HRhub.ge აგრძელებს ინტერვიუებს HR პროფესიონალებთან. რუბრიკის “HR მენეჯერი“ სტუმარია, ქრისტინე ჩიქოვანი – Pubgenius inc-ის ტალანტების შეჩევისა და განვითარების ხელმძღვანელი.
HR hub: რა მიმართულებით დაიწყო თქვენი პირველი კარიერულ გამოცდილება და როგორ განვითარდა ის დროთა განმავლობაში?
ყოველთვის მომწონდა HR-ის მიმართულება, 2012 წელს ჩავაბარე კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტში ევროკავშირის გრანტით, ადამიანური რესურსების მენეჯმენტის სამაგისტრო საფეხურზე, რომელიც პოლონეთის რესპუბლიკისთვის იყო გამოყოფილი. ამას შემდგომ მოჰყვა მეორე გრანტი და რეგენსბურგის უნივერსიტეტში საერთაშორისო ადამიანური რესურების ფაკულტეტი, შემდგომ უკვე ერთ-ერთ უმსხვილეს ამერიკულ საინვესტიციო ბანკში დავიწყე მუშაობა და ამ დროიდან მოყოლებული HR მიმართულებას არ მოვცილებულვარ.
HR hub: თქვენ HR hub Next – ის მენტორი ხართ, როგორი ემოციაა როდესაც გამოცდილებას ახლა უკვე დამწყებ კოლეგებს უზიარებთ?
ზოგადად იმდენად მიყვარს HR -ის მიმართულება, რომ მინდა ამ კუთხით მეტად გაიზარდოს ცნობიერება საქართველოში, მეტად დაინახონ ამ პოზიციის საჭიროება და აქედან გამომდინარე მთელი ენერგიით ვუზიარებ ყველაფერს რაც გამომივლია, რაც წამიკითხავს და რაც მინდა, რომ HR -ში მომავალში განვავითარო. როცა მენტორი ხარ აანალიზებ თუ რამდენი რამ გაქვს გამოვლილი, მაგრამ ამასთანავე იმასაც ხედავ თუ კიდევ წინ რამდენი რამე გაქვს კიდევ გასაკეთებელი. ზოგადად ძალიან მიყვარს ცოდნის გაზიარება, სადაც არ უნდა ვიყო და ვისთანაც არ უნდა ვიყო თუ რამე ვიცი რამე კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით ყოველთვის ვაზიარებ მითუმეტეს ეს თუ იმ საქმეს ეხება რაც მე მიყვარს. ჩემთვის დიდი სიამოვნებაა ის, რომ ადამიანებზე შემიძლია დადებითი გავლენა მოვახდინო, რაღაც მიმართულება მივცე და ამით მათ წარმატებას შევუწყო ხელი. მენტორობა არის გამოწვევაც და უდიდესი პასუხისმგებლობაც, რადგან სწორედ შენზეა დამოკიდებული თუ როგორ დაანახებ ამ პროფესიის მნიშვნელობას. სიმართლე გითხრათ HR ჩემთვის პროფესიაზე მეტია და სწორედ ამ ყველაფერის გადმოცემას ვცდილობ მომავალი პროფესიონალებისთვის.
HR hub: მოგვიყევით, როგორ გადაიკვეთეთ Pubgenius inc-სთან და რას გულისხმობს თქვენი სამუშაო პოზიცია?
გაგიზიარებთ მცირე ნაწილს, ჩემი პოზიციის ფარგლებში მიწევს შერჩევა დაქირავების სრული სპექტრის სტრატეგიის შემუშავება და მართვა, რომელიც არ ეხება მხოლოდ ამერიკის ბაზარს, არამედ მთლიანად მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში თანამშრომელთა შერჩევას. ძალიან აქტიურად ვმუშაობ ტოპ მენეჯმენტთან სტაფინგის სტრატეგიის განსაზღვრასა და შემუშავებაზე. გარდა ამისა, ვინაიდან გუნდის წევრები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები არიან, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მრავალფეროვნების ეფექტური მართვა და ეს ის თემაა რომელზეც მუდმივად მინდოდა მემუშავა და გამიმართლა კიდევაც.
HR hub: ამერიკულ კომპანიაში მოხვედრა მარტივი ნამდვილად არ არის. რა სირთულეები ახლავს ამ პროცესს?
სიმართლე გითხრათ, სირთულე არ არსებობს თუ იცი საკუთარ თავზე სწორად როგორ იმუშაო. მე პირადად, მუდმივად მინდოდა გლობალურ ბაზარზე მემუშავა და ამისთვის საკუთარ თავს ვამზადებდი, ჩემთვის ყოველი დღე წარმოუდგენელია რაღაც სიახლისა და კითხვის გარეშე. აუცილებელია თვითგანვითარებას დაუთმო დღეში რამდენიმე საათი, დღეს უკვე მნიშვნელოვანია სწრაფად ერგებოდე გარემო პირობებს, შესაბამისად ფართოდ ავითარებდე საკუთარ თავსაც. პირველ რიგში პროფესიასთან ერთად ინგლისური ენის ძალიან კარგი ცოდნა აუცილებელია. კონკურენცია ყველგან ძალიან მაღალია და თან ახლა სჭირდებათ მეტად ისეთი ადამიანები, რომლებიც არამხოლოდ პოზიციიდან შეხედავს კომპანიას არამედ მთლიანად ბიზნესის ჭრილიდან. ასევე ამერიკაში სტარტაპ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება ერთ-ერთი სავალდებულო კრიტერიუმად იქცა.
HR hub: რა დაბრკოლებების გადალახვა მოგიწიათ იმისათვის, რომ ამჟამინდელი პოზიციისთვის მიგეღწიათ?
თითოეულ დაბრკოლებას გამოწვევად აღვიქვამ, ამიტომ როცა რამე მინდა მას აუცილებლად ვაღწევ დაუზოგავი შრომის შედეგად. HR ის სწავლა პირველად დავიწყე პოლონურ ენაზე და შეიძლება ეს ბევრისთვის დაბრკოლება ყოფილიყო, მაგრამ ჩემთვის გამოწვევა იყო. შეიძლება რამე არ ვიცოდე, შეცდომებს, როგორც ყველა მეც ვუშვებ, მაგრამ ამ ყველაფერს ისევ და ისევ გამოწვევებად ვუყურებ და ვცდილობ, გავაანალიზო რატომ ვერ მივაღწიე კონკრეტულ მომენტში წარმატებას,რომ შემდგომისთვის უკეთ მოვემზადო. ზოგჯერ მქონია მომენტები, როცა ენერგია არ მყოფნიდა რაღაცის ბოლომდე მისაყვანად, მაგრამ არ ვნებდებოდი, საბოლოდ მაინც მივდიოდი შედეგამდე. ჩემი მიდგომა ისაა, რომ დიდ მიზანი მაქვს და ამისთვის ნაბიჯ ნაბიჯ მივიწევ წინ, ესე ერთბაშად შეუძლებელია მოვიდეს, ყოვლედღე უნდა ამატო რათა საბოლოო შედეგი მიიღო, ამიტო მოდით ასე ვთქვათ თითოეული ჩემი გადადგმული ნაბიჯი გამოწვევა უფრო იყო ვიდრე დაბრკოლება ან მარცხი.
HR hub: რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ და უკავშირდება თუ არა ისინი ისევ საქართველოს?
ჩემი გეგმები ამ ეტაპზე გლობალურ ბაზარსაც და საქართველოსაც უკავშირდება.