ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის ფონზე აუცილებელია, რომ ბიზნეს სექტორმა გააგრძელოს მუშაობა და არ მივიღოთ ეკონომიკის სრული კოლაფსი. თუმცა, რა თქმა უნდა კომპანიების სამუშაო პროცესის გაგრძელება უნდა მოხდეს დასაქმებულების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვის ფონზე.HR-hub ესაუბრა ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოებისა საკონსულტაციო კომპანია “SafCo”-ს დირექტორს თორნიკე თოდრიას. მან მოგვაწოდა საკმაოდ საჭირო რეკომენდაციები და დოკუმენტები, რაც ვფიქრობთ ბიზნესის ყველა სექტორს გამოადგება.
ბატონო თორნიკე, რა შეგიძლიათ გვითხრათ შექმნილ სიტუაციაზე და ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სფეროს როლზე ასეთ დროს?
გლობალური პანდემიის ფონზე აუცილებელია, რომ ყველა კომპანიამ გაიაზროს თავისი როლი საერთო საქმეში და გაიზიაროს სოციალური პასუხისმგებლობა. ამ რთულ პერიოდში ცოტა ხნით უნდა გადავდოთ მხოლოდ კომერციულ მოგებაზე ფიქრი და მაქსიმალურად გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება სხვებს.
დამეთანხმებით, რომ სწორედ ასეთი საგანგებო სიტუაციებისას კიდევ უფრო ჩნდება და იზრდება შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის კომპანიების როლი და პასუხისმგებლობა. ყოველდღიურად რადიკალურად იცვლება სიტუაცია, მოთხოვნები და რეგულაციები, მკაცრდება სახელმწიფო კონტროლი და ვრცელდება უამრავი სახის ინფორმაცია. ამიტომ ბიზნეს სექტორში შეინიშნება ცოტაოდენი დაბნეულობა, რაც სავსებით გასაგებია.
რა რეკომენდაციები და დოკუმენტები შეგიძლიათ გაუზიაროთ ბიზნესს, რაც დაეხმარებათ მათ გლობალური პანდემიის ფონზე შედარებით უსაფრთხოდ გააგრძელონ მუშაობა?
ჩვენ შევეცდებით მცირედი წვლილი შევიტანოთ ბიზნეს სექტორისთვის ინფორმაციის მიწოდების, ახალ მოთხოვნებთან და რეგულაციებთან ადაპტირების და ასეთ რთულ პერიოდში მინიმალური ზარალით საქმიანობის გაგრძელების პროცესში. მოგეხსენებათ, რომ “საფკო” არის რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის პარტნიორი და პროვაიდერი, ასევე ჩვენ ვართ ქვეყანაში არსებული რამდენიმე მსხვილი ბიზნეს ასოციაციის წევრი. ამ წყაროებიდან ჩვენ გამუდმებულ რეჟიმში მოგვდის სასარგებლო ინფორმაცია, ფორმები, რეკომენდაციები, გეგმები, ჩეკლისტები და ა.შ. ჩვენ თავი მოვუყარეთ, დავამუშავეთ და ადაპტირება გავუკეთეთ იმ ინფორმაციას, რაც ვფიქრობთ საქართველოში მოქმედ კომპანიებს გამოადგებათ სამუშაოების უფრო უსაფრთხოდ და ახალ მოთხოვნებთან შესაბამისად წარმოებაში.
გიზიარებთ ჩვენს და ჩვენი პარტნიორების მიერ შემუშავებულ დოკუმენტაციას:
1. ზოგადი რეკომენდაციები COVID-19 ის შესახებ
აქ შეხვდებით ზოგად ცნობებს და რეკომენდაციებს, რომელიც გამოსადეგია ყველა ადამიანისთვის. ამობეჭდეთ და გააკარით საერთო სივრცეებში. ამით ხელს შეუწყობთ სწორი და საჭირო ინფორმაციის გავრცელებას და ადამიანების ინფორმირებას:
COVID – 19 – ზოგადი ინფორმაცია და რეკომენდაციები
2. ვირუსთან ბრძოლა სახლის პირობებში – დეზინფექცია და პრევენციული ზომები
ამ დოკუმენტში განხილულია, თუ რა ზომების მიღებაა საჭირო სახლის პირობებში ვირუსთან საბრძოლველად. გაუზიარეთ თქვენს თანამშრომლებს ინფორმაცია დეზინფექციის, ჰიგიენის, ვირუსის ზედაპირებზე სიცოცხლის ვადის და სხვა საჭირო ინფორმაციის შესახებ. მოწოდებული ინფორმაცია დაფუძნებულია მხოლოდ წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებზე, როგორიცაა ამერიკის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და სხვა.
იხილეთ ქართულ და ინგლისურ ენაზე:
COVID-19-თან ბრძოლა სახლის პირობებში
Battling with COVID-19 (at home)
3. უსაფრთხოების რეკომენდაციები სახლიდან მუშაობისას
პანდემიის პირობებში სულ უფრო მეტ ადამიანს უწევს სახლიდან (დისტანციურად) მუშაობა. დღეს ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა ამ რეჟიმზეა გადასული. სახლიდან მუშაობას ახლავს გარკვეული უსაფრთხოების და ფსიქიკური ჯანმრთელობის ასპექტები, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია ყველა დამსაქმებლის და დასაქმებულის მიერ. იხილეთ ჩვენი საერთაშორისო ტრენინგ კურსები ს პროვაიდერი კომანიის IOSH-ის და საფკოს ერთობლივი რეკომენდაციები ქართულ და ინგლისურ ენაზე:
სახლიდან მუშაობა – უსაფრთხოების რეკომენდაციები
Work from Home – Safety Recommendations
4. ინფექციური დაავადებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების გეგმა
ვფიქრობთ, ეს დოკუმენტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ჩამონათვალში. ჩვენს ბევრ პარტნიორ კომპანიას სახელმწიფომ მოსთხოვა მსგავსი გეგმის შემუშავება, იმისათვის, რომ მათ მიეღოთ სამუშაოების გაგრძელების ნებართვა. დოკუმენტში გაწერილია პანდემიის და ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხის დროს მოქმედების გეგმა. დოკუმენტი სრულად ითვალისწინებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ამ ეტაპზე გაცემულ რეკომენდაციებს. დოკუმენტი არის “ვორდის” ფორმატში და არის ზოგადი ხასიათის. გადმოწერეთ, შეცვალეთ, მოარგეთ თქვენს სპეციფიკას და გამოიყენეთ საქმიანობის უსაფრთხოდ გაგრძელების უზრუნველსაყოფად.
ინფექციური დაავადებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების გეგმა
5. კომპანიის ტერიტორიაზე / ობიექტზე შესვლამდე შესავსები კითხვარი
გთავაზობთ მოკლე, მარტივ კითხვარს, რომელიც რეკომენდირებულია, რომ შეავსოს ყველა პირმა ობიექტზე შესვლამდე. ამობეჭდეთ და გამოაკარით შესასვლელში, ან გადაეცით დაცვის თანამშრომლებს, რომ მათ უზრუნველყონ ეს კონტროლი. ამ კითხვარიდან რომელიმე კითხვაზე დადებითი პასუხის გაცემის შემთხვევაში არ დაუშვათ პირი ობიექტზე და მიიღეთ შესაბამისი პრევენციული ზომები.
6. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის პასუხები
გიზიარებთ ჩვენი პარტნიორი ასოციაციის ICCA-ს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხს, რომელზეც ოფიციალური პასუხი გასცეს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის წარმომადგენლებმა. საუბარია ბიზნეს სექტორისთვის დაწესებულ ახალ შეზღუდვებსა და მათი შესრულების გზებზე.
ვიმედოვნებთ, რომ მოწოდებული ინფორმაცია გამოსადეგი იქნება თქვენი საქმიანობისთვის და მცირედით მაინც გაგიადვილებთ ცხოვრებას ამ მძიმე პერიოდში. ჩვენ შევეცდებით რეგულარულად განვაახლოთ ხოლმე ეს სია და დავამატოთ საჭირო ინფორმაცია, ამიტომ ეწვიეთ ჩვენს ბლოგს – https://safco.ge/blog.
თუ ფიქრობთ, რომ შევძლებთ თქვენს დახმარებას, მოგვწერეთ და დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს.
ყოველთვის გვიგულეთ თქვენს გვერდში!
გისურვებთ ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას!
საფკოს გუნდი