გათბობის, გაგრილების, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სფეროში მოღვაწე კომპანია „თერმოინდუსტრიამ“ იანვარში ახალი პროექტი „შეგირდთა სკოლა“ დაიწყო.
იდეისა და პროექტის მიმდინარეობის შესახებ HRhub.ge კომპანიის HR მენეჯერს მარიამ თათხაშვილს ესაუბრა.
HR hub: მარიამ მოგვიყევით პროექტის შესახებ, რა იყო მთავარი გამოწვევა რამაც კომპანიას ამ ახალი პროექტის შექმნისკენ უბიძგა?
„თერმოინდუსტრიის“ გუნდს მე პირადად ერთი წლის წინ შევუერთდი. კომპანიას ჰყავს ახალგაზრდა მმართველი გუნდი და მათი მხრიდან უამრავი საინტერესო პროექტი ყოველწლიურად ხორციელდება. გასულ წელს დაინერგა KPI სისტემა, რომელშიც მენეჯმენტის წევრებისათვის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი სწორედ პროექტებია. ერთ-ერთი პროექტი, რომლითაც პირდაპირ ვფასდებით მე და ჩვენი ტექნიკური მიმართულების ხელმძღვანელი, გახლავთ „შეგირდთა სკოლა“.
ტექნიკური სფერო სიახლე და დღემდე დიდი გამოწვევაა ჩემთვის. შერჩევის მიმართულებით განსაკუთრებულ სირთულეს ვაწყდებით ტექნიკური პერსონალთან. ამ სფეროში არ ვართ გათამამებული ტექნიკური სპეციალისტების მაღალი სანდოობით და პროფესიონალიზმით. ის კადრები, რომლებიც კარგად ფლობენ საკუთარ საქმეს, ან დამოუკიდებლად მოღვაწეობენ, იღებენ კერძო შეკვეთებს, ან საკუთარ კანდიდატურას რეალურზე მაღალ ფასად სთავაზობენ კომპანიას. ამ სირთულეების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, თავად ვიპოვოთ და გამოვზარდოთ მომიჯნავე სფეროთი დაინტერესებული, მოტივირებული ახალგაზრდები და წამოვიწყეთ „შეგირდთა სკოლის“ პროექტი.
ძირითადი გამოწვევა იყო ის, რომ ზოგიერთი სასწავლებელი ბოლომდე ვერ აღიქვამდა პროექტის მნიშვნელობას, ზოგმა საკუთარი სტუდენტების დაინტერესება და მათთან შეხვედრის დანიშვნაც ვერ შეძლო.
პირველ ეტაპზე გვინდოდა ყველა სტუდენტისთვის მიგვეცა შანსი, არ ხდებოდა მათი შერჩევა, მზად ვიყავით მთელი ჯგუფისთვის გაგვეზიარებინა ჩვენი გამოცდილება, თუმცა სტუნდეტების დიდმა ნაწილმა ვერ გაიაზრა როგორ შეეძლოთ პროექტის დახმარებით წარმატების მიღწევა, ზოგიერთი მათგანი აცდენდა ლექციებს, მათი დამოკიდებულება არ იყო მისაღები, შესაბამისად, გადავწყვიტეთ, „შეგირდთა სკოლის“ სტუდენტები მიგვეღო მხოლოდ გასაუბრების საფუძველზე, ამ მიდგომამ გაამართლა.
HR hub: უფრო დეტალურად რას გულისხმოს პროგრამა?
პროგრამის განხორციელებისთვის პირველ ეტაპზე მოვიძიეთ სრული ბაზა საქართველოში არსებული უნივერსიტეტებისა და პროფ. სასწავლებლების, ძირითადი აქცენტი გაკეთდა ჩვენთვის საინტერესო მიმართულებებზე (გათბობა-კონდიცირება, ელექტროობა, სამშენებლო და ა.შ), აღნიშნული სასწავლებლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ვგეგმავდით მე და ჩვენი კომპანიის ტექნიკური მიმართულების ხელმძღვანელი, გვქონდა გაწერილი პროგრამა, სილაბუსი, ვცდილობდით, ჩვენი მიზნების ნათლად და მიმზიდველად წარმოჩენას სასწავლებლებისთვის. ძირითად შემთხვევაში ინტერესი იყო ორმხრივი და ვთანხმდებოდით თანამშრომლობაზე. ამჟამად პროგრამაში ჩართულია 4 ჯგუფი (კოლეჯ „სპექტრის“ და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებული).
პროგრამის ფარგლებში კომპანია „თემროინდუსტრიის“ ტექნიკური უზრუნველყოფის უფროსი მენეჯერი ტექნ. სერვისის მენეჯერების დახმარებით უძღვება 6 კვირიან კურსს, რომელიც მოიცავს პრაქტიკულ და თეორიულ ნაწილს. სტუდენტებს აქვთ ორნაირი პრაქტიკის შესაძლებლობა – პირველ შემთხვევაში შეუძლიათ ადგილზე, „თერმოინდუსტრიის“ ლაბორატორიაში გამოსცადონ ყველანაირი ხელოვნური დაზიანება და ისწავლონ მათი მოგვარება, მეორე შემთხვევაში ჩვენს სამონტაჟო და სერვისის ჯგუფებთან ერთად შეუძლიათ ობიექტებზე წასვლა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება.
„შეგირდთა სკოლის“ სტუდენტები სხვადასხვა მიმართულებით ვითარდებიან – გათბობის სისტემების მონტაჟი, შეკეთება, პროექტირება. იმის მიხედვით რომელი მიმართულებით დაინტერესდებიან მეტად და ექნებათ უკეთესი შედეგები, განიხილებიან იმ კონკრეტულ პოზიციაზე.
ეს პროექტი გამორჩეულია იმით, რომ სრულიად უსასყიდლოდ, კომპანიის ხარჯებით სტუდენტებს ვთავაზობთ პროფესიონალების მხრიდან მათთვის დიდი გამოცდილების გაზიარებას და ვუსახავთ დასაქმების პერსპექტივას. ყველა სტუდენტს, ვინც წარმატებით დაასრულებს კურსს და მაღალ შეფასებას მიიღებს საბოლოო, შემაჯამებელ გამოცდაში, აქვს შანსი შეუერთდეს ჩვენს სამონტაჟო ჯგუფებს და მიიღოს ანაზღაურებადი სამუშაო.
რაც შეეხება სალექციო პერიოდს, მოიცავს კვირაში ორ დღეს, ლექციის ხანგრძლივობაა 2,5 სთ. ლექციების დრო განისაზღვრება მაქსიმალურად სტუდენტებზე მორგებულად, კვირის ნებისმიერ მათთვის სასურველ დღეს.
HR hub: ვის შეუძლია პროგრამაში ჩართვა?
ყველა იმ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია გათბობა-კონდიცირების, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სფეროთი, აქვს თუნდაც მინიმალური ცოდნა/გამოცდილება ამ მიმართულებით ან უბრალოდ არის ძალიან მოტივირებული და აღიქვამს ამ პროექტის მნიშვნელობას მისი განვითარებისთვის.
ჩვენთვის კანდიდატების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი მათი მოტივაციაა.
მიმდინარე წლის განმავლობაში მუდმივად გვყავს რამდენიმე ჯგუფი, შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს პირადად შევხვდებით და სიამოვნებით განვიხილავთ ჩვენს სტუდენტად.
HR hub: რამდენი ხანია რაც პროექტი ჩაეშვა? როგორი შედეგები გაქვთ/ელოდებით?
პროექტს ჰქონდა 2 თვიანი მოსამზადებელი პერიოდი, რაც შეეხება სალექციო კურსის დაწყებას, ლექციები მიმდინარეობს 29 იანვრიდან. დღესდღეობით გვაქვს პირველი შედეგები, ჩვენი პირველი ჯგუფიდან, რომელიც დაკომპლექტებული იყო 9 სტუდენტით, ხელმძღვანელის შეფასების საფუძველზე, შეირჩა 7 მათგანი, შვიდივე გადანაწილდა სამონტაჟო ჯგუფებში და დაიწყეს ჯგუფთან ერთად მუშაობა. უკვე სტუდენტებზეა დამოკიდებული რამდენი შეძლებს ბოლომდე წარმატებულ მოღვაწეობას და ანაზღაურების გამომუშავებას.
ამ ეტაპზე უფრო ფართო შედეგებზე საუბარი რთულია, დანარჩენი სამი ჯგუფი ჯერ კიდევ თეორიული სწავლების ეტაპზეა, თუმცა დაინტერესება ამ პროექტით ძალიან მაღალია, უკვე გვყავს რამდენიმე დაკომპლექტებული ჯგუფი, რომლებიც აპრილიდან დაგვემატებიან, არის ბევრი გეგმა და დიდი მოლოდინი, სამომავლოდ სფეროს გაფართოებას, უფრო ფართო მიმართულებით სწავლებასაც ვგეგმავთ, თუმცა ამ პროექტზე ჯერ თავად უნდა ვიმუშაოთ.
შეგახსენებთ, რომ “თერმოინდუსტრია” დაარსდა 2012 წელს და დაარსების დღიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. ამჟამად წარმოდგენილია სამ ქალაქში, მიმდინარე წელს გეგმაშია ახალი ფილიალების გახსნა. „თერმოინდუსტრია” ამ სფეროში მოღვაწე პირველი გარემოს მეგობარი კომპანიაა საქართველოში და მომხმარებელს სთავაზობს გარემოზე ორიენტირებულ, უმაღლესი ხარისხის პროდუქციას იტალიიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან და სლოვენიიდან.