შემოგვიერთდით

ჩვენი HR გუნდი: კომპანია – „Next Brand”

HR hub – მა გადაწყვიტა, გამოარჩიოს წარმატებული HR გუნდები და მათ შესახებ მოუყვეს საზოგადოებას! ამიტომ შევქმენით რუბრიკა: “ჩვენი HR გუნდი”. ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, გავიცნოთ კომპანიების/ორგანიზაციების HR გუნდების ყველა წევრი, ხოლო, მეორე მხრივ, კოლეგებსა და დანარჩენ საზოგადოებას გავაცნოთ წარმატებული, საინტერესოდ მოაზროვნე პროფესიონალები!

წარმოგიდგენთ კომპანია „Next Brand-ის“ HR გუნდს.

HR hub: მოგვიყევით კომპანიის/ორგანიზაციის შესახებ

Next Brand არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც შუამავლობს საფონდო ბირჟასა და პოტენციურ კლიენტებს შორის და წარმატებით ოპერირებს საერთაშორისო ფინანსურ ბაზარზე. ჩვენი თანამშრომლები უკავშირდებიან ჩვენს ბაზაში არსებულ უცხოელ კლიენტებს და როგორც აცნობენ ფინანსური ბაზრის შესახებ, ასევე რჩევებს აძლევენ და ეხმარებიან მათ სწორი სვლების გაკეთებაში.

HR hub: რამდენი თანამშრომელია თქვენს კომპანიაში?

ამჟამად კომპანია „ნექსთ ბრენდში“ დასაქმებულია 103 თანამშრომელი.

HR hub: გაგვაცანით თქვენი HR გუნდი

ადამიანური რესურსების სამსახური, გუნდი შედგება: შერჩევის მიმართულება, დამსაქმებლის ბრენდის განვითარება, ტრენინგი და თანამშრომელთა განვითარება, კომპენსაციები და ბენეფიტები, HR ადმინისტრირება:

  • თამარ გოცირიძე – HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • მარიამ ქეშელაშვილი – ადამიანური რესურსების მართვისა და HR ბრენდინგის მენეჯერი;
  • მარიამ ლაზარაშვილი – პირველადი შერჩევის მენეჯერი.

HR hub: თქვნი HR გუნდის მთავარი მიღწევა (ები)/პროექტი (ბი), რომელითაც ამაყობთ

ჩვენს გუნდს დიდი წვლილი მიუძღვის კომპანია „ნექსთ ბრენდის“ წარმატებაში, მის ასეთ სწრაფ განვითარებაში. მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ ორი წლის კომპანიაა, ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრი რეკორდი მოხსნა და მსოფლიოს ბაზარზე დაიმკვიდრა თავი. ჩვენი გუნდის მიღწევაა ისიც, რომ გყავს 100-ზე მეტი წარმატებული თანამშრომელი, რომლებიც სრულიად ჩვენი გუნდის დაკომპლექტებულია. გარდა ამისა, ჩვენ გავზარდეთ და დავატრენინგეთ ჩვენი პარტნიორი ოთხი კომპანიის HR გუნდი და დიდი წვლილი შევიტანეთ ამ კომპანიების თანამშრომლების დაკომპლექტებაში.

HR hub: კომპანიის ფასეულობები, ღირებულებები და თანამშრომლების მართვის უნიკალური კულტურა, რაც გუნდში გაქვთ.

Next Brand არის კომპანია სავსე საოცარი პოზიტივით, პროფესიონალებით, ახალგაზრდა, წარმატებული, მიზანდასახული გუნდით დაკომპლექტებული. ეს არის გუნდი, რომელიც ყოველდღიურად საკუთარი მიზანდასახულობით ახალ-ახალ სიმაღლეებს იპყრობს და არსებული შედეგით არ კმაყოფილდება. Next Brand საკუთარ თანამშრომლებს აძლევს უსაზღვრო შესაძლებლობს, სადაც თითოეულ მათგანს აქვს საშუალება მუდმივად გაიზარდოს როგორც პიროვნულად, ასევე კარიერული წინსვლის კუთხით. კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებაზე, ძალიან ხშირად ვასაჩუქრებთ წარმატებულ თანამშრომლებს სოლიდური პრიზებით, როგორებიცაა მაგალითად, საქართველოს ფარგლებში და საზღვარგარეთის საგზური, ლეპტოპი, პლაზმა, ტაბლეტი და ა.შ. ხშირად გვაქვს კორპორატიული წვეულებები, მთელი კომპანია მივდივართ შაბათი კვირის გასატარებლად ქალაქგარეთ. ამ ყველაფრის ორგანიზებაში რა თქმა უნდა ძირითადი წვლილი მიუძღვის ჩვენს გუნდს.

HR hub: რატომ არის გამორჩეული თქვენი HR გუნდი ?

ჩვენი HR გუნდი შედგება 3 წევრისგან. ჩვენი გუნდის წარმატებულობას პირველ რიგში ჩვენი გუნდურობა განაპირობებს. გუნდის წევრებს შორის სწორად გადანაწილებული და დაბალანსებული მოვალეობები, ერთმანეთის მხარდაჭერა და რაც უმნიშვნელოვანესია ნდობა, კომუნიკაციის მაღალი დონე, საერთო მიზნისკენ სწრაფვა, ერთმანეთის მიმართ მეგობრული დამოკიდებულება – ეს არის მთავარი მიზეზები, თუ რატომ არის ჩვენი გუნდი გამორჩეული და წარმატებული. ეს არის მიზეზი ჩვენი ყოველდღიური, ყოველთვიური, ყოველწლიური დიდი წარმატებების.

HR hub: თუ გაქვთ რაიმე ტრადიცია გუნდის წევრების მიღების ან გაცილების დროს ? მოგვიყევით

როდესაც გუნდში ვიღებთ ახალ წევრს, პირველ რიგში ვაწყობთ მათთვის “Welcome Meeting”, სადაც დეტალურად ვაცნობთ კომპანიის შიდა სამზარეულოს, მიმდინარე პროექტებს, მომავალ გეგმებს და ა.შ. გარდა ამისა, დაახლოებით ერთი კვირაში ვაწყობთ გასვლით საღამოს სასიამოვნო გარემოში, სადაც შეგვეძლება, არასამუშაო გარემოში ერთმანეთის უკეთ გაცნობა. ვთლით, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო გზა არის მიიღო ახალი წევრი და დაეხმარო მას ადაპტირდეს გუნდში. ჩვენი ასეთი მიდგომა ყოველთვის ამართლებს. რაც შეეხება თანამშრომლის გაცილებას, ეს ხდება მაქსიმალურად პოზიტიურად. პირველ რიგში, თანამშრომელთან გვაქვს პირადი შეხვედრა, სადაც ვაჯამებთ ჩვენს ერთად მუშაობას, სურვილისამებრ თანამშრომელი გვივსებს წასვლის კითხვარს. მიგვაჩნია, რომ როდესაც დამშვიდობება ხდება, ეს აუცილებლად გულისხმობს, რომ ორივე მხარეს ესმის, რომ შესაბამის პოზიციას შორის არის შეუთავსებლობა, ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ ადამიანს ვუთხრათ, რომ უფრო შესაფერის პოზიციაზე მეტად წარმატებული იქნება. ჩვენი მიზანია, რომ აუცილებლად დავრჩეთ მეგობრებად.

HR hub: როგორ აღნიშნავთ წარმატებას გუნდში?

წარმატება ეს არის ყველაზე მთავარი მოტივატორი ჩვენთვის როგორც კომპანიისთვის, ჩვენი თითოეული თანამშრომლისთვის. ყოველდღიური პატარ-პატარა მიღწევები, ერთი დიდი წარმატებაა, რომლისკენაც ყოველდღიურად მივისწრაფით. კომპანია „ნექსთ ბრენდში“ წარმატების აღნიშვნის სხვადასხვა გზები გვაქვს. ერთ-ერთი მაგალითია კორპორატიული წვეულებები. კომპანიაში ხშირად მიმდინარეობს შეჯიბრებები გუნდებს, დეპარტამენტებს შორის. გამარჯვებულები საჩუქრდებიან როგორც ფულადი ჯილდოებით, ასევე სხვადასხვა სასურველი პრიზებით როგორიცაა: საგზურები როგორც ქალაქგარეთ, ასევე საზღვარგარეთ და სხვ. ხშირად კი, ოფისშივე , ყველა ერთად ვიკრიბებით და ვსაუბრობთ, თუ რას მივაღწიეთ ერთად და ერთად ვხსნით შამპანიურს ჩვენი ერთობლივი წარმატების აღსანიშნავად. ჩვენ გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია, ხანდახან გავჩერდეთ, უკან მოვიხედოთ და გავიღიმოთ.

HR hub: თანამშრომლბის შერჩევისა და განვითარების რა პრაქტიკა, მიდგომები გაქვთ დანერგილი?

კანდიდატი გადის სხვადასხვა მოძიება-შერჩევის და რეკრუტინგის პროცესებს, სანამ ის შეირჩევა ჩვენი გუნდის წევრად. თუ რა ეტაპებს გაივლის აპლიკანტი, სანამ ის დასაქმდება ჩვენს კომპანიაში, დამოკიდებულია ვაკანტურ პოზიციაზეც. აპლიკანტის განხილვა ხდება მრავალი კრიტერიუმის კუთხით, დაწყებული მოტივაციიდან, შემართებით, მისი სხვადასხვა საკითხებისადმი დამოკიდებულებით, პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვებით, რამდენად მოერგება ის არსებულ გუნდს და სხვ. აღნიშნული კრიტერიუმების შემოწმება ხდება სხვადასხვა ტიპის გასაუბრებით (ტრადიციული, ბიჰევიორული,სტრესული, პანელური გასაუბრება, და სხვ. ) გარდა ამისა, აპლიკანტს უტარდება ტესტირება, როგორც პიროვნული, ასევე პროფესიული უნარ-ჩვევების შესამოწმებლად. მას შემდეგ რაც აპლიკანტი წარმატებით გაივლის რეკრუტინგის პროცესს და გახდება ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ ვიწყებთ მის კომპანიაში განვითარებაზე ზრუნვას. დასაწყისში თანამშრომელი გადის ინტენსიურ ტრეინინგს, სადაც ჩვენ ვაწვდით ყველა ინფორმაციას, რაც კი შეიძლება დასჭირდეს მუშაობის პროცესში. პირველი სამი თვის განმავლობაში დამატებით ვუტარებთ კვირაში ერთხელ ტრეინინგს,რათა მაქსიმალურად გავზარდოთ ამ პერიოდის განმავლობაში. კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

Next Brand სწრაფად მზარდი კომპანიაა, რაც გამოიხატება ხშირად ახალი დეპარტამენტების და ოფისების გახსნაში. ამ კუთხით, როდესაც საუბარია შედარებით მაღალ პოზიციებზე როგორიცაა მაგალითად, დეპარტამენტის მენეჯერი, სუპერვაიზერი, ჩვენ ვაცხადებთ კომპანიაში შიდა ვაკანსიას. ჩვენთვის პრიორიტეტულია დავაწინაუროთ უკვე არსებული თანამშრომლები, რომლებიც ჩვენ განვავითარეთ და გავზარდეთ ამ პოზიციამდე. ეს არის სრულიად გამჭირვალე სისტემა. როდესაც კომპანიაში გვაქვს ახალი ვაკანტური ადგილი ნებისმიერ თანამშრომელს, რომელიც თავს ხედავს ამ პოზიციაზე შეუძლია გააკეთოს განაცხადი. ისინი ამ შემთხვევაში გადიან გარკვეულ რიგ ეტაპებს, რის შემდეგაც ხდება შერჩეული კანდიდატის პოზიციაზე დაწინაურება. კომპანიისთვის პრიორიტეტულია, თანამშრომლებს მუდმივად შესთავაზოს განვითარების პრესპექტივა. ეს არის ის საკითხი, რაზეც ჩვენი გუნდი მუდმივად ზრუნავს. აქვე, აღსანიშნავია, რომ ჩვენთვის მთავარია, არა მხოლოდ პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება, არამედ პირად ღირებულებებზე მუშაობა. ამ საკითხზე ვზრუნავთ როგორც ყოველდღიურ რეჟიმში , ასევე პერიოდული ვორკშოპების სახით.