შემოგვიერთდით

რატომ სჭირდებათ HR მენეჯერებს ანალიტიკური აზროვნება?

როგორ მოიქცეოდა ეკონომისტი ამა თუ იმ სიტუაციაში? რა გადაწყვეტილებას მიიღებდა, ჩემს ადგილას რომ ყოფილიყო? როგორ შეაფასებდა სცენარების ალბათობებს და რა დასკვნას გამოიტანდა? ეს ის კითხვებია, რომელთა დასმა სხვადასხვა კომპლექსური მდგომარეობებიდან გამომდინარე, სულ უფრო და უფრო ხშირად გვიწევს.

საქმე ისაა, რომ ეკონომისტები, პროფესიული სფეროების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საუკეთესო ანალიტიკოსები არიან. ისინი, სხვებთან შედარებით, უკეთ ახერხებენ საბაზრო სიტუაციების წინასწარ გაჭვრტას, მომხმარებლისა და ზოგადად ეკონომიკური აგენტის ქცევის ანალიზსა და სწორი დასკვნების გამოტანას. გარდა ამისა, რაც ორგანიზაციებისთვის ყველაზე მთავარია, ბიზნესისა და ეკონომიკის რეცესიული თუ აღმავალი ციკლების სწორად პროგრნოზირება მათი უშუალო საქმიანობაა.

როგორც აღმოჩნდა, ტექ კომპანიები აქტიურად იყენებენ იმ უპირატესობებს, რაც ეკონომისტებს გააჩნიათ და ხშირად აჰყავთ ჯგუფში ბაზრის, ამა თუ იმ პროდუქტისა და სტრატეგიის შესამუშავებლად ან არსებულის შესაფასებლად ამ პროფესიის მქონე ადაიანები. ამ ტრენდის დიდი სიჩქარით ზრდასთან ერთად, ჩნდება ბუნებრივი კითხვა, ხომ არ უნდა დაიწყოს HR დეპარტამენტმა ეკონომიკური აზროვნების საკუთარ საქმიანობაში დანერგვა?

ტარა სინქლერი (Tara Sinclair), ეკონომისტი და დასაქმების ერთ-ერთი უდიდესი ონლაინ პორტალის წარმომადგენელი, მიიჩნევს, რომ დამსაქმებელსა და სამსახურის მაძიებარს შორის ინფორმაციის მიმოცვლა და აქტიური კონტაქტი ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად გაიზარდა.

„მას შემდეგ რაც ურთიერთობა უფრო მარტივი, ხოლო კანდიდატები უფრო სელექციურები გახდნენ, საჭირო ხდება იმ უზარმაზარი ინფორმაციის ანალიზი, რომელსაც რეკრუტმენტის პროცესში ვიღებთ“.

რეკრუტმენტის ტრენდების უფრო ფართო სურათზე გადატანა და ანალიზი, კომპანიებს ეხმარება არსებული სტრატეგიების მომგებიანობის შეფასებასა და საჭიროებისამებრ, ახლებით ჩანაცვლებაში. გარდა ამისა, ეკონომიკური ანალიზის დახმარებით არა მხოლოდ საკუთარ, არამედ თქვენი ინდუსტრიის ეფექტიანობის შეფასებასაც შეძლებთ.

ამ ინფორმაციის გამოყენებითა და სოციოალური ტრენდების გათვალისწინებით (როგორც ამას ეკონომისტები აკეთებენ) HR მენეჯერებს შეუძლიათ გამოიკვლიონ ის მახასიათებლები, რომლებსაც ადამიანები პოტენციურ სამსახურში ეძებენ, იქნება ეს მოქნილი სამუშაო გრაფიკი თუ კონკრეტული ლოკაცია, შედეგად კი შესთავაზონ აღნიშნულ ტრენდებზე მორგებული ვაკანსიები.

ეკონომისტები ხშირად იყენებენ კომპანიის მონაცემებს არა მხოლოდ სტრატეგიების დასაგეგმად, არამედ იმ სექტორისა თუ ინდუსტრიის აღსაწერად, რომელშიც აღნიშნული ბიზნესი ოპერირებს. არსებულ კომპლექსურ და კონკურენტულ გარემოში ინფორმაციის გადამუშავება და სწორი დასკვნების გამოტანა გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, სულ მცირე, გადარჩენისთვის. გარდა ამისა, ხშირად მომგებიანია კომუნიკაცია და მიმდინარე ტრენდებზე ერთობლივი მსჯელობაა. HR პროფესიონალებს შეუძლიათ მიღებული ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარონ და შესაძლო ცვლილებებზე იმსჯელონ.

მეორე მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური საკითხი, რომელიც ბიზნესებს სტრატეგიების სწორად დაგეგმვასა და ოპერირებაში უშლის ხელს, არასწორი ინფორმაციის ნაკადია. ისეთი HR მენეჯერი, რომელსაც გააჩნია ეკონომისტის უნარ-ჩვევები და შეუძლია დაუმუშავებელი მონაცემებიდან სანდო დასკვნის გამოტანა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს კომპანიის წარმატებაში.

მაგალითისთვის, ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად გაიგონებთ სიტყვა „სტარტაპს“, რამაც საზოგადოებაში გაავრცელა მოსაზრება, თითქოს ადამიანებს დაქირავებულად მუშაობა აღარ სურთ და საკუთარი ბიზნესის ქონა ურჩევნიათ.

სულაც არა! კვლევების თანახმად, ადამიანები ახლა უფრო მეტად არიან მზად, იმუშაონ კომპანიებისთვის, ვიდრე 1970 წელს!

სინქლერი ასევე ხაზს უსვამს იმ მითს, თითქოს მილენიალები ერთ ადგილას დიდხანს არასდროს რჩებიან და შესანარჩუნებლად ყველაზე რთულ თაობას წარმოადგენენ, რაც, ალბათ მიხვდებოდით, რომ სიმართლეს არ წარმოადგენს.

საბოლოოდ, გუნდში ეკონომისტის არსებობა, ან HR დეპარტამენტში ეკონომიკური აზროვნებისა და უნარების განვითარება არა მხოლოდ გაგვიზრდის ეფექტიანობას, არამედ გლობალური ტრენდებისა და მოლოდინების განსაზღვრის საშუალებასაც მოგვცემს.

რატი წიკლაური

წყარო: www.hcamag.com