ჩვენი ქვეყანა სულ ცოტა ხნის წინ შეუდგა შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა-განვითარებას და ამ რთულ გზაზე უამრავ პრობლემას ხვდება და მომავალშიც შეხვდება.ბევრმა წარმატებულმა ქვეყანამ, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, სკანდინავიის ქვეყნები და სხვა, ეს გზა დიდი ხნის წინ გაიარეს და უამრავი კვლევების და გამოცდილების შემდეგ სხვადასხვა სახით ერთგვარი ტენდენციები და გამოწვევები გამოკვეთეს.
ამ გამოწვევებს შორის ერთ – ერთი უპირველესია უმაღლესი მენეჯმენტის (მმართველი გუნდის) ჩართულობა შრომის უსაფრთხოების მმართველობით ციკლში და მის მუდმივ განვითარებაში. ბევრმა მენეჯერმა ჩათვალა, რომ ეს პროცესი მისგან დამოუკიდებლად მოხდებოდა და გაემიჯნენ, ასპარეზი დაუთმეს კონკრეტულ „შრომის უსაფრთხოების“ სპეციალისტებს ან კომპანიებს და ამ კადრის დანიშვნით ან კომპანიის დაქირავებით მოლოდინები შეიქმნეს, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს ამ პროცესების სამართავად. სამწუხაროდ მენეჯერების ამ მცდარი შეხედულების გამო ბევრ კომპანიაში შრომის უსაფრთხოების სფერო არასათანადოდ და ზედაპირულად იმართება. კიდევ უფრო სამწუხაროა ის ფაქტი, რომ არაერთი შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია მოერგო ბიზნესის ამ კონფორმისტულ მიდგომას და მათსა და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაციებში ხშირად ისმის მსგავსი ფრაზები: „თქვენ ჩვენი დაქირავებით იხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას; შეგიძლიათ შრომის უსაფრთხოება ჩვენ მოგვანდოთ“ და ა.შ. ანუ ფაქტიურად კონტრაქტი დავდოთ და მერე ხელებიც დაგიბანიათო.
რეალურად კი ცივილიზებულ სამყაროში ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია მაღალი მენეჯმენტის როლი, მეტიც, ისინი ითვლებიან შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პროცესების ლოკომოტივად.
შრომის უსაფრთხოების სფეროში, ცნობილია ეგრეთ წოდებული „იგნორირების აისბერგი“-ს პრინციპი, სადაც მოცემულია ინფორმირებულობის დონე კომპანიის სხვადასხვა საფეხურებზე.
მაგალითად: კომპანიის მაღალი მენეჯმენტი ფლობს მის კომპანიაში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის მხოლოდ 4%-ს. პრობლემებზე ინფორმაციის მხოლოდ 9% -ს ფლობს მენეჯმენტის შუა რგოლი; ზედამხედველები, საქმის მწარმოებლები თუ ჯგუფის ლიდერები ფლობენ პრობლემების 74%-ზე ინფორმაციას და მუშა პერსონალი კი ფლობს 100% ინფორმაციას პრობლემების შესახებ.
ანუ, კომპანიის უმაღლესი მენეჯმენტი პრობლემებზე ინფორმაციის 96%-ს ვერ ფლობს.
სურათი სახეზეა და პასუხიც გაცემული, თუ რამხელა ძალისხმევა სჭირდება კომპანიის მენეჯმენტს, რომ მიუახლოვდეს ორგანიზაციაში არსებულ რეალურ სურათს და გაიგოს რა პრობლემების წინაშე დგას ის. ამ პროცესს მათი უშუალო ჩართულობა სჭირდება, კარგი ვერტიკალური და ჰორიზონტალური კომუნიკაცია, დაფუძნებული ისეთ ფასეულობებზე როგორიცაა, პატივისცემა, ერთმანეთზე ზრუნვა, უსაფრთხო პროცესების წახალისება და მეტი სიახლოვე კომპანიის ყველა რგოლთან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კომპანიის მენეჯმენტმა შრომის უსაფრთხოება უნდა განიხილოს როგორც უალტერნატივო და მნიშვნელოვანი მიმართულება, გახდეს ამ პროცესების დანერგვის გარანტი და მისცეს მაგალითი ყველა თანამშრომელს.
სტატია მოამზადა: SafCo-ს დამფუძნებელმა დავით თხელიძემ.