ერთი წელია რაც მთელი მსოფლიო უჩვეულო და მძიმე რეჟიმით ცხოვრობს. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი კომპანიებზეც აისახა. რაც შეეხება სუპერმარკეტებს, ისინი გაორმაგებული ძალებით მუშაობენ. საკმაოდ რთულია იმ პირობებში როცა ქვეყანაში პანდემია მძვინვარებს და მთელი რიგი შეზღუდვებია, უზრუნველყო შენი ობიექტის გამართულად მუშაობა. ჩვენ ვესაუბრეთ სს ,,ნიკორა ტრეიდის” HR დეპარტამენტის უფროსს თათია ბაკაშვილს და დავინტერესდით როგორ უმკლავდება კომპანი ახალ გამოწვევებს.
თათია: მოგეხსენებათ სს ,,ნიკორა ტრეიდი“ სტრატეგიული დანიშნულების ობიექტია, რომლის ფუნქციონირებაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის და საბედნიეროდ, კომპანიის თითოეული თანამშრომელი გრძნობს რაოდენ მნიშვნელოვანია მათ მიერ შესრულებული სამუშაო დღეს, ამ რთულ პერიოდში. შესაბამისად, ერთიანი ძალებით ვცდილობთ გადავლახოთ ყოველდღიური წინააღმდეგობები, რომელსაც პანდემია გვიქმნის, არ ვნებდებით და მაქსიმალური შემართებით ვემსახურებით ჩვენს საქმეს.
HR hub: ძალიან ბევრი გამოწვევა გქონდათ, იგივე გადაადგილების შეზღუდვა, რეკომენდაციების სრული დაცვა, რაც მარტივი ნამდვილად არ არის. როგორ ფიქრობთ გაართვით თავი ყველაფერს?
ნამდვილად, შეიძლება ითქვას გამოწვევებით სავსე 2020 წელი გვქონდა, ბევრი მკაცრი რეგულაციისა და შეზღუდვის თანხლებით. მოგეხსენებათ, ჩვენი საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად დავიცვათ დადგენილი წესები და რეგულაციები. ჩვენ ხომ ძალიან ბევრი ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე ვართ პასუხისმგებელნი – როგორც ჩვენი თანამშრომლების, ასევე ჩვენს სავაჭრო ობიექტებზე მობრძანებული მომხმარებლების. პირველი ტალღის დაწყებისთანავე მენეჯმენტმა ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად დაიწყო მოქმედება და საკმაოდ სწრაფად მოვახდინეთ ახალ რეალობასთან ადაპტირება. რაც შეეხება ტრანსპორტირების შეზღუდვას – ეს ნამდვილად ერთ-ერთი ურთულესი გამოწვევაა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი კომპანია საკმაოდ მასშტაბურია და გვაქვს ფილიალები როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს სხავადასხვა რეგიონებში. გარდა ამისა, დედაქალაქში არსებულ ფილიალებში საკმაოდ დიდი რაოდენობით გვყავს დასაქმებული პირები ახლომდებარე რეგიონებიდან (ქარელი, კასპი, გორი და ა.შ) ტრანსპორტირების შეზღუდვამ ძალიან რთული გამოწვევის წინაშე დაგვაყენა, რა თქმა უნდა, მოხდა თანხების მობილიზება თანამშრომლების ტრანსპორტირების მიზნით.
მიუხედავად სირთულეებისა, კომპანია განაგრძობს დასახული მიზნისკენ სვლას და გაფართოებას, უწყვეტად ვაგრძელებთ ახალი ფილიალების გახსნას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ თანამშრომელთა შერჩევის პროცესი არც ერთი დღე არ შეგვიჩერებია, თუმცა კოვიდ შემთხევევების ზრდასთან ერთად შევცვალეთ მიდგომები, გადავედით გასაუბრების ონლაინ რეჟიმზე, ასევე მოგვიწია ახალი თანამშრომლების მომზადების/სწავლების სისტემის შეცვლა, არსებულ რეალობაზე მორგებით, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ჯერჯერობით წარმატებით ვართმევთ თავს და სიხარულით გეტყვით, რომ როგორც პირველი ტალღის, ასევე მიმდინარე პერიოდშიც, მაქსიმალურად შევინარჩუნეთ თანამშრომლები და ჩვენი ინიციატივით არც ერთ ჩვენი გუნდის წევრს არ დავმშვიდობებივართ, ხოლო იმ თანამშრომლებს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო, ამ პერიოდში ვერ ახერხებენ სამსახურში სიარულს, რა თქმა უნდა, ენახებათ მათი სამუშაო ადგილები.
HR hub: თანამშრომლების რეაქციები როგორი იყო ცვლილებებზე, რომლებიც კომპანიაში განხორციელდა? სს „ნიკორა ტრეიდში“ გვჯერა, რომ კომპანიას და მის წარმატებას სწორედ თანამშრომლები ქმნიან. ჩვენს თანამშრომლებს გაცნობიერებული აქვთ, თუ რა განაპირობებს იმ თითოეულ ცვლილებას, რომელიც ტარდება და საკმაოდ სწრაფად ახერხებენ ცვლილებებთან ადაპტირებას. ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჩვენს თანამშრომელს იმ გმირობისთვის, რომელიც 2020 წლის ჭრილში გამოავლინეს, ისინი ხომ ყველდღიურად თავდაუზოგავად შრომობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენმა მომხმარებელმა შეუფერხებლად შეძლოს სასურველი პროდუქციის მიღება. თანამშრომლების საქმისადმი ასეთი პასუხისმგებლობით მიდგომა ძალიან გვეხმარება პანდემიის შედეგად შექმნილი წინააღმდეგობების გადალახვაში.
HR hub: 2020 რომ შევაჯამოთ ყველაზე დიდი სირთულე რა იყო თქვენთვის, როგორც HR-ისთვის?
შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი კარიერის მანძილზე 2020 წელი არის ყველაზე რთული წელი, რომლის განმავლობაშიც ძალიან ბევრი სირთულის დაძლევა მომიწია, ბევრი პროცესის სრულიად განსხვავებულად განხორციელება. კომპანიაში უამრავი საინტერესო, თანამშრომლების განვითარებაზე ორიენტირებული პროექტი გვქონდა დაგეგმილი 2020 წელს თუმცა, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე და დადგენილი წესებისა და შეზღუდვების გათვალისწინებით, ზოგიერთი მათგანი დროებით შევაჩერეთ, ზოგიერთ მათგანში კი ცვლილებები შევიტანეთ და ისე განვახორციელეთ. ამ რთულ პერიოდში, განსაკუთრებით ვცდილობთ თანამშრომლებმა მუდმივად იგრძნონ მენეჯმენტის თანადგომა და ზრუნვა. 2020 წელს ჩვენს მიერ განხორციელებული განვითარებაზე და მოტივაციაზე ორიენტირებული თითოეული პროექტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
პირველი ტალღის პერიოდში მოხდა თანხების მობილიზება, დამატებითი ბიუჯეტის გამოყოფა თანამშრომელთა მხარდასაჭერი პრემიების მიზნით, აგრეთვე, მიუხედავად სირთულეებისა კომპანიაში დანერგილი საბონუსე სისტემა ყოველთვიურად წარმატებით ხორციელდება.
რამდენიმე დღის წინ კი დავასრულეთ საახალწლო საჩუქრებზე მუშაობა და ვაპირებთ, რომ მივულოცოთ ჩვენი გუნდის წევრებს დამდეგი შობა-ახალი წელი.
HR hub: როგორ ფიქრობ, გარდა უარყოფითისა, რაიმე კუთხით პოზიტიური გავლენა იქონია პანდემიამ კომპანიაზე?
მიმაჩნია, რომ ნებისმიერი სირთულე, დაბრკოლება არის ერთგვარი გაკვეთილი, რომელიც უფრო გვაძლიერებს და ახალ ცოდნასა და უნარებს გვძენს. პანდემიამ დაგვანახა ადამიანებს ჩვენი შესაძლებელობები, თუ რამდენად ძლიერია თითოეული ჩვენგანი, რამდენად სწრაფად შეგვიძლია ცვლილებებთან ადაპტირება, როგორ ეფექტურად შეგვიძლია გუნდური მუშაობა. თითოეული პრობლემური სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი, მთავარია პრობლემის სწორი ანალიზი და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება. ამ რთულ პერიოდში არაერთხელ გავხდი ადამიანური სოლიდარობის შემსწრე როგორც სამსახურში, ისე სამსახურს გარეთ და ეს ფაქტი ძალიან მახარებს.
როგორც უკვე აღვნიშნე, პანდემიის პერიოდში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა, გუნდის თითოეული წევრის პასუხისმგებლობა, და ვამაყობ, რომ სს „ნიკორა ტრეიდი“ დღემდე ეფექტურად ვახერხებთ ამ სირთულეებს ერთიანი ძალებით გავუმკლავდეთ.