,,ანტი გაყიდვები” – პირველი ქართული წიგნია გაყიდვებში, რომელიც საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის დამფუძნებლის დავით ჩიკვაიძის ავტორობით სულ ახლახანს გამოიცა.
წიგნის პირველი პრეზენტაცია გაიმართება კაჭრეთის ,,ამბასადორში”, ,,ნეთვორქინგ ჯორჯიას” ფარგლებში, ხოლო ოფიციალური პრეზენტაცია შედგება 12 ნოემბერს, საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის სამი წლის იუბილეზე.
ნოემბრის მეორე ნახევრიდან წიგნი გაიყიდება ,,ბიბლუსის” მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით.
ჩვენ ვესაუბრეთ წიგნის ავტორს და შევეცადეთ ექსკლუზიური ინფორმაცია მოგვეპოვებინა ,,ანტი გაყიდვების” შესახებ.
HR hub: დავით, რატომ გადაწყვიტე წიგნის ,,ანტი გაყიდვები“ დაწერა?
წიგნის დაწერას რამდენიმე წელიწადი ვაპირებდი, მაგრამ საკმაოდ რთული აღმოჩნდა. თავიდან ბლოგების წერა დავიწყე. მიზანი მარტივი იყო. ჩემი და ჩემი კოლეგების დაგროვილი ცოდნა გამეზიარებინა ფართო მასებისათვის. შემდეგ მოვიდა უკვე ამ წიგნის დაწერის იდეა. თანაც ქართულად ბიზნეს ლიტერატურის მიმართულებით სერიოზული ჩავარდნა გვაქვს. დიდი სურვილი მქონდა, რომ პირველი ქართული წიგნი დაწერილიყო გაყიდვებში. საბედნიეროდ ბევრი კარგი ადამიანის დახმარებით და შთაგონებით წიგნი დაიწერა და ნოემბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით გაიყიდება.
HR hub: რა საკითხებს ეხება აღნიშნული წიგნი?
წიგნი ეხება იმას თუ როგორ არ უნდა გაყიდო. ძირითადად ადამიანურ ურთიერთობაზე აგებულ გაყიდვებზეა საუბარი. ალბათ რთულია საკუთარ წიგნზე ისაუბრო, მაგრამ ვინც წაიკითხა, ორი რამ აღნიშნა. პირველი ეს არის წიგნის სიმარტივე. ძალიან მარტივად იკითხება და შესაბამისად ეს წიგნი არის ყველასთვის, ვისაც გაყიდვები აინტერესებს და რაც მთავარია არის ქართულ რეალურ სიტუაციებზე და ისტორიებზე აგებული. თუ რომელიმე საზღვარგარეთის წიგნიდან არის ფრაზა ან იდეა, ყოველთვის უწერია ვინ არის იდეის ავტორი.
HR hub: როგორ ფიქრობ ვის დააინტერესებს მისი წაკითხვა?
წიგნი ,,ანტი გაყიდვები“ უფრო ფართო მასაზეა გათვლილი. ეს არ არის წიგნი მხოლოდ მათთვის ვინც გაყიდვებშია. ყველა ადამიანი იპოვის მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემას. ზოგისთვის ეს შეიძლება იყო სანაცნობო ქსელით გაყიდვებზე საუბარი, ხოლო ნაწილისთვის კი უბრალოდ ის კონკრეტული გაყიდვის ხერხები, რაც ქართულ რეალობაში აუცილებელია.
HR hub: რაში დაგვეხმარება ,,ანტიგაყიდვების წიგნი“ ?
ეს წიგნი სავარაუდოდ გაყიდვებს დაანახებთ სხვა კუთხიდან და დაფიქრების გარდა, კონკრეტულ ხერხებსაც გასწავლით გაყიდვებსა და მოლაპარაკებებში.
HR hub: და ბოლოს, ერთი რჩევა რომ გაგვიზიარო წიგნიდან.
გამიჭირდება კონკრეტული რჩევის გამოყოფა წიგნიდან. ეს ალბათ მკითხველს უნდა დავუტოვოთ.