შემოგვიერთდით

6 ქვეყანა, 49 დღე, 3700-ზე მეტი კილომეტრი და ველოსიპედი – სანდრო დათიშვილის გზა დიდი მიზნისკენ

სანდრო დათიშვილი, რომელიც თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტია და არქიტექტორად მუშაობს, 49-ე დღეა ველოსიპედით შოტლანდიისკენ მიემგზავრება.

უკვე გაიარა 6 ქვეყანა და 3700-ზე მეტი კილომეტრი. მოგზაურობა 21 ივნისს, სარფის გამშვები პუნქტიდან დაიწყო. ამჟამად გერმანიიდან ლუქსემბურგისკენ მიემართება. მისი მიზანი შოტლანდია-საქართველოს რაგბის მატჩზე ჩასვლა და საქართველოს ქომაგობაა. ნახევარი გზა უკვე გაიარა და გაჩერებას არ აპირებს. უფრო დიდი შემართებით მიიწევს წინ. პარალელურად სოციალურ ქსელში აქტიურად დებს ფოტოებს და თავგადასავლებსაც უზიარებს მის მეგობრებს.

ჩვენ სანდროს ვესაუბრეთ და მოგზაურობის ამბები დეტალურად გამოვკითხეთ.

HR hub: სანდრო საიდან გაგიჩნდა იდეა, რომ შოტლანდია-საქართველოს რაგბის მატჩზე, შოტლანდიაში ველოსიპედით წასულიყავი?

მოგზაურობისადმი ინტერესი რა თქმა უნდა სულ მქონდა, მაგრამ უფრო საინტერესო საკუთარი თავის გამოცდაა. ერთი შეხედვით რთული ბარიერების მარტივად გადალახვა. იდეაც თანდათანობით გაჩნდა, ლაშქრობით დაინტერესებისას და სხვადასხვა მარშრუტებისთვის საჭირო დროის დათვლის შემდეგ და მივხვდი, რომ არც ისე ძნელია ეს ყველაფერი. თუ სხვა ახერხებს, მეც მოვახერხებ, მაგრამ ეს ყველაფერი თეორია იყო სანამ ყველამ სკეპტიკურად არ დაუწყო ამას ყურება, რამაც მოტივაცია მომცა.

რაგბს დიდი ხანია ვქომაგობ და მეორე მნიშვნელოვანი მოტივატორი უკვე ამ თამაშის დაანონსება იყო. ამან თეორიის პრაქტიკაში განხორციელება გადამაწყვეტინა და ვთქვი, მეორე ასეთი შანსი აღარ იქნება მოგზაურობის ტრიუმფალურად დასასრულებლად, უნდა ჩავიდე-მეთქი!

HR hub: რა არის ამ მოგზაურობის მიზანი?

მოგზაურობის მიზანია უშუალო შეხება მქონდეს სხვადასხვა ქვეყნის კულტურასთან და ხალხთან, მოვძებნო საინტერესო ადგილები, თავგადასავლები, გავაცნო ჩვენი კულტურა და ქვეყანა სხვებს. მივცე მაგალითი ჩემს მეგობრებს, ნაცნობებს და ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანებს, რომ  რასაც ოცნებას ეძახიან, მიზნად აქციონ და მიაღწიონ. მინდა ნაკლები მანქანა და მეტი ველოსიპედი.

მინდა ჩემს ნაკრებს ვუგულშემატკივრო შოტლანდიაში და ტრიბუნებზე საქართველოს დროშა ამხნევებდეს მოთამაშეებს. სხვა დანარჩენი პირადი მიზეზები და შინაგანი მოთხოვნილებებია.

HR hub: სად ჩერდები ხოლმე ღამის გასათევად?

ღამეს ყოველთვის კარავში ვათევ, გარდა დიდი ქალაქებისა, როცა ვერსად ნახავ კარვისთვის ადგილს. თან დასვენება გჭირდება და მოწესრიგება. ასე უფრო მარტივი, იაფი და საინტერესოა. სიამოვნებით ვთმობ კომფორტს ამ გამოცდილებისა და დადებითი ემოციების გამო.

HR hub: რა სირთულეები ახლავს ველოსიპედით მოგზაურობას?

მთავარი სირთულე, კარგად მომზადებაა. სწორედ მომზადება განსაზღვრავს მოგზაურობის წარმატებულობას. ძალიან მეხმარება ის, რომ ყველა დეტალი გათვლილი მქონდა. მაგრამ ამის მიუხედავად სიურპრიზები ყოველთვისა. საჭიროა კრიტიკულ მომენტში ოპერატიულად და სწრაფად  მიიღო სწორი გადაწყვეტილება.  ჯერჯერობით თავს კარგად ვართმევ და სერიოზული სირთულე არ შემხვედრია.

HR hub: რაიმე თავგადასავალი ხომ არ გადაგხდა რაც შეიძლება საინტერესო იყოს მკითხველისთვის?

როდესაც ევროპაში მოგზაურობ, ძნელია რაიმე არაორდინალური შეგემთხვეს, რადგან ძირითადი დრო გზაში ხარ და მთავარი თავგადასავალიც ის ემოციებია, რასაც გზაში იღებ.

HR hub: გაიცანი ახალი ადამიანები?

რა თქმა უნდა უამრავი ადამიანი გავიცანი და ვცდილობ სახსოვრად ფოტოებიც გადავიღო. იმედია  ისინიც იმოგზაურებენ საქართველოში. და პირობაც ბევრისგან მივიღე.

HR hub: რა მოგწონს ყველაზე მეტად მოგზაურობის დროს?

ყველაზე სასიამოვნოა ის რომ არ ხარ არავიზე დამოკიდებული. სრულიად თავისუფალი ხარ, ვერავინ ახდენს ირიბ თუ პირდაპირ ზეგავლენას შენზე. შორს ხარ რუტინული ყოველდღიურობიდან. სხვა არაფერი არ არსებობს, მხოლოდ შენ და ველოსიპედი.

HR hub: რამდენი დღე დაგჭირდება საბოლოო ადგილზე ჩასასვლელად, როგორია შენი მარშრუტი?

უკვე გავლილი თურქეთის, ბულგარეთის, სერბეთის, უნგრეთისა და ავსტრიის მერე, მრჩება გერმანია, ლუქსემბურგი, ბელგია, საფრანგეთის ძალიან მცირე ნაწილი, ინგლისი და შოტლანდია. ამისთვის თვეზე ცოტა ნაკლები დამრჩა, მაგრამ მგონია უფრო მალე ჩავალ.

  •  
  •  
  •  
  •