შემოგვიერთდით

როგორ დავეხმაროთ ჩვენს თანამშრომლებს საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენაში?

მიუხედავად იმისა, რომ HR მენეჯმენტი მრავალი განსხვავებული ფუნქციით გამოირჩევა, ყველა შევთანხმდებით, რომ ადამიანური რესურსების სწორი მართვა, პირველ რიგში, თანამშრომლის პოტენციალისა და ტალანტის აღმოჩენას და სწორი გეზის მიცემას ნიშნავს. მეორე მხრივ, ჩვენი თანამშრომლებისთვის ყოველი კარიერული ნაბიჯის წინასწარ გაწერა, მითითებებით შეწუხება და კონტროლი მათ ნამდვილ ლიდერებად ვერ აქცევს. ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერების მთავარი როლი მხოლოდ დახმარება და გზის ჩვენება უნდა იყოს, ხოლო თვითრეალიზების რთული პერიოდი ჩვენმა თანამშრომლებმა თავად უნდა განვლონ.

თუ ოდესმე შეხვედრიხართ ადამიანს, რომელსაც თქვენზე საოცარი შთაბეჭდილება მოუხდენია და გითქვამთ, რომ ეს ადამიანი იდუმალი შინაგანი ძალის მატარებელია, მაშინ თქვენ გესმით, რას ნიშნავს, თვითრეალიზაციით მიღწეული შინაგანი მუხტი.

„როდესაც ერთ-ერთი დიდი კომპანიისათვის კორპორატიულ პოზიციაზე ვმუშაობდი, შინაგანი მუხტის მატარებელი ადამიანები საკმაოდ დიდი იშვიათობა იყო, მაგრამ როცა ვინმე ასეთს შევხვდებოდი, მაშინვე ვგრძნობდი, რომ ეს თვისება განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანზე“ – აცხადებს People Reaching Potential-ის მთავარი HR დირექტორი, სარა დერი(Sarah Derry).

HR-ებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტალანტის არსებობა ყურადღების მიღმა არ დარჩეს – შინაგან ნაპერწკალსა და პოტენციალს განსხვავებული მოვლა და პატრონობა ესაჭიროება, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, HR-მა გზამკვლევის როლი უფრო უნდა ითამაშოს, ვიდრე მასწავლებლის.

„თქვენი როლი HR მენეჯმენტში ამგვარი ტალანტის აღმოჩენაა. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებამ უნდა შექმნას ისეთი კორპორატიული კულტურა, სადაც მენეჯერებს, ლიდერებსა თუ ქვედა რგოლში მომუშავე ადამიანებს, თანაბრად ეძლევათ თვითრეალიზების საშუალება. მეტიც, HR მენეჯერი რეალიზების მთავარი ინიციატორი უნდა იყოს“ – აცხადებს დერი.

თანამშრომლებს სურთ, რომ თავი უნიკალურად იგრძნონ და შესაბამისად, განსაკუთრებულ და სხვებისაგან განსხვავებულ მოპყრობას ითხოვენ, რაც სავსებით ბუნებრივი და ადამიანურია. აქედან გამომდინარე, HR პროფესიონალი არა მხოლოდ გავრცელებული შაბლონური გზებით უნდა სარგებლობდეს ტალანტის განვითარებისას, არამედ იკვლევდეს იმ უნიკალურ ხასიათის თვისებებს, რომელიც თითოეულ ადამიანში მოიძებნება. მხოლოდ ამგვარი ინდივიდუალური მიდგომის საშუალებით მოახერხებთ თქვენი დაქირავებულების ტალანტის სრულ რეალიზებას.

„ხშირად ადამიანებმა გააზრებულად არც კი იციან, რომ ამა თუ იმ განსაკუთრებულ თვისებასა თუ ტალანტს ფლობენ. თუ თქვენ მიხვალთ მათთან და აუხსნით, რომ ამ კონკრეტულ საქმეს ისინი გენიალურად აკეთებენ, ფაქტობრივად მათ თვითშეფასებასა და თავდაჯერებულობას გაზრდით, რაც სწორედ ზემოხსენებული შინაგანი მუხტის გაღვივებამდე მიგიყვანთ.“ – აცხადებს ექსპერტი.

რატი წიკლაური

წყარო: www.hcamag.com