შემოგვიერთდით

რა სერვისებს სთავაზობს HR საკონსულტაციო ორგანიზაცია – PMC მომხმარებლებს?

PMC პირველი HR საკონსულტაციო ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც 2000 წლიდან ფუნქციონირებს. 

PMC-ი ეხმარება ორგანიზაციებს  ისეთი HRM სისტემის შემუშავებასა და დანერგვაში, რომელიც ხელს უწყობს პერსონალის შესაძლებლობების სრულად გამოვლენას. ჩვენ ვესაუბრეთ PMC-ისა და ფსიქომეტრული და საკონსულტაციო ასოცაციების დამფუძნებელ იამზე კუტალაძეს, რომელიც ვრცლად მოგვიყვება PMC-ის შესახებ.

HR hub: რა სერვისებს სთავაზობს PMC მომხმარებელს?

 ჩვენ ვეხმარებით ორგანიზაციებს:

  • შეარჩიონ შესაბამისი უნარებისა და კვალიფიკაციის მქონე კადრები;
  • წარმართონ ორგანიზაციული პროცესები (კომპენსაცია, პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, შესრულებული სამუშაოს შეფასება და სხვა), ისე, რომ ჰყავდეთ მოტივირებული და ერთგული კადრები;
  • შექმნან ისეთი გარემო პირობები,  სადაც პერსონალი  თავისუფლად შეძლებს   საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების  რეალიზაციას.

ნებისმიერი ორგანიზაცია (ისევე, როგორც ადამიანი) წარმოადგენს კომპეტენციების, შესაძლებლობების, ღირებულებების უნიკალურ ნაკრებს. როდესაც ჩვენ ვიწყებთ მუშაობას რომელიმე ორგანიზაციასთან, უპირველეს ყოვლისა, ვსწავლობთ, ვაფასებთ ამ უნიკალობას, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ  შეთავაზებული სერვისი მთლიანად იყოს მორგებული ორგანიზაციულ კულტურას, კონტექსტს, ორგანიზაციულ  საჭიროებებს.

ჩვენი სერვისი არ არის მომართული ე.წ. Best practice-ის  დუბლირებაზე.  სწორედ ამიტომ  ჩვენი სერვისების დიდი ნაწილი ინტეგრირებულია ორგანიზაციულ კვლევასთან, უფრო ზუსტად, იწყება კვლევით, შეფასებით რაც ორგანიზაციაში არსებული ვითარების აუდიტის საუკეთესო საშუალებაა. კომპლექსური ორგანიზაციული კვლევები მრავლდონიანი ანალიზით (ინდივიდის დონე, ჯგუფური კომპოზიციის დონე და ორგანიზაციული  დონე)   ჩვენი გამორჩეული სერვისია.

PMC-ს ასევე გამორჩეული სერვისია პროფესიული დასაქმების ორიგინალური ტესტების შექმნა დამკვეთისათვის ექსკლუზიური გამოყენების უფლებით, ჩვენ ვქმნით შეფასების ინსტრუმენტებს კონკრეტული ორგანიზაციისთვის…  ამ ტიპის ტესტები (GATB,  EAT, DAT და სხვ.) ფართოდ გამოიყენება მთელ მსოფლიოში აპლიკანტთა პირველადი შეფასებისთვის. ჩვენი სერვისი მოიცავს სხვადასხვა ფორმატის ტესტების შექმნას, მათ შორისაა ინტელექტუალური უნარების ტესტი,  მენეჯერული უნარების ტესტი, საკანცელარიო უნარების ტესტი, მექანიკური უნარების ტესტი,  სივრცითი უნარების ტესტი და სხვ.

ჩვენ გაკეთებული გვაქვს საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებული შეფასების არაერთი ინსტრუმენტის ადაპტაცია.

PMC-ში მუშაობენ პროფესიონალები, რომელთაც გავლილი აქვთ ტრენინგები მსოფლიოს მსხვილ ორგანიზაციებში (ETS, CITO, NITE და სხვ.,) და  აქვთ უნიკალური ცოდნა და დიდი პრაქტიკული გამოცდილება  ამ სფეროში.

უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ჩვენი ერთ-ერთი სერვისი – კარიერული  შეფასება და კონსულტირება. ძალიან მალე ამ მიმართულებით ჩვენ დავიწყებთ ახალი პროექტის განხორცილებას, რომელიც მთლიანად ორიენტირებული იქნება პროფესიის არჩევასა და კარიერის დაგეგმვაში ახალგაზრდების მხარდაჭერაზე.

გამორჩეული და კომპლექსური სერვისია  HRM სისტემის აუდიტი,  რომელიც მოიცავს ადამიანური რესურსის მართვის სფეროში არსებული ვითარების  კომპლექსურ შეფასებასა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას; ორგანიზაციებს, ასევე, ვთავაზობთ ორგანიზაციული სტრუქტურის რედიზაინს, სტრუქტურული ერთეულების დებულებებისა და თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავებას; კონკრეტულ HRM მოდულებზე ორიენტირებულ სერვისებს, როგორებიცაა:

  • პერსონალის შერჩევის პროცესის მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა;
  • შესრულებული სამუშაოს შეფასების სიტემის შემუშავება და დანერგვა;
  • სამოტივაციო პოლიტიკის შემუშავება (არსებული პრაქტიკის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება);
  • ტრენინგი და განვითარება (მოიცავს ტრენინგებს  HRM-ის სხვადასხვა მოდულში: კომუნიკაციური და გუნდური მუშაობის ტრენინგები, ტრენინგი ტესტის შექმნის მეთოდოლოგიაში და სხვა);
  • პროგრამების/პროექტების  საჭიროების ანალიზი, მონიტორინგი და ეფექტიანობის შეფასება;
  • ორგანიზაციული ცვლილებების დაგეგმვა და/ან  მხარდაჭერა და სხვა.

HR hub: თქვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა კვლევები. ძირითადად რა სახის კვლევებია ყველაზე მოთხოვნადი?

ორგანიზაციაში არსებული ვითარების დიაგნოსტიკა და  იმის დაგეგმვა, თუ როგორ გამოვასწოროთ და გადავწყვიტოთ კვლევით გამოვლენილი პრობლემები, ჩვეულებრივ, საინტერესოა ორგანიზაციის მენეჯმენტისათვის. ასეთი კვლევის საფუძველზე ვამუშავებთ პერსონალის მოტივირების, შრომითი კმაყოფილების და ორგანიზაციული ვალდებულების გაზრდის პროგრამებს, პროფესიული სტრესის პროფილაქტიკის ორგანიზაციულ პროგრამებს, პერსონალის მართვასთან დაკავშირებულ  სხვა რეკომენდაციებს.

PMC-ი   ორგანიზაციებს სთავაზობს თანამედროვე, ადაპტირებული  ინსტრუმენტების გამოყენებით  შეაფასონ ორგანიზაციაში დასაქმებული პერსონალის შრომითი კმაყოფილებისა და ორგანიზაციული ერთგულების დონე, შეისწავლონ  ორგანიზაციული კულტურა და მისი გავლენა თანამშრომელთა შრომით განწყობებსა და შრომით ეთიკაზე (ინდივიდის დონე), ჯგუფურ მუშაობაზე, თანამშრომლობაზე, ჯგუფის კოორდინირებულობაზე (ჯგუფის დონე), მომსახურების ხარისხზე, კლიენტთა კმაყოფილებაზე, გაყიდვების მაჩვენებელზე (ორგანიზაციული დონე).

PMC  ორგანიზაციებს, ასევე, სთავაზობს შეაფასონ  სამუშაო სტრესის დონე და მისი გამოწვევი ორგანიზაციული ფაქტორები, თანამშრომელთა მიერ ორგანიზაციული პროცესებისა და პროცედურების სამართლიანობის სუბიექტური აღქმები და მათი ორგანიზაციული შედეგები (კმაყოფილება, ერთგულება, პროდუქტიულობა….), პროდუქტული და კონტრპროდუქტული ქცევები ორგანიზაციაში და მათი გამომწვევი მიზეზები…

ვფიქრობთ ორგანიზაციებს განსაკუთრებით დააინტერესებთ ჩვენი შედარებით ახალი სერვისები: ორგანიზაციის რეპუტაციის შეფასება და  სხვადასხვა ტიპის პროგრამების ემპირიული (კვლევაზე დაფუძნებული) შეფასება, რომელიც მოიცავს პროექტის საჭიროებების ანალიზს, მიმდინარე პროექტის მონიტორინგსა და პროექტის ეფექტიანობის შეფასებას.

HR hub: ბაზარზე უამრავი საკონსულტაციო კომპანიაა, რატომ უნდა გააკეთონ არჩევანი თქვენზე?

ჩვენ უკვე 18 წელია ამ ბაზარზე ვართ. ამის წინაპირობა ჩვენი გაკეთებული საქმე, ჩვენი პროფესიონალური სერვისები  და  საქმიანი ეთიკაა.

ჩვენი HRM სერვისები, დინამიურად განვითარებადი სამეცნიერო დისციპლინისა და გამოყენებითი ფსიქოლოგიის დარგის – შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის – უახლეს მიღწევებსა და კვლევით მონაცემებს ეფუძნება; ცენტრი იყენებს თავის საქმიანობაში თანამედროვე სამეცნიერო მეთოდოლოგიას – სანდო, ვალიდურ და საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებულ მეთოდებს.

PMC პროფესიონალთა გუნდია, რომელთაც უნიკალური პრაქტიკული გამოცდილების გარდა, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სფეროში სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება აქვთ. სამეცნიერო ცოდნის, აკადემიურობისა და პრაქტიკული გამოცდილების ერთიანობა გამორჩეულს ხდის ამ ორგანიზაციას. ჩვენ არასოდეს დაგვირღვევია პროფესიონალური ეთიკა, იმისთვის რომ  დამატებითი შეკვეთა მიგვეღო. ჩვენ იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ზოგიერთი ჩვენი სერვისი სულაც არ არის „მასობრივი“; თუმცა ახლა რომ ვიხსენებ, 18 წლის წინ ბევრი რამ, რასაც  PMC აკეთებდა მხოლოდ ერთეულებისთვის, ახალგაზრდა, პროფესიონალი მენეჯერებისთვის  იყო საინტერესო… ასეთები კი მაშინ ცოტანი იყვნენ…  მე იმედი მაქვს, რომ მალე, ასევე, „მასობრივი“ გახდება და ორგანიზაციების ინტერესის ფოკუსში მოექცევა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: თანამშრომლის ხმა, სამოქალაქო ორგანიზაციული ქცევა, იმედი და პოზიტიური ურთიერთობები ორგანიზაციაში, სამუშაო-ოჯახის/ცხოვრების ფასილიტაცია, თანამშრომელთა კეთილდღეობა და სხვა.

ჩვენ შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგები ვართ და ეს პლატფორმა გვეხმარება განსხვავებული პერსპექტივიდან შევხედოთ ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესებს, შევიმუშავოთ HR სრვისების განვითარების სისტემური ხედვა, რომელიც დაეხმარება დაინტერესებულ ორგანიზაციებს ადამიანური კაპიტალის შექმნასა და ეფექტურ მართვაში.

HR hub: ვინ არიან თქვენი მომხმარებლები?

კერძო და საჯარო სექტორში დღეს არსებული ყველა მნიშვნელოვანი ორგანიზაცია სხვადსხვა დროს იყო და/ან არის ჩვენი მომხმარებელი. ჩვენ სამუშაოები შეგვისრულებია არასამთავრობო სექტორისთვისაც. მაგალითად, ჩვენ წლების მანძილზე გვითანამშრომლია ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა საქართველოს ეროვნული ბანკი,  პარლამენტის აპარატი, თავდაცვის, ფინანსთა, სპორტისა და ახალგაზრდობის, ჯანდაცვის და სხვა სამინისტროები,  თი-ბი-სი ბანკი, ჯეოსელი, ბილაინი, საქართველოს ფოსტა  პე-ეს-პე, ორი ნაბიჯი, ნიკორა და სხვა მრავალი.

HR hub: ყველაზე მსხვილი და წარმატებული პროექტი, რომელზეც გიმუშავიათ?

PMC  მაქსიმალური პასუხისმგებლობით ეკიდება ყველა პროექტს. 2000 წლიდან ჩვენ გვქონდა ბევრი წარმატებული პროექტი. თუმცა ის, რაც დროის გარკვეულ მონაკვეთში წარმატებად მიგვაჩნდა, ახლა განვლილი ეტაპია;  ყოველი წარმატებული გამოცდილება ახალ გამოწვევებთან გამკლავების რესურსს გვძენდა; შესაბამისად, ჩვენი სერვისი სულ უფრო კომპლექსური და მაღალ სტანდრტზე ორიენტირებული ხდებოდა.

2001 წელს წარმატებულ პროექტად მივიჩნევდით საქართველოს ბანკისთვის გაკეთებულ კომპლექსურ კვლევას, რომელიც მოიცავდა  მომხმარებელთა განწყობებისა და ორგანიზაციის პერსონალის შრომითი განწყობებისა და ორგანიზაციული პროცესებისადმი დამოკიდებულების ერთიან სისტემაში გაანალიზებას, მომხმარებლის განწყობებსა და „ფრონტში“ მომუშავე თანამშრომლების განწყობებს შორის არსებული მიზეზშედეგობრივი კავშირების გაანალიზებას.

წარმატებული პროექტი იყო ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთვის სოციალური აგენტების შერჩევა, რომელიც გულისხმობდა ტესტის მომზადებას და 10 000 აპლიკანტის ტესტირების ადმინისტრირებას მთელი საქართველოს მასშტაბით.

იცით თუ არა, რომ აბიტურიენტთა შესარჩევად უნარების ტესტი პირველად  თავდაცვის აკადემიის დაკვეთით სწორედ PMC-მ შექმნა და ეს ტესტი თავდაცვის აკადემიამ გამოიყენა აბიტურიენტთა სელექციისთვის 2003 წელს.

ჩვენ განვახორცილეთ  პროექტები UNDP-ის, ევრაზიის, World Vision-და სხვა ფონდების  მხარდაჭერით. სხვადასხვა დროს სტრუქტურული ერთეულების დებულებები და თანამდებობრივი ინსტრუქციები მომზადებული გვაქვს ეროვნული ბანკისთვის და სხვა ბევრი ორგანიზაციისთვის – საბანკო სექტორიდან დაწყებული ტელევიზიებით დამთავრებული.  ჩვენ   გვქონდა საინტერესო პროექტები წარმოების სფეროშიც.

მიღწევაა ისიც, როდესაც ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი წლების განმავლობაში შენი დამკვეთია, შენ მიერ შემუშავებულ შეფასების ინსტრუმენტებს იყენებს აპლიკანტთა სელექციის პროცესში. PMC-ისა და TBC  ბანკის  თანამშრომლობის შედეგად, დღეს TBC ბანკს აქვს საქართველოში ყველაზე გამართული შეფასების სისტემა პერსონალის შერჩევისთვის, რომელიც  ეყრდნობა არა ე. წ. ნედლი ქულებით აპლიკანტთა შეფასებას, არამედ ქულათა კონვერტაციასა და სკალირების მეთოდოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ სამართლიანობასა და ობიექტურობას შეფასებაში.