შემოგვიერთდით

რეზიუმეები უახლოეს მომავალში ფაქტობრივად აღარ იარსებებს?

NASHVILLE—Accenture-ის გლობალური რეკრუტმენტის ხელმძღვანელი, ჯენიფერ კარპენტერი ფიქრობს, რომ რეზიუმეები, როგორც დამსაქმებლისა და კანდიდატის კომუნიკაციის პირველი ნაბიჯი, უახლოეს მომავალში ფაქტობრივად აღარ იარსებებს. შესაბამისად, დამსაქმებლებს მოუწევთ სრულიად ახალი, უფრო ძვირადღირებული და უფრო დახვეწილი შეფასებისა და სქრინინგის ინსტრუმენტების მოძიება და შემუშავება ტალანტის შესაფასებლად. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

„კანდიდატის პოტენციალი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი აქტივია კომპანიისთვის, ვიდრე რეზიუმეში ჩამოწერილი და გაურკვეველი სანდოობის მქონე უნარებისა და გამოცდილების სია. სინამდვილეში, რეზიუმეები გამორჩეულ და განსაკუთრებულ ტალანტს გვაკარგვინებს“ – განაცხადა ექსპერტმა რეკრუტმენტის პროფესიონალების კონფერენციაზე გამოსვლისას.

კარპენტერი განსაკუთრებულად აღნიშნავს კოლეჯებისა და უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა რეზიუმეების უსარგებლობას. რეალურად, ეს არის დოკუმენტი, სადაც ჩამოთვლილია ის უნარ-ჩვევები, რომელიც არავის და არაფერს არ შეუმოწმებია და მხოლოდ სუბიექტურ დამოკიდებულებასა და ძირითადად ლამაზ ტყუილებს ასახავს.

„გულის სიღრმეში ყველა ვაღიარებთ, რომ პირველი რეზიუმეს შედგენისას, სპეციალურად ვიყენებდით ტექსტის დიდი ზომის ფონტებს ჩვენი გამოცდილებისა თუ დადებითი მხარეების მოცულობის გასაზრდელად“ – აცხადებს კარპენტერი, რომელსაც ძნელია, შევედავოთ.

საქმე ისაა, რომ რეზიუმეები არ შეიცავს ინფორმაციას აპლიკანტის კრეატიულობაზე, პოტენციალსა თუ სწავლისა და განვითარების მიმართ მონდომებულობაზე, მაშინ, როცა კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს პიროვნული თვისებებია. როგორ შეიძლება, ქაღალდის ფურცელზე ჩამოწერილმა სუბიექტურმა ინფორმაციამ დაგვარწმუნოს, რომ ესა თუ ის ადამიანი ნამდვილად შესაბამისია ჩვენი კორპორატიული კულტურისთვის, ნამდვილად აქვს სწავლის მიმართ მონდომებული დამოკიდებულება ან ნამდვილად კრეატიულობითა და შრომისმოყვარეობით გამოირჩევა? რა თქმა უნდა, უმჯობესია, რომ HR მენეჯერებმა კომპანიაში არსებული რესურსებით მოახერხონ იმ ახალი შეფასების მეთოდების შექმნა, რომელიც რეალურ სურათს დადებს კანდიდატის პოტენციალის შესახებ.

გარდა ამისა, კარპენტერის აზრით, რეზიუმეები არა მხოლოდ უინტერესო, არამედ უარყოფითი ეფექტის მქონე დოკუმენტებიცაა. როგორც 2013 წელს იელის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები რეზიუმეების მიმართ გარკვეული წინასწარი განწყობით არიან გამსჭვალულნი. მაგალითად, კვლევა მდგომარეობდა ერთი და იმავე ინფორმაციის მატარებელ რეზიუმეებში, რომლებიც იყოფოდა სქესის მიხედვით. სამწუხაროდ, იდენტურობის მიუხედავად, კვლევის მონაწილეთა სრულმა უმრავლესობამ არჩევანი მამრობითი სქესის აპლიკანტზე გააკეთა, რასაც, რბილად რომ ვთქვათ, გამართლება არ აქვს.

კარპენტერმა ასევე აღნიშნა, რომ თავად კომპანიებისთვისაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი, ადამიანის სასამხურში აყვანისას, მისი სწავლისა და განვითარების უნარია და არა კონკრეტულ მომენტში მქონე სქილები. „კანდიდატი, რომელსაც შეუძლია ადაპტირება, რთულ სიტუაციებში გამორკვევა და სწრაფად განვითარება, შეუცვლელი ღირებულების მატარებელია ნებისმიერი კომპანიისთვის“ – აცხადებს ექსპერტი.

2017 წლის Accenture-ის კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 10 000 გამოკითხული დასაქმებულიდან 85% მზაობას აცხადებს მომდევნო თავისუფალი 6 თვის ახალი უნარებისა თუ პროფესიული ჩვევების სწავლას დაუთმოს. ამგვარი მზაობის პირობებში, როგორ შეუძლიათ კომპანიებს ამ უზარმაზარი რესურსის გამოყენება?

ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს ონლაინ სასწავლო კურსების შექმნა და პოტენციური კანდიდატების მიწვევა. საქმე ისაა, რომ ამგვარი კურსები და ტრენინგები საკმაოდ აქტიურად გამოიყენება დასაქმებულების გადამზადებისა თუ კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში. შესაბამისად, თუ ამ ინფორმაციას გავუზიარებთ პოტენციურ კანდიდატებს, დანახარჯები ფაქტობრივად ნულის ტოლი იქნება. მეორე მხრივ კი, მივიღებ ტოლერანტულ, ჩვენთვის საჭირო და მნიშვნელოვანი უნარების მქონე ახალგაზრდებს, რომლებიც თავის მხრივ, კმაყოფილები დარჩებიან აღნიშული ჩართულობით.

კარპენტერი ასევე შეეხო იმ კანდიდატებს, რომლებმაც ვერ გაიარეს შერჩევის ეტაპი და სამსახურის გარეშე დარჩნენ.

„წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შეგეძლოთ ამ ადამიანებს შესთავაზოთ განვითარება, იმ უნარეის გაუმჯობესება, რომელიც მათ აკლიათ. ამის შედეგად, ისინი შესაძლოა კვლავ დაუბრუნდნენ თქვენს კომპანიას, გაუმჯობესებული უნარებითა და მონდომებით, ან წავიდნენ სხვა კომპანიაში, მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ ექნება. განათლება ძლიერი ფაქტორია და თუ ჩვენს დასაქმებულებს ამ მხრივ მეტ არჩევანს შევთავაზებთ, მთლიანი დასაქმების სფეროს მომავალი ოდნავ უფრო ნათელი მაინც გახდება.

რატი წიკლაური

წყარო: www.shrm.org