შემოგვიერთდით

როგორ შევამციროთ უბედური შემთხვევების ალბათობა სამსახურში?

მუშაობის პროცესში მიღებული ფიზიკური დაზიანებები ან სამსახურებრივი მიზეზით ჯანმრთელობის შელახვის შემთხვევები ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ დაზარალებულისათვის, არამედ კომპანიისთვისაც.

მაგალითად, ავსტრალიაში, ბოლო პერიოდში დათვლილი მონაცემების მიხედვით, სამუშაო ველზე მიღებული ზიანი ქვეყნის ეკონომიკას ყოველწლიურად საშუალოდ 60 მილიარდი დოლარი უჯდება! ამ შემთხვევაში გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არა მხოლოდ ფიზიკური დაზიანების, არამედ ფატალური შედეგით დამთავრებული არაერთი შემთხვევა გაშუქდა. ჩვენთან, როგორც განვითარებად ქვეყანაში, აღნიშნული პრობლემა კიდევ უფრო მწვავე და მოუგვარებელია.

„არაადეკვატური რისკის მენეჯმენტი და დაგეგმარება ერთი-ორად ზრდის უბედური შემთხვევების ალბათობას, რაც ცხადია, ძირითადად პროფესიონალიზმის ნაკლებობის, ან ფულის დაზოგვის გამო ხდება“ – აცხადებს რეი ბედსონი, OHS ტრენერი და SAI Global-ის წარმომადგენელი. „მეორე მხრივ, პოტენციური დაზიანებების იგნორირება აბსოლუტურად დაუშვებელია. ელემენტარული მხრის არასერიოზული დაზიანებაც კი, კომპანიას შესაძლოა გამოკვლევებისა და მკურნალობის ხარჯების ჩათვლით, 400 000 დოლარამდე დაუჯდეს, ხოლო ზურგის დაზიანება, საშუალოდ 1 მილიონი დოლარი ჯდება!

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში აღნიშნული დაზიანებების მკურნალობა და ანაზღაურება ბევრად ნაკლები ჯდება, მორალური, ფიზიკური თუ ფინანსური ზარალი ძალიან დიდ დარტყმას აყენებს როგორც დასაქმებულს, ასევე დამქირავებელს. შესაბამისად, ჩვენ გთავაზობთ ამ პრობლემის მოგვარების, არიდებისა თუ რისკის შემცირების რამდენიმე გზას, რომელიც უფრო უსაფრთხო სამსახურებრივი გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ:

  1. ბოლომდე დაეყრდენით და გაითვალისწინეთ წინასწარ შედგენილი რისკის მენეჯმენტის გეგმები! ყველა დაქირავებულმა, რომელიც აღნიშნულ პროექტზე მუშაობს, უნდა იცოდეს წინასწარ გაწერილი წესები და საფრთხეები.
  1. მოაწყეთ შეხვედრები, სადაც დაქირავებულებთან ერთად განიხილავთ წარსულში დამდგარი უბედური შემთხვევების დეტალებსა და სამომავლო საფრთხეებს. დანერგეთ კულტურა, რომელშიც თქვენს თანამშრომელს არ მოერიდება საფრთხის დაფიქსირება და ხმამაღლა გამოთქმა.
  1. წაახალისეთ თქვენი თანამშრომლები სამუშაო პროცესის აღწერაში. სთხოვეთ, რომ ჩაიწერონ ყველა შემთხვევა ან ხარვეზი, რომელმაც შესაძლოა, უბედური შემთხვევის დადგომა გამოიწვიოს, მაგალითად დაზიანებული კაბელები, კიბე და სხვა.
  1. გამოიყენეთ საერთაშორისო Project Management-ის ინსტრუმენტები, როგორიცაა რისკის შეფასება, დაგეგმა და პასუხისმგებლობების განაწილება. ამისთვის შესაძლოა, დაგჭირდეთ სფეროს პროფესიონალი და ახალი მიდგომების დანერგვა, მაგრამ წინასწარ არიდებული ან შემცირებული რისკი, საბოლოო ჯამში ბევრ პრობლემას აგარიდებთ.
  1. გააცანით თანამშრომლებს თქვენ მიერ დანერგილი პრობლემების გადაჭრისა და რისკის შემცირების გზები. ეს მათ დაეხმარებათ ხარვეზის აღმოცენებისას სწორი რეაგირების ფორმის გამონახვაში.
  1. გადაჭრის გზებისა და რისკის ელიმინაციის პროცესების დანერგვის შემდგომ, შემოიღეთ ყოველთვიური შეფასების პრაქტიკა, სადაც შეადარებთ თქვენ მიერ ჩადებულ ძალისხმევასა და უბედური შემთხვევების რაოდენობას. ეს მექანიზმი დაგეხმარებათ სწორად შეაფასოთ, რამდენად ეფექტიანად მუშაობს თქვენი ფორმულა.
  1. და რაც მთავარია, დანერგეთ ტრენინგების კურსი ფიზიკური უსაფრთხოების თემატიკაზე ახალწვეულთათვის. საუკეთესო საშუალება რისკის ასაცილებლად, თანამშრომლების მომზადებისა და გათვითცნობიერების მაღალი დონეა.