სოფო ჭუმბურიძე უკვე 12 წელია, რაც საერთშორისო კომპანია British American Tobacco – ს HR დეპარტამენტის ხელმძღვანელია კავკასიასა და მოლდოვაში. HR hub ესაუბრა სოფოს მის განვლილ კარიერასა და სამომავლო გეგმებზე. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
HR hub: როგორ დაიწყო თქვენი და BAT-ის თანამშრომლობა 12 წლის წინ?
British American Tobacco-ს შესახებ შემთხვევით შევიტყვე. იმ მომენტისათვის საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობდი თავს ჩემს იმჟამინდელ დამსაქმებელთან და არ ვფიქრობდი სამსახურის შეცვლაზე. თუმცა, ჩემი განწყობა მკვეთრად შეიცვალა მას მერე რაც BAT-ს ვებ გვერდს გადავავლე თვალი. კომპანია 100 წლიანი ტრადიციით, ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო კომპანია ამ სფეროში, უკვე თავის თავად გასაოცარი იყო. რამაც განსაკუთრებით მომხიბლა იყო გვერდი, რომელიც ეთმობოდა კომპანიის როგორც დამსაქმებლის ღირებულებებს, საუკუნის მანძილზე აშენებულ მემკვიდრეობას, დამსაქმებლის რეპუტაციას, თანამშრომლებთან დაკავშირებული პრაქტიკებისა და მეთოდების სრულყოფილებას. 12 წლის წინ ადამიანური რესურსების სფეროში მომუშავე ადამიანისთვის უკეთესი სკოლის წარმოდგენა შეუძლებელი იყო. შესაბამისად ჩემი იმჟამინდელი განყოფილების ხელმძღვენელის პოზიცია ბანკში სიხარულით გავცვალე BAT-ში HR-ის დამწყები სპეციალისტის როლზე. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება.
HR hub: თუ გახსოვთ თქვენი პირველი სამუშაო დღე BAT-ში?
პირველი ერთი კვირა გამიჭირდა კომპანიის მასშტაბთან შეგუება. ბანკში 1200 თანამშრომლის ერთ -ერთი მთავარი საკონტაქტო პირი ვიყავი და ჩემი ტელეფონის ზარი წამით არ წყდებოდა. BAT საქართველოს ოფისში, რომელშიც სულ რაღაც 30-მდე თანამშრომელი მუშაობდა, საოცარი სიმშვიდის შეგრძნება მქონდა. გამაოცა იმ ფაქტმა რომ რა ძალისხმევასაც 1200 თანამშრომელს ვახმარდი, იმაზე მეტი ძალისხმევა დამჭირდა იმისათვის, რომ პირველ რიგში მესწავლა საერთაშორისო სტანდარტის ადამიანური რესურსების დისციპლინები და პრაქტიკები და შემდეგ წარმატებით გადამეტანა შეძენილი ცოდნა ამ 30 ადამიანის სამსახურში. გამაოცა პროცესების რაოდენობამ და სიღრმისეულმა ხასიათმა, რაც თითოეული თანამშრომლის მიმართ გამოიყენებოდა.
HR hub: როგორი იყო სოფო ჭუმბურიძე BAT-ში მუშაობამდე და როგორია ის ახლა?
BAT-ში მე გავიზარდე როგორც პროფესიონალი და როგორც ადამიანი. მკვეთრად გამოხატულ ინტრავერტს მიწევდა ორგანიზაციის წინაშე პრეზენტაციების, ტრეინინგების და სამუშაო სესიების ჩატარება, ვისწავლე სტრატეგიული კომუნიკაცია, მულტიკულტურულ გარემოში და დისტანციურ გუნდებთან მუშაობა, მულტიკულტურული გუნდის მოტივირება და ყველაზე მთავარი, ვისწავლე როგორ უნდა გახდეს HR თანამშრომელი ბიზნესის პარტნიორი იმისათვის, რომ უფრო ეფექტურად და ჰარმონიულად იქნას მიღწეული სტრატეგიული მიზნები.
HR hub: იმუშაო 12 წელი ერთ კომპანიაში საკმაოდ რთულია. როგორ მოახერხა კომპანიამ ის, რომ არასდროს გაგჩენიათ სურვილი შეგეცვალათ სამსახური?
ამ კომპანიაში მე მაქვს კარიერული ზრდის შესანიშნავი შესაძლებლობა. ზრდაში მე ვგულისხმობ არა მარტო ვერტიკალურ ზრდას, არამედ კრიტიკული უნარების განვითარებას, ფართო სპექტრის პროფესიონალად ჩამოყალიბებას. ამ კომპანიაში დიდი ყურადღება ეთმობა ჯანსაღ ბალანსს სამუშაოსა და პირად დროს შორის. კომპანია გამოირჩევა თავისი ღირებულებებით. BAT-ში მუშაობენ განსაკუთრებული ადამიანები, რომლებიც ქმნიან კომპანიის უნიკალურ კულტურას. ამ კულტურასთან მიჩვეული ადამიანისთვის ნამდვილად რთულია სხვა დამსაქმებლისაკენ გახედვა.
HR hub: წლების შემდეგ, სად ხედავთ საკუთარ თავს?
უახლოესი წლები მინდა კვლავ BAT-ში ვხედავდე ჩემს თავს. იქნება ეს კავკასია, მოლდოვის ადამიანური რესურსების მენეჯერის როლი თუ მსოფლიოს სხვა რომელიმე კუთხეში HR სფეროში განვითარება. შემდგომ კი შესაძლოა ამ საოცარ კომპანიაში მიღებული გამოცდილება და ცოდნა რაიმე ჩემის შექმნას მოვახმარო.