შემოგვიერთდით

,,ჩვენთვის მთავარი ღირებულება მოტივირებული და ბედნიერი თანამშრომლები არიან” – თეა მახარაძე

თიბისი დაზღვევა 2016 წელს შეიქმნა.ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიის თანამშრომლების რაოდენობა გაიზარდა და ამ ეტაპზე ჯამურად 400 ადამიანისაგან შედგება. საიდანაც, დაახლოებით 150 თანამშრომელი საცალო დაზღვევის გაყიდვების ნაწილშია გენერირებული. კომპანიაში დანერგილ სამოტივაციო სისტემასა და მიმდინარე სიახლეებზე ვესაუბრეთ თიბისი დაზღვევის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი თეა მახარაძეს.

HR hub: თეა რას ეფუძნება თიბისი დაზღვევის კორპორატიული კულტურა?

ჩვენთვის მთავარი ღირებულება მოტივირებული და ბედნიერი თანამშრომლები არიან, რომლებიც საკუთარ საქმეში პროფესიონალები არიან, რაც გულისხმობს არა მარტო კონკრეტული საქმის ცოდნას, არამედ კრეატივს, ინოვაციებს, გუნდურობას, თავისუფლებას…

HR hub: როგორ იწყება დილა თქვენს ოფისში?

ყოველთვის, როდესაც რაიმე სიახლეს ვნერგავთ, პირველ რიგში, თანამშრომლებს ვუყვებით და ხშირადამას breakfast meeting ფორმით ვაკეთებთ ჩვენს ტრენინგ ოთახში. ერთად ვეცნობით ინფორმაციას ახალ წამოწყებებზე და გვაქვს დრო მეგობრული და არაფორმალური ურთიერთობისთვის.

HR hub: ძალიან ინოვაციური ოფისი გაქვთ. მოგვიყევით რით არის გამორჩეული?

ალბათ გამორჩეულობას განაპირობებს ის, რომ ჩვენი ოფისი ზუსტად ასახავს იმ მიდგომებს და იმ კულტურას, რაც თიბისი დაზღვევაში გვაქვს, თითოეული თანამშრომლის მნიშვნელობას და ზრუნვას მათზე. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ მაქსიმალურად კომფორტული და ლამაზი სამუშაო გარემო შევქმნათ, რადგან დროის დიდ ნაწილს სწორედ ოფისში ვატარებთ.

მნიშვნელოვანია, თანამშრომლებს მუშაობასთან ერთად, ჰქონდეთ დასვენებისა და განტვირთვის საშუალება. აქედან გამომდინარე, გვაქვს ე.წ. „მოსასვენებელი ოთახი“, როგორც ჩვენ ვეძახით „chilling room”, სადაც შეგიძლია დაისვენო და განიტვირთო, მრავალფეროვანი წიგნების არჩევანიც გვაქვს, საქანელებზე სელფიც გადაიღო, თუ უფრო აქტიურად გინდა დასვენება, მაგიდის ჩოგბურთიც აქ არის… პაზლები და ბორდ გეიმები გუნდური თამაშებისთვის…

HR hub: გარდა ზემოთ აღნიშნულისა რას აკეთებთ იმისთვის, რომ მოტივირებული თანამშრომლები გყავდეთ?                      

ვცდილობთ, მაქსიმალურად ვიზრუნოთ, გავითვალისწინოთ ყველა, თუნდაც ძალიან პატარა დეტალი, დაწყებული ოფისის ინტერიერიდან, დამთავრებული თანამშრომლების ბედნიერებაზე, პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე ზრუნვით. გვყავს თანამშრომლები, რომლებიც ძალიან წარმატებულები იყვნენ ჩვენთან მუშაობის პერიოდში და ამასთანავე დაინტერესებული იყვნენ სწავლის გაგრძელებით და პროფესიული განვითარებით საზღვარგარეთ, ასეთ მომენტებში მაქსიმალურად ვცდილობთ მათ ხელი შევუწყოთ.

HR hub: რა უპირატესობებით სარგებლობენ თქვენი თანამშრომლები?

გარდა იმ სტანდარტული ბენეფიტებისა, რასაც კომპანიების უმრავლესობა აკეთებეს (როგორიცაა ჯანმრთელობის დაზღვევა, საწვავის თუ სატელეფონო ლიმიტები და სხვა), ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, თანამშრომლებს ერთის მხრივ, თავისუფალი გარემო შევუქმნათ – მივცეთ განტვირთვის და დასვენების საშუალება, წავახალისოთ სხვადასხვა აქტივობები; მაგალითად, ბევრი ჩვენგანი უპირატესობას ანიჭებს ჯანსაღი ცხოვრების წესს, რაც აქტიური ვარჯიშით გამოიხატება, ამიტომ კონკრეტულ ფიტნეს დარბაზებში გვაქვს ფასდაკლებები და სპეციალური შეთავაზებები ჩვენი თანამშრომლებისთვის. ასევე, თიბისი ჯგუფის ფარგლებში მრავალშვილიანთა კლუბი ჩვენს მრავალშვილიან თანამშრომლებს (3 შვილი და მეტი) ყოველწლიურად ასაჩუქრებს.  მეორეს მხრივ, ვზრუნავთ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე – ვატარებთ სპეციალურად მათთვის შექმნილ და სპეციფიკაზე მორგებულ ტრენინგებს, რაც არ გულისხმობს მხოლოდ კომპტენციების განვითარებას, არამედ მიმართულია პიროვნულ განვითარებაზე, სტრესის და დროის მართვაზე, ემოციური ინტელექტის მნიშვნელობაზე და სხვა… ასევე თანამშრომლებს ხშირად ადგილობრივად, ან საზღვარგრეთ ვაგზავნით საინტერესო და პროფესიულ კურსებზე…

HR hub: გვიამბეთ საიდან წამოვიდა Happy Friday-ის დანერგვის იდეა, რომელიც პარასკევს მოკლე სამუშაო დღეს (17:00 სთ-მდე) გულისხმობს.                 

Happy Friday თანამშრომლებზე ზრუნვის ერთ-ერთი ნაწილია. ეს არ არის ცალკეული ინიციატივა, რომელიც სპონტანურად წამოვჭერით. ჩვენთვის პრიორიტეტული ჩვენი თანამშრომლებისათვის კომფორტული და ნაკლებად სტრესული გარემოსა და სამუშაო პროცესის შექმნაა. ამიტომ დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რა შეგვიძლია გავაკეთოთ თანამშრომლებისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნონ. ასე მივედით პარასკევს მოკლე სამუშაო დღის იდეამდე – 19 საათის ნაცვლად, პარასკევობით 17 საათზე ვასრულებთ მუშაობას, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა სამუშაო პროცესსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის დაცვა.  ბევრი მუშაობისა და გადატვირთული რეჟიმის გამო, ხშირად, ძალიან ცოტა დრო გვრჩება პირადი ცხოვრებისთვის, რაც ბუნებრივია აისახება ადამიანის პროდუქტიულობაზე. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენს მომხმარებელთან ერთად თანამშრომლებიც ჩვენი ნომერ პირველი საზრუნავია, გადავწყვიტეთ მივცეთ მათ მეტი დრო პირადი ცხოვრებისთვის, რაც თავისთავად გულისხმობს ნაკლებ სტრესსა და მეტ დადებით ემოციას. ჩვენი კომპანიის სპეციფიკისა და ზომის გათვალისწინებით, ეს საკმაოდ თამამი და გაბედული ნაბიჯი იყო, რადგან თანამშრომლებზე ზრუნვასთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი მომხმარებლები, მათი საჭიროებები და ის, რომ კომპანიის გადაწყვეტილებები არ იყოს მათთვის დისკომფორტის მომტანი. თუმცა, ძალიან გვიხარია, რომ როცა მესიჯი Happy Friday მომხმარებლამდე მივიტანეთ, ამას ძალიან დადებითი რეაგირება მოჰყვა. მათაც სრულად გაიაზრეს, რომ ერთნაირად მნშვნელოვანია კომპანია როგორც მომხმარებლის, ასევე თანამშროლების კმაყოფილებასა და კომფორტზე ზრუნავდეს. ზოგადად, ბედნიერების მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გვაქვს დაგეგმილი მომავალ წელს, მაგრამ ჯერ სიურპრიზად შემოვინახავთ. ამ ეტაპზე კი Happy Friday ყველას!

HR hub: საკმაოდ ბევრი ახალი ვაკანსია გაქვთ. როგორ თანამშრომლებს ეძებს თიბისი დაზღვევა?                      ვეძებთ ადამიანებს, რომელთაც უნდათ განვითარება და ამ გზაზე არ ეშინიათ დაბრკოლებების და შეცდომების.

HR hub: რა არის საჭირო თქვენთან დასაქმებისთვის?    

მოტივაცია, ენთუზიაზმი და სურვილი აკეთო ღირებული და ინოვაციური!

HR hub: რას სთავაზობთ სტუდენტებს, რომლებსაც ჯერ გამოცდილება არ აქვთ?   

გვაქვს ვაკანსიები თავისუფალი და მოქნილი გრაფიკით. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, შეათავსონ სწავლა მუშაობასთან და ამავდროულად დააგროვონ დიდი გამოცდილება.