შემოგვიერთდით

რატომ და როგორ გავხდეთ ფრილანსერი? რჩევები ნებისმიერი პროფესიის ადამიანს

დღევანდელმა რეალობამ გვაჩვენა, რომ პროფესიების უმრავლესობა არც ისეთი სტაბილურია როგორიც გვეგონა და სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე ნებისმიერ დროს შეიძლება დავკარგოთ შემოსავლის წყარო. 

სამსახურის სტაბილურობა ბევრ რამეზეა დამოკიდებული. პროფესიების უმრავლესობა ვითარდება, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მათი საჭიროება დასაქმების ბაზარზე, იძენს ახალ ფუნქციებს ან საერთოდ ქრება შრომის ბაზრიდან. გარდა იმისა, რომ ჩვენ მუდამ უნდა ვიზრუნოთ პროფესიულ და თვითგანვითარებაზე, უნდა ვეცადოთ ჩვენი შემოსავლის წყარო არ იყოს დამოკიდებული ერთ კომპანიაზე.

დღესდღეობით, ბევრი პროფესია იძლევა იმის საშუალებას რომ დამატებითი შემოსავალი გვქონდეს და გავხდეთ ფრილანსერები, ანუ დისტანციურად შევასრულოთ დამატებითი სამუშაო სხვადასხვა ორგანიზაციისა თუ პროექტისთვის და მივიღოთ დამატებითი შემოსავალი. ამისათვის საჭიროა:

  1. კარგად დაგეგმოთ თქვენი სამუშაო დრო!

პირველ რიგში რაციონალურად გადაანაწილეთ თქვენი დრო, რამდენ საათს უთმობთ ძირითად სამსახურს, რა დრო შეგიძლიათ გამოყოთ დამატებითი სამსახურისთვის და რა დღეებში შეგიძლიათ მუშაობა. იქნება ეს დისტანციურად თუ ადგილზე, საჭიროა მეტნაკლები სიზუსტით შეადგინოთ თქვენი სამუშაო გრაფიკი.

  1. დამატებითი სამსახურისთვის აირჩიეთ საქმე, რომელიც განიჭებთ სიამოვნებას!

გარდა იმისა, რომ დამატებითი სამსახური დამატებით შემოსავალს გპირდებათ, რაღაც დროის შემდეგ მიხვდებით რომ მოტივაციისთვის მხოლოდ ფული არაა საკმარისი და საქმე, რომელსაც დაიმატებთ უნდა გსიამოვნებდეთ კიდეც. შეიძლება თქვენი მიმდინარე სამსახური და საქმე არ განიჭებდეთ სიამოვნებას, თუმცა რადგან შემოსავალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ხანდახან “იძულებულნი” ხართ აკეთოთ ის. თუმცა დამატებითი საქმის აღების დროს, ეს სქემა ნამდვილად არ იმუშავებს. ამიტომ, თქვენი ცოდნა და უნარებიდან, შეარჩიეთ ის მიმართულება, რომელიც უფრო მეტად გსიამოვნებთ და გიყვართ.

  1. გამოდით ნაჭუჭიდან

რაც არ უნდა კარგად დაგეგმოთ თუ რა შეიძლება გააკეთოთ დამატებით, ამას არავინ შემოგთავაზებთ თუ არ დაანახეთ თქვენი მზაობა შესაბამის პროფესიულ წრეებს. ამისათვის სოციალური ქსელები ძალიან კარგი საშუალებაა – FACEBOOK, LINKEDIN. ეცადეთ, გაწევრიანდეთ სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფში, რომლებიც მრავლად არის FACEBOOK-ზე შექმნილი, სადაც ხშირად აზიარებენ მსგავს ვაკანსიებს. აგრეთვე, იაქტიურეთ პროფესიულ სოციალურ ქსელ LINKEDIN-ზე, გამოხატეთ ინტერესი, გააზიარეთ პროფესიული ინფორმაცია და ა.შ. გარდა სოციალური ქსელებისა, ეცადეთ იაროთ შესაბამის შეკრებებზე იქნება ეს ტრენინგი თუ პროფესიული კონფერენციები, სადაც Networking-ისთვის დათმობილი დრო სწორად შეგიძლიათ გამოიყენოთ და გაიცნოთ ადამიანები, რომლებიც დასაქმებაში და პროფესიული წრეების გაზრდაში დაგეხმარებიან.

ხშირად იწერება სტატიები, იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული პროფესიის ქონა. ეს ერთი ორად გაზრდის დამატებითი სამსახურის დაწყების შანსებს, რადგან ნაკლები იქნება ინტერესთა კონფლიქტი სამსახურებს და თქვენს დავალებებს შორის, აგრეთვე გექნებათ მრავალფეროვანი საქმე, რაც ნაკლებ რუტინული იქნება.

გახსოვდეთ, რომ ახალი საქმის დაწყება გვიანი არასოდეს არ არის, მით უფრო დღევანდელ ციფრულ სამყაროში, სადაც ინფორმაციიის ხელმისაწვდომობისა და განვითარების შესაძლებლობა იმაზე უფრო მაღალია ვიდრე ოდესმე.

ავტორი: ომო ტერტერაშვილი