შემოგვიერთდით

ორიენტ ლოჯიკი 24 წლისაა

20 ნოემბერს ,,ორიენტ ლოჯიკი” 24 წლის გახდა. კომპანია 1995 წელს დაარსდა და ფუნქციონირება 5 თანამშრომლით დაიწყო, დღეს კი 170 პროფესიონალზე მეტს აერთიანებს. 

ჩვენ ვესაუბრეთ  ,,ორიენტ ლოჯიკის” საოპერაციო დირექტორს ოთო ტაბატაძეს, გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

HR hub: რას თვლის კომპანია 24 წლის განმავლობაში ყველაზე დიდ მიღწევად?

,,ორიენტ ლოჯიკმა” განვითარების საკმაოდ შთამბეჭდავი გზა გაიარა. განვავითარეთ რამდენიმე ახალი ბიზნეს მიმართულება. გასულ წელს გავხსენით ფილიალი შვედეთში, რაც უპრეცენდენტო ფაქტია იმ თვალსაზრისით, რომ ერთადერთი ქართული კომპანია ვართ, რომელმაც საკუთარი წარმომადგენლობა და ბიზნესის განვითარება, სკანდინავიის ქვეყნებში მოახერხა. წელს კი – საერთაშორისო ბრენდმა Dell Technologies-მა, რეგიონში 2019 წლის საუკეთესო პარტნიორად დაგვასახელა.

HR hub: ვაკანსიების განთავსების ორიგინალურ ხერხს მიმართეთ და ვიდეო მიმართვებით სიახლე შემოიტანეთ. რატომ გადაწყვიტეთ ვაკანსიები ვიდეოებით გამოგეცხადებინათ?

ვაკანსიების გამოცხადების ამ გზის არჩევა, პირველ რიგში განპირობებული იყო ჩვენი სამიზნე კატეგორიის ადამიანებით, რომლებიც სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურები არიან. თავად არასოდეს ეძებენ სამუშაოს საძიებო ვებ გვერდებით, რადგან არაერთ შეთავაზებას იღებენ სხვადასხვა კომპანიიდან. ვაკანსიის გამოცხადების ამ მეთოდმა საკმაოდ კარგი შედეგები მოგვიტანა, არაერთი ჩვენთვის ძალიან საინტერესო კანდიდატი დავაინტერესეთ, რომლებიც დღეს უკვე ჩვენი თანამშრომლები არიან.

HR hub: ,,ჩვენ არ ვეძებთ კარგ რეზიუმეებს, ჩვენ ვეძებთ კარგ ადამიანებს“ – ეს თქვენი კომპანიის რეკრუტინგის სლოგანია. როგორი ადამიანი მოერგება თქვენს კორპორატიულ კულტურას ყველაზე მეტად?

ჩვენ მართლა მხოლოდ საუკეთესოებს ვეძებთ. ადამიანებს, ვისთვისაც შეუძლებელი არაფერია. ვინც ოცნებობს წარმოუდგენლად დიდი მიზნების მიღწევაზე. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ადამიანის ინდივიდუალური მიზნები და კომპანიის მიზნები – ერთმანეთთან თანხვედრაშია. ამიტომ არასოდეს ვეძებთ რეზიუმეებს, ჩვენ ძლიერ ადამიანებს და საკუთარ საქმეში საუკეთესოებს ვეძებთ.

HR hub: რა არის საჭირო თქვენთან დასაქმებისთვის და თუ სთავაზობთ სტაჟირებებს სტუდენტებს?

ჩვენთან სტაჟირება ანაზღაურებადია. ვთავაზობთ სტაჟირებას ისეთ სტუდენტებს, ვინც ჩვენთან სამომავლოდ მუშაობის დაწყებას გეგმავს. არ გვაქვს სტაჟირება სტაჟირებისთვის. გვაქვს სტაჟირება იმ ადამიანებისთვის, ვინც სამომავლოდ საკუთარ თავს საერთაშორისო კომპანიაში ხედავს, თან ისეთ საერთაშორისო კომპანიაში, რომლის სათავო ოფისი – თბილისშია.