შემოგვიერთდით

ბედნიერება სამსახურში = პროდუქტიულობის ბუსტერს

რამდენად ხშირად გიფიქრიათ, რომ ადგილი სადაც მუშაობთ თქვენთვის არ არის? ვერ გრძნობთ თავს კომფორტულად გუნდში? არ მოგწონთ დავალებები რომლებზეც მუშაობთ ან საქმე რომელსაც აკეთებთ?
თუ ხშირად ფიქრობთ ასე, მაშინ მართალი ხართ, ეს სამსახური თქვენთვის არ არის და რამდენჯერაც არ უნდა მოგიმატონ ხელფასი ან დაჯილდოვდეთ პრემიით ეს ვერ შეინარჩუნებს თქვენი მოტივაციის დონეს და
პროდუქტიულობის ხარისხს.
ვფიქრობ, ყველა გუნდის თუ კომპანიის ლიდერმა ეს უნდა იცოდეს და ეგუებოდეს აზრს, რომ პროდუქტიულობის მთავარი ბუსტერი არის ბედნიერება სამსახურში. დღეს, როცა ძალიან ტრენდულია „მსახური ლიდერების“ როლი, უმნიშვნელოვანესია ვგრძნობდეთ არიან თუ არა ჩვენი თანამშრომლები ბედნიერები სამსახურში.

რატომ ღირს ვფოკუსირდეთ თანამშრომლების ბედნიერებაზე? ბედნიერი ადამიანი არის ოპტიმისტი და პოზიტიური, შესაბამისად ის ნაკლებს წუწუნებს პრობლემის არსებობაზე და ეძებს გზას მის მოსაგვარებლად. მარტივად რომ ვთქვათ, ხედავს არა მხოლოდ პრობლემას არამედ მისი მოგვარების გზასაც. ბედნიერი ადამიანი კარგი გუნდური მოთამაშეა. ბედნიერი ადამიანი უფრო ენერგიულია და მეტ საქმეს აკეთებს. ბედნიერი ადამიანები კრეატიულები არიან და დებენ ინოვაციურ იდეებს.
სამსახურში ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანია ორმხრივი მხარდაჭერა: თვითმოტივაცია და ზრუნვა საკუთარ ბედნიერებაზე და მენეჯერების როლი თანამშრომლების ბედნიერებისთვის.
მე ვიტყოდი, პირველი შემთხვევა გაცილებით მარტივია, რადგან არავინ გიცნობთ იმაზე უკეთ ვიდრე თქენ იცნობთ საკუთარ თავს. გაიაზრეთ და მიიღეთ ის, რომ ანაზღაურება არ არის ბედნიერებაზე მნიშვნელოვანი. დამატებითი 1000 ლარი ვერ გაგრძნობინებთ თავს ბედნიერად თუ გააგრძელებთ იმის კეთებას რაც არ გაინტერესებთ და თუ გააგრძელებთ მუშაობას იმ გარემოში რომელიც არ მოგწონთ.
იპოვეთ საქმე, რომელიც გაინტერესებთ, სადაც თავს გრძნობთ მნიშვნელოვნად, ხვდებით რომ თქვენი წვლილი შეგაქვთ სიახლის შექმნაში. ხოლო თუ ასეთ საქმეს აკეთებთ და გარე ფაქტორები აფერხებს თქვენი ბედნიერების დონეს სამსახურში, მაშინ დაუსვით კითხვა თქვენს თავს: როგორ შეიძლება ეს გამოსწორდეს? შემდეგ კი აუცილებლად გადადგით ნაბიჯები შემაფერხებელი ფაქტორების მოსაგვარებლად. ცდად ნამდვილად ღირს!
რაც შეეხება მეორე მხარეს და თანამშრომლების ბედნიერებაზე ზრუნვას. მარტივი მაგალითით რომ ავხსნათ, წარმოიდგინეთ რომ თქვენს თანამშრომელს აქვს შვილის დაბადების დღე და სურს იმუშაოს ნახევარი განაკვეთით ან აიღოს დასვენების დღე, თქვენ კი ჯიუტად უარყოფთ მის თხოვნას (რასაკვირველია თუ კრიტიკულად მნიშვნელოვნად არ ფუჭდება საქმე). როგორ ფიქრობთ რამდენად პროდუქტიული იქნება ეს თანამშრომელი სამსახურში?
ასევე, ვთქვათ, თანამშრომლები გთხოვენ, რომ ინტერიერი, სადაც მუშაობენ, საჭიროებს შეცვლას, კოსმეტიკურ განახლებას. თქვენ კი არ გინდათ გაწიოთ ფინანსური ხარჯი, როგორ ფიქრობთ როგორ აისახება ეს გადაწყვეტილება თანამშრომლების ბედნიერების ინდექსზე და შემდეგ როგორ გავლენას იქონიებს მათ პროდუქტიულობაზე?
ეს მაგალითები ხაზს უსვამს იმ მცირე დეტალებს, რომლებიც ერთი შეხედვით კავშირში არ არის თანამშრომელთა პირდაპირ მოტივაციასთან, მაგრამ აუცილებლად აისახება მათი ბედნიერების სკალაზე და ისევ თქვენს ბიზნესში დაიდება პროდუქტიულობის შედეგები.
ბედნიერება არამარტო სამსახურში არამედ ნებისმიერ სხვა სფეროში წარმატების ფუნდამეტური საფუძველია, შესაბამისად თუ იზრუნებთ საკუთარი თავის თუ თანამშრომლების ბედნიერებაზე აუცილებლად იქნებით წარმატებული.
სტატიის ავტორი: სალომე ცუცქირიძე