შემოგვიერთდით

რამდენად კომფორტულია ჩვენი სამუშაო გარემო და რა გავლენას ახდენს ის თანამშრომლებზე?

ბოლო დროს ჩატარებული კვლევების მიხედვით, დაქირავებულთა 43% არ გრძნობს თავს კომფორტულად საკუთარ სამუშაო ადგილზე, აცხადებს თანამშრომელთა კმაყოფილების შეფასების ცენტრი Leesman. აღნიშნული კომპანია კვლევებს ჯერ კიდევ 2010 წლიდან მოყოლებული ატარებს და ამჟამად გამოკითხულია 276 422 თანამშრომელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. უფრო კონკრეტულად, აღნიშნული  კვლევა მოიცავს 2160 კომპანიას 67 ქვეყანაში.

როგორც აღმოჩნდა, ადამიანების მხოლოდ 57% მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილი მათ ეხმარებათ იყვნენ პროდუქტიულები და თავი იგრძნონ კომფორტულად, მაშინ როცა 43% საპირისპიროს აცხადებს, საიდანაც 15%-ს საერთოდაც არ გააჩნია ცალსახა მოსაზრება.

„ჩვენი სამუშაო ადგილები განსაკუთრებულ როლს თამაშობს კომპანიის საქმიანობაში. ერთი მხრივ, სამუშაო სივრცე შეიძლება იყოს მხოლოდ დაბრკოლებებისა და დისკომფორტის შემქმენილი ფაქტორი, რამაც საბოლოოდ თანამშრომელთა გადინება გამოიწვიოს, ან მეორე მხრივ, წარმოადგენდეს პროდუქტიულობისა და კმაყოფილების კატალიზატორს ყოველდღიური საქმიანობის შემსრულებლებისთვის, ბიზნესის კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად.“ – აცხადებს Leesman-ის განვითარების დირექტორი პეგი როთი(Peggie Roth).

საქმე ისაა, რომ ძალიან ბევრი კომპანია სამუშაო ადგილს წარმატებისა და პროდუქტიულობის ფაქტორად საერთოდ არ აღიქვამს. ქართულ რეალობაში ძალიან ბევრია ისეთი ორგანიზაცია, სადაც სამუშაო სივრცესთან დაკავშირებულ პროდუქტიულობის იდეას სერიოზულად არც აღიქვამენ. მიუხედავად ამისა, რამ, თუ არა 21-ე საუკუნემ და ვინ, თუ არა მილენიალებმა, გვასწავლეს, რომ თანამშრომლების კმაყოფილების იგნორირებას უარყოფითი შედეგების მოტანა შეუძლია.

კვლევის შედეგად დადგინდა ასევე ის ფაქტორები, რომლებიც სამუშაო ადგილის შემაფერხებელ როლს უსვამდა ხაზს. მაგალითად, მიუხედავად გავრცელებული სტერეოტიპისა, რომ ღია სივრცე ნებისმიერ შემთხვევაში ოპტიმალური ვარიანტია და გუნდურობას თუ ინფორმაციის მიმოცვლას უწყობს ხელს, არცთუ მართალი აღმოჩნდა. ადამიანები ძირითადად ჩიოდნენ ზედმეტი ხმაურის, პირადი სივრცის ნაკლებობისა და პერსონალიზაციის შეუძლებლობის გამო. ხოლო ეს მინუსები სწორედაც რომ ღია სივრცეს ახასიათებს.

კვლევის ავტორების რჩევით, ორგანიზაციებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ იმ თანამშრომლების სურვილებს, რომლებიც უფრო კომპლექსურად არიან ჩართულნი კომპანიის საქმიანობაში, მეტი ფუნქცია, როლი და გავლენა აქვთ მის მომავალზე. როგორც გაირკვა, ეს ჯგუფი დაახლოებით 35-45 წლის თანამშრომლებისგან შედგება, რომელთა სამუშაო გარემო ყველაზე კარგად ასახავს კომპანიის ძირითად საქმიანობას. მაგალითად, 20-22 წლის სტაჟიორისთვის სამუშაო გარემოს პერსონალიზაცია შეიძლება ამდენად მნიშვნელოვანი არ გახლდეთ.

მიუხედავად ორგანიზაციების სურვილისა და ინვესტიციებისა, ცვლილება ყოველთვის საფრთხილო თემაა. კვლევის ორგანიზატორები კომპანიებს აფრთხილებენ, რომ სამუშაო ადგილის შეცვლის, თანამშრომლებზე მორგებისა და პერსონალიზების სურვილი და მასში ფულადი ინვესტიციები შესაძლოა, საკმარისი არ აღმოჩნდეს, ან საპირისპირო შედეგიც კი იქონიოს. საქმე ისაა, რომ 145 ბიზნესიდან, რომელთაც სამუშაო გარემოსთან დაკავშირებით აქტიური ცვლილებები განახორციელეს, მხოლოდ 30% აღნიშნავს ხელშესახები ცვლილებების არსებობას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგად გვესმოდეს როგორც კომპანიის მუშაობის სპეციფიკა, ყოველდღიურობა, ასევე თანამშრომლების მიდრეკილებები, სანამ უშუალოდ ცვლილების განხორციელებაზე გადავალთ. პეგი როთი HR მენეჯერებს ამ საქმის საკუთარ თავზე აღებას ურჩევს. მათ უნდა გაარკვიონ რა მუშაობს დღეს და რა იმუშავებს ხვალ, იყვნენ კოლაბორაციულები, ჰქონდეთ აქტიური, ინდივიდუალური კომუნიკაცია გუნდთან და იცოდნენ მათი სურილების შესახებ.

რატი წიკლაური

წყარო: www.hrmagazine.co.uk