შემოგვიერთდით

თბილისში ,,კრიპტოკაფე” გაიხსნება

28 სექტემბერს, თბილისში, ყაზბეგის გამზირის მიმდებარედ, ბურძგლას ქ. N 72-ში ,,კრიპტოკაფე” დაიდებს ბინას.

ეს იქნება ადგილი, კრიპტო ენთუზიასტებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს ახალი ტექნოლოგიები. ჩვენ ვესაუბრეთ ,,კრიპტოკაფის” დამფუძნებელს ალექს სუდაძეს.

HR hub: საიდან გაგიჩნდათ კრიპტოკაფის გახსნის იდეა?

მე ამ სფეროში უკვე 8 წელია ვმოღვაწეობ და საკმაოდ დიდი საზოგადოება გავიცანი როგორც უცხოეთში, ასევე საქართველოში. ყოველ კვირა კრიპტოენთუზიასტები ან ინვესტორები  ჩამოდიან საქართველოში და მეხმიანებიან სხვადასხვა თემის განსავითარებლად ჩვენს ქვეყანაში. მუდმივად მიწევს მათი გამასპინძლება სხვადასხვა რესტორანსა თუ კაფეში. ამიტომ გადავწყვიტე გავხსნა თემატური კაფე და ის მსოფლიო საზოგადოებას გავაცნო. მითუმეტეს რომ ინოვაციურია და სხვადასხვა საერთაშორისო თემატური ონლაინ პორტალი, უცებ აიტაცებს მას. მაგალითად cryptoradar ან coinatmradar და სხვა.

HR hub: როგორია კაფის კონცეფცია?

ეს არის ტექნო სტილში გაკეთებული გემოვნებიანი ინტერიერი, სადაც ყოველ კვირას ჩატარდება რამდენიმე ღია ან დახურული შეხვედრა სხვადასხვა თემაზე, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს. ღონისძიებებს დაესწრებიან როგორც დამწყები, ასევე პროფესიონალი სპეციალისტები და ინვესტორები. გარდა ამისა, ყოველდღიურად იქნება წამახალისებელი აქციებიც.

HR hub: ვინ იქნებიან თქვენი მომხმარებლები?

ტექნოლოგიური და ბიზნეს სფეროს ახალგაზრდები საქართველოდან, ვინც თემაშია ჩახედული ან ამჟამად ეცნობა (ეს კატეგორია სულ უფრო და უფრო იზრდება რაოდენობრივად). ასევე უცხოელები, ვისაც აინტერსებს საქართველო, როგორც მაინინგის ან ინვესტიციების ქვეყანა.

HR hub: როგორც ვიცით ძალიან საინტერესო მენიუ გექნებათ. ვინ მუშაობს მის შედგენაზე?

ძირითადად მე და კიდევ 2 შეფ მზარეული, ასევე ბევრ რჩევას მაძლევენ უცხოელი მეგობრებიც.

რაც შეეხება მენიუს, ვცდილობთ ქართულ-ევროპული საკვებით გავუმასპინძლდეთ სტუმრებს, არ ვივიწყებთ თემატიკასაც Bitcoin ყავა, Blockchain-ჩაქაფული, Monero-ხაჭაპური, Satoshi- ბურგერი.