რამდენიმე დღის წინ NBC–ის პირდაპირ ეთერში ინტერვიუ ჩამოართვეს ნანა მაღრაძეს, რომელიც ნიუ-იორკის ცენტრალურ პაკრში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციალისტის პოზიციაზე მოხალისედ მუშაობს.
ნანა სტუდენტია და 7 წელია რაც ამერიკაში ცხოვრობს. ვირუსს არ უშინდება და პირველ ხაზზე აქტიურად იბრძვის. HR hub დაუკავშირდა მას და ინტერვიუ ჩამოართვა.
HR hub: ნანა მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ?
უკვე 3 წელია რაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციალისტი ვარ იგივე EMT (Emergency medical technician). ნიუ იორკში სასწრაფოზე მუშაობენ EMT-ები და არა ექიმები, როგორც ეს საქართველოშია.
თითქმის ყოველ შაბათ-კვირას ვმუშაობ ცენტრალური პარკის სასწრაფოზე, ასევე ებრაელი ქალების სასწრაფოზე, რომელიც ცალკეა და მათაც ვეხმარები, როგორც მოხალისე. არასოდეს ამ საქმეში ფული არ ამიღია და როცა დრო მაქვს ეს არის ჩემი ჰობი. ამით ვერთობი ასე ვთქვათ.
პანდემიის გამო ამერიკის მთავრობა დაუკავშირდა ჩვენს სასწრაფოს და გვთხოვეს რომ 911-ს დავხმარებოდით, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი რეკავს და ფაქტიურად სახელმწიფო და კერძო სასწრაფოებს არ შეუძლიათ უპასოხონ ყველა გამოძახებას. ჩვენმა სააგენტომ გადმოგვცა თხოვნა და ვინც ახალგაზრდები ვართ ვეხმარებით თითქმის ყოველდღე ხან დღეში 8 ან 16 საათი გარეთ ვართ და ვპასუხობთ ხანდახან ძალიან მძიმე გამოძახებებს.
HR hub: რატომ გადაწყვიტეთ მოხალისედ მუშაობა?
მოხალისეობა ძალიან მიყვარს. ბავშვობიდან უამრავ პროექტში ვარ ჩართული. მთელი ცხოვრება მოხალისე ვარ განსაკუთრებით სამედიცინო სფეროში. მიუხედავად იმისა რომ უნივერსიტეტში ვსწავლობ ებრაელთმცოდნეობას, ეს არის მეორე საქმიანობა, რომელიც ძალიან მაინტერესებს. ვეცადე ეს ორი რაღაც შემეთავსებინა ერთამენთისთვის. ამიტომ გადავწყვიტე მოხალისეობა. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
ამასთან ერთად ვხვდები ძალიან საინტერესო ხალხს, მითუმეტეს ცენტრალურ პარკში. გვაქვს სხვადასხვანაირი შემთხვევა პაციენტებთან და ძალიან საინტერესოა იქ მუშაობა. თან ულამაზესი პარკია და მოკლედ როცა თავისუფალი დრო მაქვს ყოველთვის მივდივარ ცენტრალურ პარკში. ჩვენი სააგენტო მხოლოდ მოხალისეებისგან შედგება და ხალხის შემოწირულობებით ფუნქციონირებს.
HR hub: რა არის საჭირო მოხალისეობრივი საქმიანობისთვის?
მე უკვე 3 წელია რაც ლიცენზია ავიღე და აქ ვმუშაობ. იმისათვის რომ გავმხდარიყავი EMT, წავედი სპეციალურ სკოლაში, რომელიც 6 თვიანია. ძალიან ინტენსიური სწავლება მიმდინარეობს. არის უამრავი გამოცდა. როდესაც დავამთავრე ეს სკოლა, ჩავაბარე ნიო იორკის შტატის სალიცენზიო გამოცდა და ამის შემდეგ დავიწყე უკვე მოხალისედ მუშაობა. შემიძლია ვიმუშაო ჩვეულებრივ სასწრაფოზე სადაც ხელფასს გადამიხდიან, თუმცა ვარ სტუდენტი და ეს იყო ასე ვთქვათ ჩემი ჰობი რომ აქ მემუშავა.
იმისათვის, რომ ცენტრალური პარკის სააგენტოში მოვხვედრილიყავი, შევავსე აპლიკაცია, გავიარე ინტერვიუები, შეამოწმეს ჩემი მონაცემები და მხოლოდ ამის შემდეგ მიმიღეს. თავიდან ვიყავი მხოლოდ დამხმარე, სანამ ვისწავლიდი ყველაფერს. ახლა ვარ ერთ-ერთი მთავარი სპეციალისტი.
HR hub: ალბათ ძალიან დიდი რაოდენობით ხალხი მოგმართავთ დღის განმავლობაში?
ძალიან ბევრი ზარია. სხვა შტატებიდანაც ჩამოვიდნენ მოხალისეები. ნიუ-იორკში მილიონობით ადამიანი ცხოვრობს და ყველა რეკავს როგორც კი სიმპტომებს შენიშნავენ. ძალიან დატვირთულები ვართ. ყოფილა შემთხვევა, რომ წყლის დალევის დროც არ გვქონია, მაგრამ იმედია მალე ყველაფერი კარგად იქნება.
HR hub: როგორი ვითარებაა ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით და რამდენად იცავს მოსახლეობა წესებს?
დღეს გვაქვს კარგი დღე, რადგან დაიკლო გარდაცვლილთა რაოდენობამ, რაც ძალიან გვახარებს, თუმცა დაინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. ხშირად მეკითხებიან რატომ არის ნიუ-იორკში დაინფიცირებულთა მაღალი მაჩვენებელი. პირველ რიგში ძალიან მჭიდროდ დასახლებულია და უამრავი ადამიანი ცხოვრობს პატარ-პატარა სახლებში. ხშირად გიწევს ხალხთან ურთიერთობა განსაკუთრებით ტრანსპორტში.
თავიდან ხალხი არ იცავდა წესებს. რასაც მოჰყვა მერის და გუბრენატორის რეაგირება და ახლა უკვე თუ ახლოს დგახართ რამდენიმე ადამიანი, პოლიცია გთხოვთ დისტანციის დაცვას და თუ არ დაემორჩილებით, ჯარიმას იღებთ როგორც მახსოვს 1500$-ის ოდენობით. თუმცა ამ ეტაპზე ყველა მაქსიმალურად იცავს წესებს და ქუჩები აბსოლუტურად ცარიელია.
HR hub: მოგვიყევით მოხალისეობის გარდა რით ხართ დაკავებული?
ამ ეტაპზე ვარ ბოლო კურსის სტუდენტი. კოლეჯში ვსწავლობ ებრაელთმცოდნეობას და ასევე მეცნიერებას. კიდევ ბევრი სხვადასხვა მოხალისეობრივი საქმიანობით ვარ დაკავებული. ძირითადად სამედიცინო მიმართულებით. მიფიქრია იმაზე, რომ წავიდე სამედიცინო განხრით კოლეჯს რომ დავამთავრებ, თუმცა საქართველოსგან განსხვავებით აქ ცოტა სხვანაირი სისტემაა. გჭირდება 4 წლიანი ბაკალავრის ხარისხი. არ აქვს მნიშვნელობა რა მიმართულებით, თუმცა აუცილებელია უნივერსიტეტში ასევე გაიარო სპეციალური საგნები, როგორებიცაა სამეცნიერო საგნები: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგიური ქიმია და ა.შ. შემდეგ შეგიძლია ჩააბარო სამედიცინოზე მისაღები ურთულესი 8 საათიანი გამოცდა. ამის შემდეგ კიდევ უნდა გაიარო გასაუბრებები და მხოლოდ ამის მერე შეიძლება მოხვდე სამედიცინოზე.
მიფიქრია ამაზე, თუმცა ძალიან რთული გზაა და ამ ეტაპზე არ ვფიქრობ. კოლეჯს რომ დავამთავრებ ებრაელთმცოდნეობის განხრით დავიწყებ მუშაობას. ვაპირებ რამდენიმე წელი ავიღო შესვენება სწავლის მხრივ და შემდგომ ვნახოთ. თუმცა აუცილებლად გავაგრძელებ მოხალისეობრივ საქმიანობას სამედიცინო მიმართულებით, მიუხედავად იმისა გავხდები თუ არა ექიმი. ალბათ უფრო ებრაელთმცოდნეობის განხრით წავალ.