დღესდღეობით, უფრო და უფრო მეტი კომპანიის თანამშრომლები ჩივიან იმაზე, რომ მათი კუთვნილი Weekend სინამდვილეში Workend-ია და უქმეებზე თითქმის ჩვეულებრივი გრაფიკით უწევთ მუშაობა. Boundless-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2000 გამოკითხულიდან თითქმის 65%-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ მუშაობს უქმეებზე ზეგანაკვეთური ანაზღაურების გარეშე. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, ექსტრა ანაზღაურების არსებობის შემთხვევაში ეს ადამიანები წელიწადში დამატებით საშუალოდ 3359 ფუნტ სტერლინგს უნდა იღებდნენ.
გამოკითხულთა 82%-ს ბოლო 6 თვის განმავლობაში 1 უქმე დღე მაინც აქვს სამსახურში გატარებული, რომელთაგან დაახლოებით მეოთხედი შეადგენდა თითქმის სრულ სამუშაო დღეს – 5-8 საათს. დღეების მიხედვით განსხვავება კიდევ უფრო მძაფრია, გამოკითხულთაგან შაბათს მინიმუმ 29% მუშაობს, ხოლო მთელ კვირა დღეს სამსახურში 23% ატარებს. საშუალოდ, დაქირავებულები ყოველ მესამე შაბათ-კვირას სამსახურში სრული დატვირთვით ატარებენ.
გარდა ამისა, საჯარო სფეროში მომუშავე ადამიანების დაახლოებით 60% მიიჩნევს, რომ მისი ანაზღაურება შესრულებული სამუშაოს შესაბამისი არ არის, ხოლო 46% თვლის, რომ ხელფასი მეტისმეტად დაბალია.
როგორც Boundless-ის მარკეტინგის მენეჯერი ჯეიმს რობერტსონი ამბობს, განსხვავება საჯარო და კერძო სექტორებს შორის სამუშაოს ხასიათშიც ვლინდება. მაგალითად, კერძო სექტორში მომუშავე ადამიანებისთვის უქმეებზე მუშაობის სტიმულს კარიერული ზრდა და თვითდამკვიდრება წარმოადგენს, როცა საჯარო სექტორში ერთადერთ მიზეზად დიდი რაოდენობის სამუშაოს შესრულება სახელდება. სტატისტიკამ გამოავლინა, რომ კარიერული ზრდა, როგორც სტიმული, კერძო სექტორში მომუშავეთა 8%-მა აღნიშნა, როცა ეს რაოდენობა საჯარო სექტორში მხოლოდ 4%-ია. ასევე, საჯარო სექტორში მომუშავე ადამიანების 33% უქმეების დატვირთვის მიზეზად არასაკმარის სამუშაო ძალასა და ზღვა სამუშაოს ასახელებს, როცა კერძო სექტორში ასე მხოლოდ 23% ფიქრობს.
და მაინც, რატომ აძლევენ ადამიანები სამსახურს თავიანთ ცხოვრებაში ასე შემოჭრის უფლებას? უმრავლესობა აღნიშნავს, რომ საქმე მათ უფროსებშია. მენეჯერთა უმრავლესობა ლოგიკურად მიიჩნევს ადამიანების შრომას უქმე დღეებზე და მეტიც, შესაძლოა დასაქმებულის მხრიდან პროტესტის გამოხატვას მისი გათავისუფლება ან კარიერული კრახი მოჰყვეს. გამოკითხულთა 33% აღნიშნავს, რომ თუ უქმეებზე არ იმუშავებს, ორშაბათი ნამდვილ ჯოჯოხეთად ექცევა როგორც საქმის რაოდენობის, ასევე უფროსის უკმაყოფილების თვალსაზრისით.
ამასთანავე, როგორც გაირკვა, უქმეებზე შესასრულებელი მთავარი „საქმე“ რეალურად მეილების შემოწმებას და მათზე პასუხის გაცემას მოიცავს, რასაც გამოკითხულთა ნახევარზე მეტი აღნიშნავს.
უქმეებზე შესასრულებელი სამუშაოს შესამცირებლად, დაახლოებით 30% აღნიშნავს, რომ პარასკევობით დაახლოებით 3-4 საათით მეტს მუშაობს, ვიდრე კონტრაქტითაა გაწერილი, მაგრამ ამის მიუხედავად, მათი თითქმის ნახევარი უქმეებზე თავს უფრო მშვიდად ან ბედნიერად სულაც არ გრძნობს.
აქედან გამომდინარე, ალბათ გასაკვირი არაა, რომ დაახლოებით 9% იტყუება, რომ უქმეებზე იმუშავა. ამასთანავე, საინტერესოა, რომ 35 წელს ქვემოთ მუშაკები დაახლოებით 2-ჯერ უფრო მეტად იტყუებიან უქმეებზე მუშაობასთან დაკავშირებით, ვიდრე ასაკიანი ადამიანები. ასეთივეა სტატისტიკა საჯარო და კერძო სექტორებში, სადაც ამ უკანასკნელში 2-ჯერ მეტად იტყუებიან.
საბოლოოდ, ჯეიმს რობერტსონმა კვლევის შედეგი შემდეგნაირად შეაფასა:
„მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ საქმე სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს. გამოკითხულთა ნახევარი აღნიშნავს, რომ უქმეებზე ასეთი დატვირთვით მუშაობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის მათ Work-Life ბალანსს და იმ დროს, რომელსაც ოჯახს უნდა უთმობდნენ, მეილებზე პასუხის გაცემაში ატარებენ. ეს სიტუაცია თუ არ გამოვასწორეთ, მომავალში შესაძლოა სამსახურმა ჩვენს ცხოვრებაზე დომინანტური პოზიცია მოიპოვოს, რასაც მხოლოდ უარყოფითი შედეგების მოტანა შეუძლია.“
რატი წიკლაური
წყარო: hrnews.co.uk