შემოგვიერთდით

როგორ ვაქციოთ თანამშრომლები ნამდვილ ლიდერებად?

ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, 21-ე საუკუნე აქამდე არნახული კომპლექსურობითაც გამოირჩევა. მომავლის აბსოლუტური ბუნდოვანებისა და ბიზნეს გარემოს სწრაფი ცვალებადობის გამო, დღითიდღე უფრო რთულდება ხანგრძლივ პერსპექტივაში დაგეგმილი სტრატეგიების აღსრულება ან ახლების შემუშავება. შესაბამისად, ადამიანური რესურსების მენეჯმენტშიც დაისვა ახალ პრობლემასთან გამკლავების საკითხი. გარდა გენიალური აღმასრულებელი დირექტორისა, რომელიც ასევე გენიალურ იდეებსა და სტრატეგიებს შემოგვთავაზებს, საჭიროა ჩვენი თანამშრომლებიც მიეჩვიონ მოვლენების უფრო ფართოდ დანახვას, ვიდრე მათი კონკრეტული სამუშაო პროექტებია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დღევანდელ სამყაროში უბრალოდ შემსრულებლების ადგილი აღარაა, კომპანიებს წარმატების მისაღწევად უკვე ლიდერები ესაჭიროებათ, თუნდაც იერარქიული კიბის ყველაზე დაბალ საფეხურებზე.

„ყველაზე მარტივი საშუალება თანამშრომლების ლიდერებად ქცევისთვის მათთვის “მაგიდიდან თავის აწევის” და კომპანიასი მიმდინარე მოვლენებზე ფართოდ დაკვირვების სწავლებაა“ – აცხადებს IBM აზიის ყოფილი ხლმძღვანელი გარი ნელსონი. „სწორედ ამას ვგულისხმობთ, როცა შემსრულებლების ლიდერებად ქცევის სურვილს გამოვთქვამთ“.

„მას შემდეგ რაც ეს ადამიანები დაიწყებენ ინიცატორული უნარ-ჩვევებისა და სურვილების გამოვლინებას, გაუჩნდებათ მათ რასობრივად, კულტურულად თუ განათლების თვალსაზრისით განსხვავებულ კოლეგებთან უფრო გახსნილი კონტაქტის სურვილი, გაიზრდება კოლაბორაციისა და კრიტიკული აზრის გავრცელების დონე“.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მომავალ ლიდერებს მივცეთ თვით-განვითარების საშუალება და დავანახოთ გუნდური მუშაობის უპირატესობები. ამ დავალების შესრულება კი შემდეგი ნაბიჯების გადადგმითაა შესაძლებელი:

  • ჩვენმა თანამშრომლებმა უნდა განავითარონ მოსმენის უნარები;
  • უნდა დაიწყონ კითხვების აქტიურად დასმა და არ ერიდებოდეთ დეტალებში შესვლა;
  • უნდა შეეძლონ რისკების დანახვა და ობიექტურად შეფასება.

„თქვენ მათ უნდა დაეხმაროთ თავიანთი დანიშნულების უფრო ფართოთ დანახვაში. ერთეული პროექტების შესრულების გარდა მათ უნდა გაიაზრონ საკუთარი და კოლეგების როლი და რაც ყველაზე მთავარია, მიეჩვიონ გუნდურ მუშაობას. ამის შედეგად, ეს ადამიანები საკუთარი თავის ტრენერები გახდებიან “ – აცხადებს ექსპერტი.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ლიდერობის მთავარ განმსაზღვრელ უნარ-ჩვევებად ე.წ. პროფესიონალური და მყარი პიროვნული მახასიათებლები იგულისხმებოდა, რაც შეუვალობას, საკუთარი საქმის მაღალ დონეზე ცოდნას, მართვისა და დელეგირების უნარს და მსგავსი ტიპის თვისებებს მოიცავდა, მაგრამ ნელ-ნელა აქტიური ხდება უფრო კომუნიკაციური ურთიერთობის ფორმები.

მაგალითად, HR მენეჯერისთვის ერთი მხრივ საკმაოდ მარტივია გაუძღვეს ადმინისტრაციული თუ პროფესიული ტიპის სამუშაოს, მაგრამ საქმე ბევრად რთულდება, როცა ადამიანებთან ურთიერთობა ერთი მხრივ მკაცრი იდეოლოგიის გატარებას, ხოლო მეორე მხრივ მათში ლოიალურობისა და მეგობრულ დამოკიდებულებას ეხება.

აქედან გამომდინარე, დღესდღეობით კომპანიები და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტები აქტიურად მუშაობენ ამ ე.წ. „რბილი“(Soft) უნარების გამომუშევაბასა და პრაქტიკაში დანერგვაზე. თუმცა, ეს უნარები მხოლოდ HR-ისთვის არ არის მნიშვნელოვანი. ჩვენი თანამშრომლებისგან ნამდვილი ლიდერების აღზრდის პროცესში, მათ უნდა ავუხსნათ და პრაქტიკულად ვაჩვენოთ ემოციური კომუნიკაციის როლი და გავლენა ადამიანზე. ლიდერი, რომელიც ვერ ახერხებს ემოციური კავშირების მართვას, წინასწარვეა განწირული.

ნამდვილი ლიდერის ჩამოყალიბებისთვის საჭიროა როგორც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების ფორმირება, ასევე საურთიერთო და ემოციური ტიპის კავშირების დამყარების უნარები, რომლებიც ბევრად უფრო რთული მოსაპოვებელია და დიდ დროსაც მოითხოვს.

რატი წიკლაური

წყარო: www.hcamag.com