შემოგვიერთდით

რატომ არის მნიშვნელოვანი საწარმოო ინციდენტების კლასიფიცირება, მოკვლევა და ანგარიშგება?

შრომის უსაფრთხოების თემა კვლავ აქტუალურია და უფრო და უფრო იზრდება ინტერესი ამ საკითხის მიმართ.

საწარმოო ინციდენტების კლასიფიცირება, ანგარიშგება და მოკვლევა არის შრომის უსაფრთხოების მმართველობითი ციკლის ერთ-ერთი უმთავრესი  და განუყოფელი კომპონენტი. ორგანიზაციაში ამ პროცესის არქონა ან გაუმართაობა კანონდარღვევა და ხშირი საწარმოო ინციდენტების საწინდარია.

რატომღაც დღევანდელ რეალობაში, ბიზნესში საწარმოო ინციდენტების აღიარებას, აღრიცხვას და მოკვლევას არ აქცევენ ყურადღებას და თვლიან, რომ ამის დამალვით კომპანიის რეპუტაციას უფრთხილდებიან. ინციდენტის მოხდენის შემთხვევაში კომპანიები ცდილობენ არ გაახმაურონ, არ აღრიცხონ და არც გაერკვნენ რეალურ გამომწვევ მიზეზებში. დაფარულად, მიკერძოებითი პრაქტიკით ხდება დაზარალებულის (თუ ასეთი არსებობს) სხვადასხვა მეთოდებით ,,დაკმაყოფილება’’ და საბოლოო ჯამში მთელი მოკვლევის პროცესის აცილება. ორგანიზაციები არ უღრმავდებიან ინციდენტის ძირეულ და სისტემურ გამომწვევ მიზეზებს, ჩქარობენ დასკვნების გამოტანას და ხშირია ინციდენტის ეგრეთწოდებულ „უბედურ, გარდაუვალ“ მოვლენად შერაცხვა ან მხოლოდ დასაქმებულების ბრალეულობის გამოკვეთა. რეალობაში კი თითქმის ყველა საწარმოო ინციდენტს აქვს მრავალი სისტემური გამომწვევი მიზეზი, რომელთა იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის გარეშე მსგავსი ინციდენტების განმეორება გარდაუვალია.

დღევანდელი კანონმდებლობა – ბრძანება №01-11/ნ ,,სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვის წესის და ფორმის, მოკვლევის პროცედურებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე’’ პირდაპირ გვავალდებულებს საწარმოო ინციდენტების კლასიფიცირებას, მის აღრიცხვას და მოკვლევას. ინციდენტების კლასიფიცირება მნიშვნელოვანი ეტაპია, უნდა განისაზღვროს ინციდენტის ტიპი და უნდა ჩატარდეს შესაბამისი მოკვლევა.

შრომის უსაფრთხოების სფეროში ასევე არსებობს არშემდგარი უბედური შემთხვევის ცნება, რომლებსაც ზოგჯერ ,,ნაჩუქარ ინციდენტსაც’’ უწოდებენ. „არშემდგარი უბედური შემთხვევა“ ეწოდება იმ დაუგეგმავ მოვლენას (ინციდენტს), რის შედეგადაც ზიანი, ზარალი ან ჯანმრთელობის დაზიანება არ დამდგარა, მაგრამ მცირედით განსხვავებულ პირობებში ეს შეიძლება მომხდარიყო. ამ დროს გვეძლევა საშუალება ვაწარმოოთ ამ შემთხვევის მოკვლევა და გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები. ეს არის საუკეთესო საშუალება თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევების მომავალში განმეორება.

ორგანიზაციები ასევე ვალდებულნი არიან ინციდენტები მოიკვლიონ შესაბამისი წესით და მეთოდოლოგიით, რომელიც მოცემულია ზემოთ მითითებულ ბრძანებაში; გამოკვეთონ უშუალო და სისტემური მიზეზები; შეიმუშაონ სასწავლო გაკვეთილები, რეკომენდაციები და გამოსასწორებელი დავალებები და გაუზიარონ ისინი მთელს კოლექტივს და თუნდაც მათი ინდუსტრიის წარმომადგენელ სხვა კომპანიებს.

„საფკო“ ურჩევს საფრთხის შემცველი ინდუსტრიების ყველა წარმომადგენელს, საწარმოებს თუ დეველოპერულ კომპანიებს, რაც შეიძლება მეტად გამჭვირვალე გახადონ ინციდენტების აღრიცხვა და ანგარიშგება. არ დაადანაშაულონ ადამიანები და არ აიღონ ორიენტირი დასაქმებულთა დასჯაზე. ასეთი პრაქტიკის დროს  ვერ მოხერხდება სანდო და უსაფრთხო კულტურის დანერგვა კომპანიაში და დასაქმებულები ინციდენტებს (განსაკუთრებით არშემდგარ უბედურ შემთხვევებს) ყოველთვის დამალავენ, იმის შიშით, რომ მათ დაადანაშაულებენ და დასჯიან.

ინციდენტების მოკვლევა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ გამოვლინდეს ხარვეზები, მოხდეს ამ ხარვეზების დამუშავება და აღმოფხვრა, რაც მოგვცემს საშუალებას მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ინციდენტები. გააკეთეთ უსაფრთხოების სტენდები თქვენს სამუშაო სივრცეში, სადაც განათავსებთ ინციდენტების მოკვლევის შედეგებს; ფოტოებს შემთხვევის ადგილიდან; სასწავლო გაკვეთილებს; რეკომენდაციებს და ა.შ. საშუალება მიეცით ყველა თანამშრომელს თვალნათლივ ნახოს და გააანალიზოს მომხდარი ინციდენტები.

ინციდენტები უნდა მოიკვლიოს კვალიფიციურმა და განსწავლულმა პირებმა. “საფკო“-ს კონსულტანტები სწორედ ამ მეთოდოლოგიას ნერგავენ მათ კონტრაქტორ კომპანიებში.  ასევე, ამ მეთოდოლოგიას ასწავლის საერთაშორისო კურსი IOSH – Managing Safely (მართე უსაფრთხოდ), რომელსაც ჩვენი კომპანია უკვე წელიწადზე მეტია ქართულ ენაზე ატარებს. ასეთივე მიდგომას გვავალდებულებს კანონიც ინციდენტების მოკვლევის და ანგარიშგების მიზნით.

სტატიაზე იმუშავა შრომის უსაფრთხოების კომპანია ,,საფკო”-ს თანადამფუძნებელმა, საერთაშორისო ექსპერტმა თორნიკე თოდრიამ.