შრომის უსაფრთხოების საკითხი ქვეყანაში კვლავ აქტუალურია.
2018 წლის 7 მარტს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომლის მიზანია იმ ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპების განსაზღვრა, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას, დასაქმებულთა სწავლებას, მათთვის ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გაწევას და შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში დასაქმებულთა თანაბარ მონაწილეობას.
იმის გასარკვევად თუ, რა ცვლილებები შევა კანონში შრომის უსაფრთხოების შესახებ სექტემბრიდან, ვესაუბრეთ შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო ექსპერტსა და მრჩეველს, SafCo-ს დამფუძნებელს დავით თხელიძეს.
HR hub: შევიდა თუ არა დამატებითი რეგულაცია კანონში, შრომის უსაფრთხოების კუთხით, რაც ნებისმიერი ზომის კომპანიას ავალდებულებს კომპანიაში ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ან შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური?
ამჟამად შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოთხოვნა კანონის შესაბამისად ვრცელდება მხოლოდ მძიმე, მავნე და მომეტებული საფრთხის მქონე ბიზნესებში.
მაგალითად: მშენებლობები, ქიმიური ნივთიერებები საწარმოები, შახტები, ქვა-სატეხი საამქროები, მეტალურგია და სხვა….
HR hub: უფრო რომ დავაკონკრეტოთ როგორ კომპანიებს ექნებათ ვალდებულება აუცილებლად ჰყავდეთ შრომის ინსპექტორები ან ჰქონდეთ შესაბამისი სამსახური?
2019 წლის სექტემბრიდან ყველა ეკონომიკური საქმიანობის სექტორში მოითხოვება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ყოლა. მაგალითად ოფისები, სადალაქოები, ავტო-სერვისები, გასართობი ცენტრები, სამედიცინო სექტორი და ყველა ვისი საქმიანობაც ეკონომიკურ სექტორში მოიაზრება.
HR hub: შეიძლება თუ არა არსებულმა თანამშრომელმა შეითავსოს ეს ფუნქცია და პარალელურად სხვა საქმიანობასაც ეწეოდეს კომპანიაში?
შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ 20 ან 20-ზე ნაკლები თანამშრომელი გყავთ. (აკრედიტირებული პროგრამის გავლა და სერტიფიკატის აღება სავალდებულოა).
კომპანიებს უფლება აქვთ მოიწვიონ გარე ,,საკონსულტაციო’’ კომპანიები და out source –ზე გაიტანონ ეს მომსახურება.
HR hub: როგორ განისაზღვრება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების რაოდენობა კომპანიებში?
ა) თუ კომპანიას ჰყავს 20-ზე მეტი თანამშრომელი (20-დან 100-მდე) – მოითხოვება მინიმუმ ერთი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი;
ბ) თუ კომპანიას ჰყავს 100-ზე მეტი დასაქმებული – მოითხოვება შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი (მინიმუმ 2 ადამიანი), ანუ სტრუქტურული ერთეული;
გ) თუ კომპანიას ჰყავს 20-ზე ნაკლები დასაქმებული, თავად დირექტორს ან მოადგილეს, ან სხვა დელეგირებულ თანამშრომელს შეუძლია შეითავსოს შრომის უსაფრთხოების მართვა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ნებისმიერ შემთხვევაში შრომის უსაფრთხოების წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს აკრედიტირებული კურსი გავლილი და შესაბამისი სერტიფიკატი, რაც ადასტურებს მის მზაობას ამ თანამდებობისთვის. (აკრედიტირებული კურსების მწარმოებელი ცენტრები ავტორიზებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის საიტზე ან ფეისბუქ გვერდზე). აკრედიტირებული პროგრამები არის ადგილობრივი და ასევე საერთაშორისო, საფკო აწარმოებს საერთაშორისო კურსებს ამ მიმართულებით, ბრიტანული ორგანიზაციის კურსს – IOSH (Managing Safely) ქართულ ენაზე. (თავად შრომის ინსპექციის მთელ დეპარტამენტს ჩვენთან აქვს სერტიფიცირება გაკეთებული).
HR hub: როდის შევა ცვლილება ძალაში აღნიშნულ კანონში?
ყველა ეკონომიკურ საქმიანობაზე მოთხოვნა შრომის უსაფრთხოების წარმომადგენლის, შევა 2019 წლის 1 სექტემბრიდან.
HR hub: თუ კომპანიამ ვერ შეასრულა ეს მოთხოვნა, სანქციები გარდაუვალია, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კომპანიის სახსრების ბრუნვის და სხვა ფინანსური კრიტერიუმების გათვალისწინებით.
თუ კომპანიამ ვერ შეასრულა ეს მოთხოვნა, სანქციები გარდაუვალია, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კომპანიის სახსრების ბრუნვის და სხვა ფინანსური კრიტერიუმების გათვალისწინებით.