ალბათ ერთხელ მაინც მოგიკრავთ ყური ქოუჩინგისთვის. ბოლო დროს განაკუთრებით პოპულარული გახდა ამ სიტყვის ხსენება სხვადასხვა შეხვედრებსა თუ ტრენინგებზე. ზოგი ფიქრობს, რომ ეს ადამიანებზე გავლენის მოხდენის საშუალებაა და სკეპტიკურად უყურებს. ზოგიც მიიჩნევს, რომ ქოუჩინგი ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა ყველა ადამიანისთვის. ჩვენ შევეცდებით ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პროფესიის შესახებ.
პაპუნა ბარათაშვილთან რამდენიმე საინტერესო საათის გატარების შემდეგ, (რომელიც ისე გავა ვერც კი გაიგებთ), უფრო დაინტერესდებით ქოუჩინგით და სურვილი გაგიჩნდებათ მეტი გაიგოთ საკუთარი შესაძლებლობების შესახებ. პროფესიით ფსიქოლოგია და ალბათ არც უნდა გაგვიკვირდეს ქოუჩინგით რომ დაინტერესდა. უკვე გაიარა ერიქსონის საერთაშორისო ინსტიტუტის ხუთმოდულიანი პროგრამა. ამ მიმართულებით წინსვლას და განვითარებას კვლავ განაგრძობს.
HR hub: პაპუნა მოდი მკითხველს განვუმარტოთ რა არის ქოუჩინგი?
ჩემთვის ამჟამად ქოუჩინგი ადამიანისთვის ან ადამიანთა გუნდისთვის მიზნის დასახვასა და მიღწევაში პროფესიონალურ თანამგზავრობას ნიშნავს. ქოუჩი კი არის პროფესიონალი, რომელიც უზრუნველყოფს პროცესის იმგვარად მიმდინარეობას, რომ მას ქოუჩინგი ეწოდოს. ქოუჩი ამას აღწევს იმ კომპეტენციების საშუალებით, რომლებიც აღიარებულია ქოუჩთა საერთაშორისო ფედერაციის (ICF) მიერ. ალბათ ქოუჩინგის რაობაში გარკვევის ყველაზე ნამდვილი გზა ამ კომპეტენციებთან გაცნობაა, შემდეგ, ინტერესის გაჩენის შემთხვევაში, ნაცნობობის გაღრმავება და ა.შ. თუმცა შესაძლოა საკუთარ თავზე გამოსცადო ქოუჩინგი, თუმცა ამ შემთხვევაში გექნება მხოლოდ ინტუიტური ცოდნა და დადებითი გამოცდილება, მაგრამ ასევე ის მიღწევები რასაც ქოუჩინგის შედეგად მიიღებთ.
ანუ, ქოუჩინგი არის პროფესიონალი ქოუჩის მიერ, ქოუჩის კომპეტენციებზე დაყრდნობით, უზრუნველყოფილი პროცესი, რომელში მონაწილე ადამიანი ან ადამიანთა გუნდი შეიმუშავებს ეკოლოგიურ და მნიშვნელოვან მიზნებს, განსაზღვრავს მიღწევის გზებსა და ერთვება პასუხისმგებლობაში. ისევ განვმეორდები, ახლა ასე ვიტყოდი, მითუმეტეს რომ ქოუჩინგის სტანდარტები სულ მუდამ მდიდრდება, ემატება ახალი ხედვები, მიმდინარეობს პროცესის სრულყოფა, მეტი აქცენტი კეთდება ქოუჩების განვითარებაზე, კომპეტენციების სრულყოფა მუდმივი პროცესია.
HR hub: როდის დაინტერესდით ქოუჩინგით და რამ გამოიწვია თქვენი დაინტერესება?
ალბათ, ახლა უკვე შორეულ 90-იანებში, მაშინ როდესაც დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო ინსტიტუტში ვსწავლობდი და ვმუშაობდი, როდესაც ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ ადამიანის წარსულში ქექვას, მტკივნეულ წერტილებზე დაჭერას მხოლოდ და მხოლოდ ის ეფექტი აქვს, რომ ადამიანი შენზე დამოკიდებული ხდება წლების მანძილზე. მართალია ეფექტი დიდია და ადამიანს აქვს განცდა, რომ რაღაც დაფარულსა და საკრალურს აზიარებს, მაგრამ ეს მხოლოდ არა აუცილებელი დასაწყისია, მთავარია შემდეგ რა ხდება. ხოლო, როდესაც წარმატებას აღწევთ, სხვა რამემ იმუშავა და არა ნახსენებმა ქცევამ. ერთ-ერთი ჩემი მენტორის ფრაზის გამოყენებით ვიტყვი რას ვგულისხმობ, არ მგონია მიქელანჯელო დავითს რომ აკეთებდა, ქვის წარსულს აანალიზებდა და მის პრობლემებს წყვეტდა.
ვინმემ არ იფიქროს რომ მე ფსიქოთერაპიასა და ქოუჩინგს ვადარებ ერთმანეთს. ეს ორი სხვადასხვა მიმართულებაა და ქოუჩს ვალდებულება აქვს ფსიქოთერაპიული ჩარევის საჭიროების, ან ეჭვის შემთხვევაში ფსიქოთერაპევტთან გადაამისამართოს ქოუჩი (კლიენტი), ისევე როგორც სხვა დარგის სპეციალისტებთან თუ ეს საჭირო გახდა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მას თვითონ შეუძლია ასეთი დახმარების გაწევა. ქოუჩს არ შეუძლია და არ შეიძლება ერთიდაიგივე კლიენტთან სხვადასხვა როლში ჩადგომა, ქოუჩ-პოზიცია იკარგება, რისი შენარჩუნებაც აუცილებელია ქოუჩინგის პროცესისთვის.
დავუბრუნდეთ კითხვას, მაშინ რა თქმა უნდა ქოუჩინგის, როგორც ასეთის, არსებობა არ ვიცოდი, მაგრამ პრინციპების გაზიარება ინტუიტურად დავიწყე. მე გამიმართლა ვისწავლე ინსტიტუტში სადაც ფსიქოთერაპიისა და ფსიქოლოგიის სკოლებს განიხილავდნენ, აკრიტიკებდნენ, ეთანხმებოდნენ, მუშაობდნენ ადაპტაციაზე, არ გახვევდნენ საკუთარ აზრს როგორც ერთადერთ ჭეშმარიტებას, სადაც მიუღებელი მხოლოდ პროფანაცია და ბრმა რწმენა იყო. და აი ოთხი წლის წინ დავიწყე ქოუჩინგის შესწავლა ორგანიზაცია გროვინში. გავიარე ერიქსონის საერთაშორისო ინსტიტუტის კურსი „ქოუჩინგის მეცნიერება და ხელოვნება“ და აი ახლა აქ გახლავართ.
HR hub: ვიცით, რომ დიდი მიღწევები გაქვთ ამ სფეროში და შესაბამის სერტიფიკატსაც ფლობთ. გვიამბეთ რა გზა გაიარეთ პროფესიონალ ქოუჩად ჩამოყალიბებისთვის.
როგორც მოგახსენეთ პროფესიით ფსიქოლოგი ვარ. თუმცა მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ყველა პროფესია, გატაცება და გამოცდილება მნიშვნელოვანია ქოუჩად ჩამოყალიბებისას და კონკრეტული ქოუჩის ქოუჩინგის სტილზე ახდენს გავლენას. ამიტომ ფსიქოლოგი რომ ვარ, ეს მე დამეხმარა ისეთ ქოუჩად ჩამოყალიბებაში როგორიც გახლავართ, მათემატიკოსი ან ფინანსისტი რომ ვყოფილიყავი, მაშინ უბრალოდ სხვა სტილი მექნებოდა იმდენად განსხვავებული ამისაგან, როგორ განსხვავებულობასაც ეს პროფესიები შექმნიდნენ ჩემს პიროვნებაში.
რაც შეეხება დიდ მიღწევებს, უფროდაუფრო მეტის იმედი მაქვს, რადგან, როგორც იცით, რაც უფრო ღრმად მიდიხარ ან დიდ სივრცეს მოიცავ, მით უფრო კარგად ხედავ განვითარების უსასრულობას.
გზას რაც შეეხება, ეს არის: სწავლა, დაუღალავად მუშაობა საკუთარ თავზე, ყველა შესაძლებლობის განხილვა, შეფასება და გამოყენება, ახალი ცოდნის გააზრება-გაანალიზება და უკვე არსებულთან დაკავშირება, კომპეტენციების განვითარებაზე ზრუნვა, მოსალოდნელი მიღწევების ღირებულებებისა და ეკოლოგიის დონეზე განხილვა, გახსნილობა ტრანსფორმაციისადმი, წვრილმანი საკითხებისაც კი იდენტობისა და მისიის დონეზე განხილვა.
უფრო მშრალად რომ ვთქვა, გავიარე ერიქსონის საერთაშორისო ინსტიტუტის ხუთმოდულიანი პროგრამა. აქედან პირველი ოთხი მოდული გავიარე თბილისში, ორგანიზაცია გროუნში, რომელიც „ერიქსონ ქოუჩინგ ინტერნეშენალის“ წარმომადგენელია საქართველოში და გავხდი ACSTH სერთიფიცირებული ქოუჩი. შემდეგ მეხუთე მოდული, სადაც ჩემი მენტორები ICF-ის, ერიქსონის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ აღიარებული პროფესიონალები იყვნენ და მივიღე შესაბამისი სერთიფიკატი (ACTP) რაც საშუალებას მაძლევს ქოუჩთა საერთაშორისო ფედერაციაში (ICF), რომლის წევრიც გახლავართ, 500 სამუშაო საათის წარდგენით მივიღო პროფესიონალი ქოუჩის აკრედიტაცია (PCC). განაცხადი უკვე შეტანილი მაქვს, ახლა ველოდები ტესტის თარიღის დანიშვნასა და სხვა ბიუროკრატულ პროცესებს.
გარდა ამისა, აუცილებელია დამატებითი ტრენინგების, სემინარების მენტორ-სესიებისა და სუპერვიზიის გავლა, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა, როგორც საკუთარი განვითარებისათვის ასევე მიღებული სერთიფიკაციის შენარჩუნება-განვითარებისათვის, რომ არაფერი ვთქვათ უშუალოდ ქოუჩინგის საათების დაგროვებაზე. შემდეგი საფეხური ხომ MCC-ია რისთვისაც მუშაობის 2500 დადასტურებული საათის წარდგენაა საჭირო, ასევე ქულების, რომლებსაც სასწავლო და სხვა აქტივობებში მონაწილეობით აგროვებ.
მაგალითად: უახლოეს წარსულში გავიარე ICF-ში აკრედიტირებული ნლპ პრაქტიკოსის ტრენინგი, ასევე ჯგუფური ქოუჩინგის ტრენინგი (ორივე გროვინის ორგანიზებით), ამჟამად ჩართული ვარ საქართველოში და ყაზახეთში მიმდინარე ქოუჩინგის სწავლების პროცესში, როგორც ქოუჩ-მენტორი. ვაპირებ… თუმცა ამის შესახებ მერე ვილაპარაკებ, როცა შესრულდება.
HR hub: რაში გვეხმარება ქოუჩინგის ცოდნა?
ალბათ გულისხმობთ გარდა პროფესიისა, რადგან აქ ყველაფერი ნათელია!
ქოუჩინგის ცოდნა გულისხმობს გარკვეულ პრინციპებთან დათანხმებას და მათ გაცნობიერებას, მაგალითად ერიქსონის 5 პრინციპი, „სმარტი“, ეკოლოგიის პრინციპი და ა.შ.
ნათელი რომ იყოს მოკლედ აღვწერ, მაგალითად ერიქსონის 5 პრინციპს.
პრინციპი „ოკ“ – ყველა ადამიანი „ნორმალურია“. ამ პრინციპის გაზიარება ყველა ადამიანის უნიკალურის აღიარებას ნიშნავს და მისით დაინტერესების საფუძველია, რაც აუცილებლობას წარმოადგენს ღია და ღრმა უთიერთობისათვის. პრინციპის მიღების გარეშე ჩვენ შესაძლებლობებს ვართმევთ სხვებს და ვპატიობთ საკუთარ თავს წარუმატებლობას, რაც მინიმუმ უმოქმედობისა და ჩაურთველობის შენარჩუნების საშუალებას იძლევა.
პრინციპი „ყველას აქვს საკმარისი რესურსი“ – ამ პრინციპის გაზიარებით, ჩვენ ადამიანში ან საკუთარ თავში ვხედავთ რესურსებსა და შესაძლებლობებს და არა ბარიერებსა და უუნარობას.
პრინციპი „არჩევანი ყოველთვის საუკეთესოა“ – ამ პრინციპის გაზიარება, ჩვენი ან ზოგადად ადამიანის მიერ გაკეთებული არჩევანის სწორი-არასწორის მიხედვით განხილვისგან განთავისუფლებას ნიშნავს. ასეთი განხილვა არაფრის მომტანია, დროს ვერ დავაბრუნებთ და ვერაფერს შევცვლით, კონკრეტული არჩევნის გადაწყვეტილებაში კი შესაძლოა ისეთმა ნიუანსებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც ახლა არავის ახსოვს, ადამიანი კი ცოცხალი დგას თქვენს წინაშე აქ და ამჟამად.
პრინციპი „ადამიანს პოზიტივი ამოძრავებს“ – ამ პრინციპის გაზიარება საშუალებას გვაძლევს მივაგნოთ იმ ჭეშმარიტს, რაც ადამიანს ამოძრავებს და არ დავაბრალოთ, ბოროტებას, ავადმყოფობას, სოციალურ კონტექსტს ან სხვა თავის გასამართლებელ რაციონალიზაციას გადაწყვეტილების, არჩევანის, ქცევისა თუ ხასიათის თავისებურებები, არაპოპულარულიც და სოციალურად მოსაწონიც.
პრინციპი „ცვლილებები მუდმივია და გარდაუვალი“ – პრინციპის გაზიარება გვაძლევს იმის გაცნობიერებას, რომ სამყარო იცვლება და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად გვინდა თუ არ გვინდა, ახლა არჩევანია გასაკეთებელი დინებას მივყვეთ თუ…
ამ პრინციპებზე მსჯელობას ახლა არ გავაგრძელებ და ჯერჯერობით მკითხველისთვის მიმინდია. მხოლოდ გაზიარება საკმარისი არაა, მუდმივი მსჯელობა და გაცნობიერებაა საჭირო.
ICF-ის საიტზე და არა მხოლოდ, შეიძლება კომპეტენციებისა და მათი მნიშვნელობების გაცნობა.
ეს ყველაფერი გავლენას ახდენს შენს პიროვნებაზე, შენს იდენტობაზე, ღირებულებათა სისტემაზე და მასთან კავშირზე. აქედან გამომდინარე იცვლება ქცევებიც და დამოკიდებულებებიც საკითხებისადმი.
ეს ცოდნა გვეხმარება საკუთარი თავისა და გარემოს უკეთესად შეცნობაში, შესაძლებლობების დანახვაში, მრავალფეროვნების მიღებაში და საკუთარი წარმატების ავტორობაში და შემდეგ ამ წარმატების სოციალიზაციაში. ეს ბოლო ფრაზა ალბათ განმარტებას მოითხოვს, სოციალური და პირადი წარმატება სხვადასხვა რამ არის. სოციალურმა წარმატებამ შესაძლოა სულაც არ მოგვიტანოს ბედნიერება, ხოლო პირადმა წარმატებამ კმაყოფილება, ამიტომ პირადი წარმატების სოციალიზაცია ის ქმედებაა, რომელიც პირად წარმატებას სოციუმისთვის დასანახ წარმატებად აქცევს და კმაყოფილებასაც მიიღებთ და ბედნიერებასაც.
HR hub: რამდენად იცვლებიან ადამიანები ქოუჩ სესიების მერე?
ადამიანები იცვლებიან ზოგადად, როგორც უკვე ვთქვი – ეს ერიქსონის ერთ-ერთი პრინციპია, რომელსაც ვეთანხმები და ვიზიარებ. შეიძლება ითქვას ქოუჩინგის პერიოდში ეს ცვლილება ოპტიმალურად და მიზანმიმართულად მიმდინარეობს. თუ ცვლილება არასასურველი ან შეუმჩნეველია, მაშინ ქოუჩინგი წარუმატებელია და თვითონ ქოუჩინგის პროცესშია ცვლილება შესატანი. ქოუჩინგის ამოსავალი ქოუჩი (კლიენტი) არის, ამიტომ ზუსტად მისი სწავლის, განვითარებისა თუ ემოციური მდგომარეობის (ან კიდევ სხვა) ტრანსფორმაცია და ამ ტრანსფორმაციის ტემპი ზუსტად ისეთია, რომელსაც შეგვიძლია იდეალური ვუწოდოთ ამ კონკრეტული ადამიანისთვის. ქოუჩი ტრანსფორმაციულ გარემოს ქმნის და პროცესს წარმართავს, ხოლო შედეგებზე და ცვლილებებზე პასუხისმგებელი კლიენტი თვითონ არის. თუ ქოუჩს აქვს რაიმე სხვა ინტერესი, რამდენად კეთილშობილურიც არ უნდა იყოს ის (მაგ: უფრო მოტივირებული გახადოს კლიენტი), მაშინ იგი ქოუჩ-პოზიციას კარგავს და ეს უკვე ქოუჩინგი არაა. შეიძლება წარმატებული პროცესია, მაგრამ სხვა და არა ქოუჩინგი.
HR hub: ხშირად ერევათ ერთმანეთში ქოუჩი და ფსიქოლოგი. რა განასხვავებს მათ ერთმანეთისგან?
ფსიქოლოგი მეცნიერია, რომელიც მეცნიერება ფსიქოლოგიას ემსახურება. თქვენ ალბათ ფსიქოთერაპია და ფსიქო-კონსულტაცია იგულისხმეთ… მოდით მეც ტერმინ „ფსიქოლოგს“ გამოვიყენებ.
ფსიქოლოგი ფსიქოლოგიური ან მათ შედეგად აღმოცენებული პრობლემების გადაჭრაზე მუშაობს, ქოუჩინგი კი მომავალში რაიმის კონსტრუქციულ ცვლილებაზე, მიღწევაზეა ორიენტირებული. თუ ქოუჩინგისას ვხედავთ, რომ არსებობს ფსიქიკური დარღვევები, აუცილებელია ქოუჩინგის პროცესის შეწყვეტა და ფსიქიატრის ან ფსიქოთერაპევტის ჩართვა. ასევე, თუ ვხედავთ რომ რაიმე შინაარსი წარსულიდან ადამიანს მომავალზე კონსტრუქციული კონცენტრირების საშუალებას არ აძლევს, მაშინ სასურველია ფსიქო-კონსულტანტის ან ფსიქოთერაპევტის ჩართვა. თანამედროვე ფსიქოთერაპიული სკოლებიც ძირითადად მომავალზე არიან მიმართული, მაგრამ მათი მიზანი ფსიქიკური ჯანმრთელობა, ადამიანის ფსიქიკური მობილიზაცია და ადეკვატურობაა, ხოლო, ქოუჩინგი კონკრეტულად მომავალის კონსტრუირებაზეა მიმართული. მისი ამოცანა ადამიანის თავისებურებების მობილიზაციაა ოპტიმალური მომავალი ტრანსფორმაციისთვის, როგორც პირადი (ინტრაპერსონალური) ასევე, მისი, როგორც გარემოზე მაქსიმალურად ეკოლოგიური ზემოქმედების მომხდენის.
HR hub: როგორ ფიქრობთ რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ქოუჩს?
იმ შემთხვევაში თუ გინდათ რაიმე შეცვალოთ და იმ შემთხვევაშიც თუ გინდათ შეცვალოთ და არ იცით რა. ეს ნახევრად ხუმრობით.
ყველა ქოუჩინგის პროცესს საკუთარი შეთანხმება აქვს, გრძელვადიანი და ასევე, თითოეულ სესიას საკუთარი – სესიის. რა თქმა უნდა ორივე შეიძლება შეიცვალოს თუ ამის საჭიროებას კლიენტი ხედავს ან ეთანხმება კონტრაქტის გადახედვის შესახებ ქოუჩის შეთავაზებას და ისევ კლიენტი აყალიბებს მას ქოუჩის თანადგომით, როდესაც ადამიანი იცვლება მას ახალი ხედვა აქვს და თავდაპირველ შეთანხმებაზე დარჩენა უაზრობაა. ბევრი რომ აღარ ვილაპარაკოთ თუ რამე გაქვთ მისაღწევი, შესაცვლელი, გასაცნობიერებელი, განსავითარებელი და ა.შ. ან ყველაფერი ერთად, ქოუჩინგი თქვენთვისაა!
თუმცა ქოუჩის შერჩევა კიდევ ერთი პროცესია, რომელსაც ასევე დაფიქრება და ინფორმაციის გაანალიზება სჭირდება. აქ მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი, არის თუ არა სერთიფიცირებული, სერტიფიცირების რომელი დონე აქვს, და ორი ყველაზე მთავარი, შეესაბამება თუ არა მისი სტილი თქვენს პიროვნებას და რა გინდათ მიიღოთ ქოუჩინგის შედეგად!
HR hub: რას ურჩევდით მათ, ვინც ქოუჩინგით დაინტერესდება?
თუ ვინმე უფრო ღრმად დაინტერესდება, ქოუჩთა საერთაშორისო ფედერაციის საქართველოს ჩაპტერი მაისში აწყობს ღია კვირეულს „გამოსცადე ქოუჩინგი“, ან სწავლის სურვილის გაჩენისას შეუძლია მიმართოს ორგანიზაცია გროვინს. ასევე, შესაძლებელია საკუთარი ქოუჩის მოძებნაც, ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ სასურველია ICF-ში აკრედიტაცია ჰქონდეს ან რომელიმე ისეთი სკოლის სერთიფიკატი, რომელიც აკრედიტირებულია ICF-ში.
მადლობა შესაძლებლობისთვის, გამომეხატა აზრი და თუ ვინმესთვის იგი მნიშვნელოვანი ან თუნდაც, საინტერესო აღმოჩნდა, მე ამით ბედნიერი ვიქნები.