შემოგვიერთდით

რატომ ამცირებს პროდუქტიულობას ხანგრძლივი მგზავრობა სახლიდან სამსახურამდე?

მსოფლიო მასშტაბით ურბანიზაციის დონისა და ტრანსპორტის გეომეტრიული პროგრესიით ზრდასთან ერთად, დღითიდღე უფრო დამღლელი ხდება სამსახურში სიარული. გაუთავებელი საცობები, ხანგრძლივი სამგზავრო დრო, მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სამსახურის სიშორე ის პრობლემებია, რომლებიც სტაჟიორსაც და აღმასრულებელ დირექტორსაც თანაბრად აფერხებს.

Vodafone-ის მიერ ჩატარებული ბოლო დროინდელი კვლევის თანახმად, გამოკითხული 3000 დასაქმებულიდან, 82%-მა აღნიშნა, რომ ვალდებულია ყოველდღიურად იაროს სამსახურში, საიდანაც თითქმის მეოთხედი მისვლას საათზე მეტს ანდომებს. გარდა ამისა, გამოკითხულთა 48%-ს აღნიშნული ფაქტი განსაკუთრებული ყურადღების ღირსად არ მიაჩნია, ხოლო 18% ყოველდღიური ხანგრძლივი მგზავრობით ძალიან უკმაყოფილოა.

მეტიც, თანამშრომლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ სახლიდან სამსახურამდე მგზავრობის პრობლემების მოგვარება მათ სამუშაო დღეს ბევრად უფრო პროდოქტიულს გახდიდა, ხოლო 30% ფულის დაზოგვის შესაძლებლობასაც ახსენებს. პრობლემის ძირითად გადაჭრის გზად უმრავლესობას სამსახურთან ახლოს ცხოვრება ან საცხოვრებელთან ახლოს სამსახურის მოძიება ესახება.

ტონი ბეილი, ვოდაფონის რეგიონალური ბიზნესების ხელმძღვანელი, აღნიშნავს, რომ პრობლემა მართლაც რეალურია და მის გადასაჭრელად, დამქირავებლებმა უნდა გაწერონ ყოველდღიური გრაფიკი, სადაც დასახელებული იქნებიან ის ადამიანები, რომელთა მისვლაც ამა თუ იმ კონკრეტულ დღეს აუცილებელია, ხოლო დანარჩენთათვის, დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა უნდა დაუშვან.

„თუ თქვენ მუშაობთ ისეთ პროექტზე, რომელიც არ მოითხოვს თანამშრომლების უშუალო ფიზიკურ ყოფნას ოფისში, მაშინ რატომ უნდა ვაიძულოთ ისინი ყოველდღიურად გაიარონ პოტენციურად უსიამოვნო გზა სახლიდან სამსახურამდე?“ – წერს ბეილი.

როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, ამ პრობლემის მოგვარების გზაც ბიზნესის დიჯიტალიზაცია, გაციფრულებაა. HR წარმომადგენლებმა უნდა დაარწმუნონ მენეჯერები, რომ დისტანციური ტიპის მუშაობა არათუ ნაკლებ პროდუქტიულია, არამედ ეფექტურობით რამდენადმე აღემატება ოფისში, 8 საათის განმავლობაში, ერთ სამუშაო მაგიდასთან მუშაობას. მაგალითად, ვოდაფონის მიერ ჩატარებული სხვადასხვა კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ ვირტუალური მუშაობის შესაძლებლობის მქონე თანამშრომლების პროდუქტიულობა საშუალოდ 20%-ით იმატებდა. ამას გარდა, ისედაც ცხადია, რომ მგზავრობის დროის შემცირება დადებითად ისახება თანამშრომლის განწყობილებასა და შრომისუნარიანობაზე.

რაც შეეხება საქართველოს, კერძოდ კი თბილისს, აღნიშნული პრობლემა ბევრად უფრო მწვავეა. ყოველდღიურად საათობით(!) საცობებში დგომა, მოუწესრიგებელი საგზაო მოძრაობა და პარკირების სისტემა სამსახურში მისვლამდე უკლავს დასაქმებულს ყოველგვარ პოზიტივს, შრომისუნარიანობასა თუ განწყობას. ამიტომ, ქართველი HR-ების მიერ დისტანციური მუშაობის დანერგვა შესაძლოა ბევრად მომგებიანი აღმოჩნდეს პროდუქტიულობის თვალსაზრისით, ვიდრე ეს ევროპულ, შედარებით მოწესრიგებულ ქალაქებში ხდება. რა თქმა უნდა იმ პოზიციებზე, რაც სამსახურში მუდმივად ყოფნას არ მოითხოვს.

რატი წიკლაური

წყარო: hrmagazine.co.uk