შემოგვიერთდით

,,გუდვილის” სასწავლო ცენტრი მზად არის აქტიურად ჩაერთოს პროფესიული განათლების განვითარებაში

,,გუდვილის” სასწავლო ცენტრი აქტიურად არის ჩართული პროფესიული სწავლების ხელშეწყობაში.

ის წლებია თანამშრომლობს საქართველოს უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებთან. ძირითადად მუშაობს საწარმოო პრაქტიკისა და სტაჟირების მიმართულებით. პროფესიული განათლებისა და ,,გუდვილის” სასწავლო ცენტრის შესახებ ვესაუბრეთ მის ხელმძღვანელს ხათუნა ჩხარტიშვილს.

HR hub: როგორ ხედავთ პროფესიული განათლების მნიშვნელობას?

პროფესიული განათლების  პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია დღევანდელი შრომის ბაზრისთვის, რადგან ბაზარზე პროფესიული მიმართულების კანდიდატების დეფიციტია, რაც ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი ხელისშემშლელი მიზეზია.

მნიშვნელოვანია დამსაქმებლების, პროფესიული სასწავლებლების, როგორც თანასწორი პარტნიორების ჩართვა პროფესიული განათლების პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და განხორციელების პროცესში.  პროფესიულ განათლებაში ჩართულ კომპანიას უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ არსებითი როლი და პასუხისმგებლობა აკისრია სისტემის  ფუქციონირებაში. პროფესიული სასწავლებლისა და კერძო სექტორის სწორმა დროულმა და მიზნობრივმა ურთიერთკავშირმა უნდა განაპირობოს  განსაზღვრული შედეგების მიღწევა და დასახული მიზნების განხორციელება. ეს მიზნებია: შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი მოქნილი, ერთიანი პროფესიული საგანმანათლებლო ქსელის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კომპეტენციების განვითარებას, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას, მათი პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობის უზრუნველყოფას, რაც ხელს შეუწყობს მათი დასაქმებისა და თვითდასაქმებისათვის მომზადებას.

HR hub: რომელ კოლეჯებთან თანამშრომლობთ და რა პრინციპით ( დუალური პროგრამები, ასევე მომზადება გადამზადება)?

საერთო ჯამში ვთანამშრომლობთ 10 პროფესიულ სასწავლებელთან, როგორც თბილისში, ბათუმსა და ქობულეთში, ასევე კომუნუკაცია გვაქვს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელთანაც.

ჩვენი კომპანიის სასწავლო ცენტრი ღიაა  ყველა იმ პროფესიულ სასწავლებლებთან თანაშრომლობისთვის, რომელთა მოდულების განხორციელებასაც ჩვენი მატერიალურ -ტექნიკური ბაზა შეესაბამება.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ბიზნესი შორსაა საგანმანათლებლო სფეროდან, მინდა გითხრათ სექტემბერში ჩვენთვისაც სიახლეებითა და გამოწვევებით გაჯერებული სასწავლო წელი დაიწყო, რადგან ჩვენი სასწავლო ცენტრის ბაზაზე აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სასწავლო მოდულის განხორციელება.

HR hub: გუდვილის თანამშრომლები ლექციებსაც ატარებთ, საიდან გაჩნდა იდეა?

2016 წელს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციიდან მივიღეთ შემოთავაზება მონაწილეობა მიგვეღო გერმანიის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ პროექტში, რომლის საკვანძო მიდგომას წარმოადგენდა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) პილოტური აქტივობების ჩვენებით  კერძო კომპანიებსა და საგანმანათლებლო წრეებს დაანახოს ერთობლივი ჩართულობითა და მუშაობით მიღებული საუკეთესო შედეგის მომტანი ინსტრუმენტების შესაძლებლობები.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ვიმყოფებოდით გერმანიაში, სადაც უშუალოდ გავეცანით საწარმოს მხრიდან პროფესიულ განათლებაში აქტიური ჩართულობის წარმატებულ მაგალითებს, რამაც უფრო მეტად დაგვაფიქრა, რომ მხოლოდ შიდა გადამზადებით არ შემოვფარგლულიყავით და ჩვენი სასწავლო ცენტრის ბაზის გამოყენებით  აქტიურად მიგვეღო მონაწილეობა პროფესიული განათლების ხელშეწყობასა და განვითარებაში.

პროექტი მიზნად ისახავდა მულტიპლიკატორების გადამზადებას, რომლებიც თავის სასწავლებლებსა და საწარმოში ხელს შეუწყობდა  სწორ და მიზნობრივი კომუნიკაციის დამყარებას დუალური განათლების განვითარებისთვის. როგოც მოგახსენეთ აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დაფარვას, რის ფარგლებშიც ,,გუდვილის” სასწავლო ცენტრს შესაძლებლობა მიეცა თავისი შედეგები და მიღებული გამოცდილება გაეზიარებინა პროექტში მონაწილე ქვეყნებისთვის, კონკრეტულად კი სომხეთსა და აზერბაიჯანისთვის.  ასევე პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში არსებულ კოლეჯებსა და კერძო სექტორთან ვიზიტებს.

პროფესიულ განათლებაში ჩვენი სასწავლო ცენტრის აქტიურ ჩართულობაში ერთგვარი შუამავლის როლი ითამაშა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ. ერთია, როდესაც იცი, რომ საჭიროა ჩართულობა პროფესიულ განათლებაში  და მეორე როდესაც ამას გააზრებულად აკეთებ. იცი შენ, როგორც კომპანიამ კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადადგა და გააზრებული გაქვს, რომ თუ არა კერძო სექტორის ჩართულობა, პროფესიულ განათლებაში ვერ მივიღებთ იმ უნარებისა და პროფესიული ცოდნის მქონე ადამიანებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი ბიზნესისა და ზოგადად ქვეყნის განვითარებას, რადგან ძლიერი ბიზნესი ქვეყნის განვითარების საწინდარიცაა.

HR hub: როგორც ცნობილია, გუდვილის სივრცეც დაუთმეთ სტუდენტებს. როგორ მიმდინარეობს აქ სწავლების პროცესი?

დიახ, კომპანიის ბაზაზე გვყავს პრაქტიკოს მენტორთა ჯგუფი, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული გარკვეული მოდულების განხორციელებაში. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ რეალურ სამუშაო გარემოში მიიღონ როგორც თეორული, ასევე პრაქტიკული ცოდნა, რაც ხელს უწყობს მიწოდებული მასალისა და ინფორმაციის აღქმას და გააზრებას.

HR hub: რა სახის ლექციებს ატარებთ ძირითადად?

ამ ეტაპზე  პროფესიულ კოლეჯ ,,იკაროსთან” ერთად ვახორციელებთ ყასაბ-მზარეულის კურსებს, ასევე სხვადასხვა მოდულს საწარმოში: კულინარიის, საკონდიტროსა და პურ-ფუნთუშეულის მიმართულებით. ასევე სხვადასხვა კოლეჯთან ერთად ვატარებთ ლექციებს გაცნობითი პრაქტიკის, მომხმარებლის სავაჭრო ობიექტზე მომსახურების, საწარმოო პრაქტიკის და  სხვადასხვა მიმართულებით. სასწავლო ცენტრის ბაზაზე გვაქვს, როგორც მომზადება-გადამზადების, ასევე დუალური პროგრამებიც.

მოდულები თემატიკის მიხედვით არის ჩაშლილი და გადაწყვეტილებას  კონრეტული მოდულის ჩვენს სასწავლო ცენტრის ბაზაზე განხორციელების შესახებ რა თქმა უნდა   კოლეჯთან ერთად ვიღებთ.

HR hub: რომელი დეპარტამენტის თანამშრომლები ატარებენ ლექციებს?

მოდულის ყველა განმახორციელებელი მენტორი შერჩეულია თავისი ცოდნის, გამოცდილებისა და პედაგოგიური უნარების გათვალისწინებით. ლექციებში თემატიკის მიხედვით ჩართულია თითქმის ყველა დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი.

HR hub: კიდევ რაიმე სიახლის დამატებას ხომ არ გეგმავთ უახლოეს მომავალში?

რადგან არ ვაპირებთ მიღწეულ შედეგებზე გაჩერებას, ვგეგმავთ კონკრეტული მიმართულებით სხვადასხვა მოდულების დამატებას.

გერმანიაში, ქალაქ შტარლზუნდის რეგიონალურ პროფესიულ საგანმანათლებლო ცენტრში შესვლისთანავე თვალშისაცემია ლოზუნგი,  „განათლება აშენებს ხიდებს“   „BILDUNG BAUT BRÜCKEN”.  გუდვილის სასწავლო ცენტრი მზად არის აქტიურად ჩაერთოს პროფესიული განათლების განვითარებაში და  თავისი წვლილი შეიტანოს საფუძვლიანი და მყარი ხიდების მშენებლობაში. ასე რომ ახალი შემთავაზებებისა და სიახლებისთვის ჩვენი კარი მუდამ ღიაა.