საქართველოს პარლამენტში დღეს საჯარო და კერძო სექტორებს შორის საპენსიო რეფორმის შესახებ დიალოგი გაიმართა.
„საქართველოს კანონის პროექტი დაგროვებითი პენსიის შესახებ: უპირატესობები და გამოწვევები“ – ამ თემაზე შეხვედრა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ერთობლივი ორგანიზებით, USAID-ის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) მხარდაჭერით ჩატარდა და მასში პარლამენტარების გარდა მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და დარგის ექსპერტებმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო კანონპროექტის მთავარი პრინციპები და შინაარსი, ამასთან მან საქართველოს დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა. როგორც ეკატერინე მიქაბაძემ აღნიშნა, დღეს არსებული საპენსიო სისტემის შეცვლის საჭიროება ცალსახაა, მთავრობის მიერ მომზადებული საპენსიო რეფორმა კი ბოლო წლებში განხორციელებული უმნიშვნელოვანესი რეფორმა იქნება – წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნისთვის, როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური კუთხით.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, შეხვედრის მონაწილეთა ნაწილმა ისაუბრა იმ გამოწვევებსა და რისკებზე, რომლებიც შესაძლოა, თან ახლდეს საპენსიო რეფორმის განხორციელებას. მათ შეკითხვებს უპასუხეს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათი განცხადებით, ქვეყანა ამ ეტაპზე აუცილებლად უნდა გადავიდეს მრავალსვეტიან საპენსიო, კერძოდ, ე.წ. „მეორე სვეტის“ ანუ დაგროვებით საპენსიო სისტემაზე. პროექტის ავტორთა განცხადებით, საპენსიო რეფორმა სრულად და ადეკვატურად უპასუხებს ნებისმიერ გამოწვევას.
პარლამენტში გამართული დისკუსიის მონაწილეებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია დაგროვებითი საპენსიო სისტემისადმი საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულების შესახებ – „სოციალური კვლევის და ანალიზის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა იაგო კაჭკაჭიშვილმა მათ ამ მიზნით ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო. ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევის ფარგლებში ათასი რესპონდენტი გამოიკითხა, იაგო კაჭკაჭიშვილის ინფორმაციით, მათი უმრავლესობა პოზიტიურად უყურებს დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღების საკითხს.
წყარო: www.economy.ge