შემოგვიერთდით

18 ნოემბერს საჯარო სამსახურის ბიურო თანამშრომლების შეფასების თემაზე HR ფორუმს ჩაატარებს

18 ნოემბერს საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებით Courtyard by Marriott Tbilisi – ში თანამშრომლების შეფასების თემაზე HR ფორუმი ჩატარდება. ფორუმში მონაწილეობას საჯარო და კერძო ორგანიზაციების  HR მენეჯერები მიიღებენ.

შეხვედრა მიეძღვნება თანამშრომელთა შეფასების თემას.

ღონისძიების მიზანი:

ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს საჯარო და კერძო ორგანიზაციებში ადამიანური რესურსების მართვის კუთხით არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და ამ სფეროში დასაქმებულ პირებს შორის პროფესიული კავშირების დამყარებას. ასევე, კერძო და საჯარო სექტორში ამ მხრივ არსებული საუკეთესო პრაქტიკის წარდგენა, გამოცდილების გაზიარება და პროფესიული კონტაქტების დამყარება.

ღონისძიების თემა:

ფორუმის თემაა ადამიანური რესურსების მართვის ციკლის ერთ-ერთი საკვანძო ელემენტი – შესრულებული სამუშაოს შეფასება. თანამედროვე, კონკურენტულ და მუდმივად ცვალებად გარემოში თანამშრომლების ეფექტიანობა არის ნებისმიერი ორგანიზაციის წარმატების ქვაკუთხედი. მიუხედავად ამისა, საჯარო სექტორში შეფასების თემა აქტუალური გახდა მხოლოდ უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, ქვეყანაში მიმდინარე საჯარო სამსახურის რეფორმის კონტექსტში. კერძო სექტორში შეფასების თემა შედარებით უფრო ხანგრძლივ ისტორიას ითვლის, თუმცა ბევრი ორგანიზაციისთვის იგი კვლავაც დიდ გამოწვევად რჩება. ფორუმის ფარგლებში გამოიკვეთება საჯარო და კერძო სექტორებში შეფასების კუთხით არსებული საინტერესო პრაქტიკები, განხილული იქნება ის გამოცდილება, რომელიც დაგროვდა შეფასების თემებზე მუშაობისას. კერძოდ, დისკუსია შეეხება ისეთ თემებს, როგორებიცა შეფასების მეთოდები, შეფასებასთან დაკავშირებული მთავარი გამოწვევები, შეფასების პროცედურის თავისებურებები, შეფასების შედეგების მართვა, მათი გამოყენება თანამშრომლების პროფესიული განვითარების, კარიერული წინსვლის, წახალისების თუ სხვა მიზნებისთვის,  შეფასების თემისთვის აქტუალური სხვა საკითხები.

ღონისძიების ფორმატი:

ღონისძიების ფარგლებში მოხდება ორი ძირითადი ფორმატის გამოყენება – (1) მოდერირებული პანელური დისკუსია მოწვეულ სპიკერებთან (60 წუთი) და (2) კითხვა/პასუხის სესია სპიკერებსა და სტუმრებს შორის (60 წუთი). თითოეულ სპიკერს მიეცემა შესაძლებლობა მოკლედ წარადგინოს მისი ორგანიზაციის პრაქტიკა და გაანალიზოს იგი მოდერატორის და სხვა სპიკერების მიერ დასმული შეკითხვების კონტექსტში. მოდერირებული პანელური დისკუსიის შემდეგ ღონისძიების სტუმრებსაც მიეცემათ სპიკერებთან შეკითხვების დასმის შესაძლებლობა. სტუმრებსა და სპიკერებს შორის ინტერაქციის გამარტივების მიზნით, გამოყენებული იქნება ონლაინ პლათფორმა. ღონისძიების დეტალური დიზაინი წარმოდგენილია დღის წესრიგში.

ღონისძიების სტუმრები

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ დაინტერესებული საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტები თბილისიდან და რეგიონებიდან. ფორუმის ფარგლებში ნავარაუდევია 100 სტუმრის მასპინძლობა.

ღონისძიების სპიკერები

სპიკერების შერჩევა მოხდა ორ ძირითად კრიტერიუმზე დაყრდნობით:

  1. წარმატებული გამოცდილება შეფასების სისტემის შემუშავება/დანერგვაში და
  2. ღონისძიებაში სპიკერის რანგში მონაწილეობის ინტერესი/შესაძლებლობა.

სულ შეირჩა ექვსი სპიკერი.

ფორუმზე დასასწრებად შეგიძლიათ 15 ნოემბრამდე მიწეროთ მითითებულ მეილზე mary.gabashvili@gmail.com და დაადასტუროთ დასწრება.

ღონისძიების დღის წესრიგი:

დრო აქტივობა კომენტარი
15:00 მონაწილეთა რეგისტრაცია
15:45 ღონისძიების გახსნა/მისასალმებელი სიტყვა ეკატერინე ქარდავა, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი

მოდერატორი: მერი გაბაშვილი, საჯარო სამსახურის ბიურო

16:00 მოდერირებული პანელური დისკუსია მოდერატორი მერი გაბაშვილი, საჯარო სამსახურის ბიურო
17:00 კითხვა/პასუხის სესია ონლაინ ინსტრუმენტის გამოყენებით. წარიმართება მოდერატორის მიერ
18:00 ღონისძიების დახურვა; ძირითადი მიგნებების შეჯამება ეკატერინე ქარდავა, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი

 

მერი გაბაშვილი, საჯარო სამსახურის ბიურო

18:15 ნეთვორქინგი

ორგანიზებული იქნება ფურშეტი