლა დაიწყო 2018 წლის 30 მაისს. ხოლო საშემოდმგომო მიღებისთვის დანარჩენ პროფესიულ რვავე საგანამათლებლო პროგრამებზე სწავლება დაიწყება ა.წ. ნოემბრის თვიდან.
კოლეჯი ყოველწლიურად ყველა პროგრამაზე გამოაცხადებს საგაზაფხულო და საშემოდგომო მიღებას საქართველოს რკინიგზასთან შეთანხმებით პერსპექტიული ვაკანსიების მიხედვით ავტორიზაციით დადგენილი კვოტის ფარგლებში.
HR hub: რამდენია სწავლის საფასური?
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების სწავლება სრულიად უფასოა და იგი ფინანსდება სახელმწიფო ასიგნებებით გამოყოფილი ვაუჩერის ფარგლებში.
HR hub:რას პირდებით თქვენს კურსდამთავრებულებს?
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი პროფესიული განათლებით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს თანამედროვე სიმულატორებითა და ტრენაჟორებით აღჭურვილ საუკეთესო სასწავლო გარემოს, გადამზადებულ პედაგოგებს, გადამუშავებულ სასწავლო პროგრამებს, შეფასებას დახვეწილი მეთოდოლოგიის გამოყენებით და განახლებულ სასწავლო-მეთოდურ ლიტერატურას.
უმთავრესი, რასაც კოლეჯი პროფესიულ სტუდენტებს სთავაზობს არის სს ,,საქართველოს რკინიგზაში“ არსებულ ვაკანსიებზე დაფუძნებულ პროფესიულ სტუდენტთა კონტიგენტის დაგეგმვა, რაც ნიშნავს, რომ პირი, რომელიც მიიღებს კვალიფიკაციას, უპირობოდ დასაქმდება.
HR hub:როგორ აპირებთ აღნიშნული პროფესიების პოპულარიზაციას და ახალგაზრდების დაინტერესებას?
პერიოდულად ვახდენთ კოლეჯის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას პრესითა და ტელევიზიით, კოლეჯის ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსებით, ფეისბუქ გვერდის მართვით და რეგიონებში საინფორმაციო კამპანიის წარმოებით.