შემოგვიერთდით

როგორ გავარჩიოთ გაყალბებული რეზიუმე ნამდვილისგან

ალბათ სამსახურის ძებნისას, ცხოვრებაში ერთხელ მაინც,  ყველას შეგვილამაზებია საკუთარი რეზიუმე. HR მენეჯერები აღნიშნულ, თითქმის შაბლონად ქცეულ ტყუილებს უკვე კარგა ხანია მიეჩვივნენ და სიმართლის გარჩევა ლამაზი ისტორიისგან სულაც არ უჭირთ.

მაგალითად, 2017 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ავსტრალიური კომპანიების წარმომადგენლების 68% მაშინვე უარყოფს აპლიკანტს, რომლის რეზიუმეში თუნდაც მიზერულ სიყალბეს აღმოაჩენენ. პროფესიონალი რეკრუტერის, რობერტ ჰალფის(Robert Half) ხელმძღვანელობით ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა ის დეტალები, რომლებსაც სამსახურის მაძიებელი ადამიანები ყველაზე მეტად აყალბებენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, ტყუილბის 60% წინა სამუშაო გამოცდილებას ეხება, კანდიდატები იგონებენ ისეთი ტიპის ტყუილებს, რომელთა შემოწმება, მათი აზრით, HR-ს გაუჭირდება, ან დაეზარება.

თანაბრად 48-48% მონდომებით აყალბებს საკუთარ განათლებასა და ტექნიკური-პროფესიულ უნარ-ჩვევებს. ქართულ რეალობაში ეს ძალიან ცალსახაა – თითქმის ყველა კანდიდატის რეზიუმეში შეგიძლიათ ამოიკითხოთ Microsoft Office პროგრამების უმაღლეს დონეზე ფლობის გარანტია, რომ აღარაფერი ვთქვათ ინგლისურ ენაზე.

ამას მოჰყვება სერტიფიკატების, პროექტ მენეჯმენტის, ლიდერული უნარებისა და მსგავსი ტიპის რწმუნებები, რომელთაც დოკუმენტური გაყალბება იმდენად არ სჭირდებათ, რაც კანდიდატებს სავარაუდოდ აფიქრებინებს, რომ HR მათ უბრალოდ სიტყვაზე ენდობა.

მიუხედავად იმისა, რომ არცერთი პროფესიონალი HR ამ მახეებზე ისედაც არ უნდა ეგებოდეს, ჩვენ მაინც გთავაზობთ გზებს, რომლის მიხედვითაც გაყალბებულ რეზიუმეს ადვილად ამოიცნობთ და სათანადო ადგილს მიუჩენთ:

  1. გაბერილი როლები

როგორც უკვე ვთქვით, ყველაზე მეტად კანდიდატები საკუთარ სამუშაო გამოცდილებას აყალბებენ. ისინი იგონებენ ისეთ სამუშაო გამოცდილებას და კომპანიების დასახელებებს, რომლებიც მათი აზრით, ამ კონკრეტულ სამსახურს სჭირდება და ცდილობენ ამით თავი მოგაწონონ. თქვენ, საპირისპიროდ, უნდა დააკვირდეთ მათ მიერ ჩამოთვლილ როლებს, რომლების შესრულებაც წინა სამსახურში უწევდათ. სიყალბის შემთხვევაში, ეს ჩამონათვალი ძალიან ბუნდოვანი, არაადეკვატური ან შესაძლოა, ურთიერთგამომრიცხავი ფუნქციებისგანაც კი შედგებოდეს, რასაც გამოცდილი HR-ის თვალი ადვილად შენიშნავს.

  1. საეჭვო თარიღები

ხშირ შემთხვევაში, „მოხერხებული“ კანდიდატები ფიქრობენ, რომ ყალბი ინფორმაციის მაქსიმალური დაკონკრეტებით თქვენ უფრო მეტად დაგარწმუნებენ მათ ავთენტურობაში. ამისთვის ისინი ძალიან მარტივ ხერხს მიმართავენ – ავსებენ ყველა შესაძლო თარიღს, რასაც კი შეიძლება რეზიუმე მოითხოვდეს. მაგალითად, ისინი წერენ, რომ იმუშავეს ამა თუ იმ კომპანიაში 2012-2015 წლებში, გაიარეს სტაჟირება 2010-2011 წლებში და ა.შ. თუმცა, ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ წლებს მოიცავს გარკვეულ ეჭვებს ბადებს. როგორ შეიძლება ადამიანმა იმუშავოს ზუსტად დამრგვალებული თარიღებით, ან თუ არა, რატომ არ უნდა მიუთითოს თარიღი თვეების ჩათვლით, როგორც ზოგადადაა გავრცელებული? სწორედ ესაა ის ნიშანი, რითაც მატყუარების გამოჭერა შეგიძლიათ – თარიღების სიზუსტე.

  1. განათლების ხარისხის სიზუსტე

განათლების სფერო ერთ-ერთი ყველაზე ადვილი სამანიპულაციო ადგილია რეზიუმეში. კანდიდატები ხშირად წერენ ძალიან მომხიბლავი უნივერსიტეტებისა თუ კურსების დასახელებებს თქვეზე შთაბეჭდილების მოსახდენად, მაგრამ როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, ისინი ხშირად საჭიროდ არ მიიჩნევენ, ან უბრალოდ არ იციან, კურსის სრული დასახელება. მაგალითად, იმის გამო, რომ ადამიანმა მიუთითოს „ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი“, ხშირად წერს ისეთ ხარისხებს, როგორიცაა „ბიზნესის უმაღლესი განათლება“, ან უბრალოდ „ბიზნესის ბაკალავრი“. კონკრეტიკის დონის მიხედვით ადვილად შეგიძლიათ გამოიცნოთ, რამდენად საეჭვოა ამა თუ იმ კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაში, გადაამოწმოთ.

რატი წიკლაური

წყარო: www.humanresourcestoday.com