შემოგვიერთდით

დანკინის საოპერაციო დირექტორი უჩა ჩიხლაძე გახდა

პროფესიით ფინანსისტია, თუმცა 13 წელია სარესტორნო ბიზნესშია. მუშაობა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რესტორანში ჭურჭლის მწმენდავის პოზიციაზე დაიწყო და რამდენიმე წელიწადში მისი ხელმძღვანელობით ყველასათვის საყვარელი თავშეყრის ადგილი, ნებისმიერი კუთხიდან მოწვეულ სტუმარს ჭეშმარიტ ქართულ სამზარეულოს რომ აზიარებს, წლის საუკეთესო რესტორანი, ხოლო თავად უჩა სამგზის წლის საუკეთესო ხელმძღვანელი გახდა.

გზა მარტივი არ ყოფილა, თუმცა საქმის სიყვარულმა მოიყვანა იქამდე, რომ დღეს უკვე ლეგენდარული ამერიკული ბრენდის – დანკინის საოპერაციო დირექტორია. ახალ პოზიციასა და გამოცდილებაზე HR hub უჩა ჩიხლაძეს ესაუბრა და საინტერესო ინტერვიუც მოგიმზადათ.

HR hub: უჩა რას გვეტყვი სარესტორნო სფეროში შენი გამოცდილების შესახებ?

მე ამ სფეროში მოღვაწეობა დავიწყე 2007 წელს ყველაზე დაბალი პოზიციიდან – ჭურჭლის მწმენდავი. შემდეგ იყო დამხმარე მიმტანის პოზიცია, მიმტანი, ქსელის მენეჯერი, მენეჯერი და ბოლო 4 წელი ვიყავი მმართველი დირექტორი. განათლებას რაც შეეხება დამთავრებული მაქვს ფინანსები და საბანკო საქმე.

ამ 13 წლის განმავლობაში მქონდა წელიწადნახევრიანი წყვეტა, როცა გადავწყვიტე თითქოს ჩემი პროფესიით წავსულიყავი. მალევე მივხვდი, რომ ეს უფრო ჩემი საქმეა და ის, რაც მიყვარს, ვიდრე ბანკი და ამიტომ დავბრუნდი. ჯერჯერობით კიდევ დიდი ხანი არ ვაპირებ პროფესიის შეცვლას.

HR hub: სულ რამდენიმე დღეში ოფიციალურად დაიკავებთ დანკინის საოპერაციო დირექტორის პოზიციას. მოგვიყევით როგორ დაიწყო თქვენი და დანკინის დამეგობრების ისტორია?

რაც შეეხება დანკინს, კარგად შესწავლილი მქონდა ეს კომპანია. ვიცოდი რომ ძალიან სწრაფი ტემპებით განვითარებადი ორგანიზაციაა, რომელიც არ ჩერდება ერთ ადგილზე, არასდროს  აქვს სტაგნაცია და სულ წინ და წინ მიდის. ზუსტად ეს იყო ძალიან საინტერესო და მისაღები. ყოველთვის ახალი გამოწვევის წინაშე ხარ ყოველდღე და არ გაქვს იმის განცდა, რომ ერთ ადგილზე გაჩერდი, პირიქით თუ შრომობ შედეგსაც იღებ.

ოფიციალურად 5 ოქტომბრიდან შევუდგები მუშაობას სრული ენთუზიაზმით და მთელ ჩემს გამოცდილებას ჩავდებ ამ ყველაფერში.

HR hub: როგორ ფიქრობთ რას შეიძენს დანკინი თქვენი სახით?

დანკინი ჩემი სახით შეიძენს  ერთ-ერთ სტაბილურ და შრომისმოყვარე თანამშრომელს. ჩემთვის ყველაზე კარგი და დადებითი მხარე არის ის, რომ ვარ ინოვატორი, მიყვარს ახლის ძიება, ძველისა და ახლის სინთეზი, შერწყმა, ამიტომ ვფიქრობ ჩემი და დანკინის თანამშრომლობა ძალიან საინტერესო იქნება. ბევრ სიახლეს გპირდებით.

HR hub: სამომავლო გეგმებს ხომ ვერ გაგვიმხელთ?

გეგმები რა თქმა უნდა ბევრი გვაქვს, რომლებსაც სამწუხაროდ ვერ გაგიმხელთ. ერთ-ერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ვაპირებთ ბევრი ახალი პროდუქციის შექმნას, რომელიც ქართველ მომხმარებელს აკლია. ინოვაცია იქნება, რომლის მონახაზი უკვე გვაქვს. ამ დღეებში დავიწყებთ დამუშავებაა და მალევე ჩაეშვება ყველა ქსელში.

HR hub: როგორ ფიქრობთ რა არის საჭირო კარიერული წინსვლისთვის?

როცა პირველად მუშაობა დავიწყე მეც მქონდა ის განცდა, რაც 90%-ს აქვს, რომ აი ცოტა ხანს ვიმუშავებ, კონკრეტულ თანხას შევაგროვებ და მერე წავალ. თუმცა იმდენად საინტერესო და გამოწვევებით სავსე სფერო აღმოჩნდა, რომ სამსახური გახდა ნომერ პირველი ჩემთვის. წარმატებისთვის საჭიროა შრომა, პასუხისმგებლობა და შენი საქმის სიყვარული. თუ სამსახურში მხოლოდ იმ განწყობით მიდიხარ, რომ საათს უყურებ და ერთი სული გაქვს როდის წამოხვალ, გამორიცხულია რამდენიმე წელში მიაღწიო უფრო მაღალ საფეხურს. როცა ჯერ საქმეს წინ წევ, ბოლომდე მიგყავს და მერე მიდიხარ სახლში, მაშინ უფრო გამოდის. სწორედ ეს იყო ჩემი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი. ყოველთვის ვმუშაობდი იმ პრინციპით, რომ კმაყოფილი სტუმარი ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩემი სტუმარი, რომელსაც ერთხელ მოვემსახურებოდი ის, რომ მეორედ მოვიდოდა და ჩემს სახელს იკითხავდა, ეს ყველაფერი იყო ჩემთვის.

HR hub: ეტყოდით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა იწყებენ დანკინში მუშაობას?

ჩემი პირველი რჩევა იქნება, რომ თავის დაკისრებულ საქმეში ჩადონ მაქსიმუმი. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა კომპანიის მხრიდან არცერთი თანამშრომელი არ დარჩება რეაგირების გარეშე, ჩვენი მხრიდანაც იქნება წახალისება და საბონუსე სისტემაც. ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ უკვე ახალ-ახალი მენეჯერების თაობა წამოვა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ მთავარია მაქსიმუმი ჩადონ.