“ეისითი” დაინტერესდა, თბილისის მაცხოვრებლებს შორის საშუალოდ რა ასაკში ხდება დასაქმება და რამდენს შეადგენდა მათი პირველი ანაზღაურება.
კვლევის მონაცემები გვიჩვენებს, რომ თბილისის მაცხოვრებლები მუშაობას საშუალოდ 20 წლიდან იწყებენ. საინტერესოა, რომ 45-54 ასაკობრივი ჯგუფის თბილისელებმა საშუალოდ 22 წლიდან დაიწყეს მუშაობა, მაშინ, როდესაც დღესდღეობით სამსახურის დაწყების ასაკი შემცირებულია – 18-24 ასაკობრივ კატეგორიაში დასაქმების ასაკი საშუალოდ 18 წლიდან იწყება.
კვლევის შედეგად ასევე აღმოჩნდა, რომ თბილისელების პირველი საშუალო ხელფასი 301₾-ია. დღესდღეობით მსოფლიოში არსებული ანაზღაურების გენდერული დისბალანსის პრობლემა საქართველოში პირველი სამსახურის ანაზღაურებაშიც იჩენს თავს – ეისითის კვლევის მიხედვით, მამაკაცების საშუალო პირველი ხელფასი, ქალების საშუალო ხელფასს 83 ₾-ით აღემატება (კაცები-343₾; ქალები-260₾).
*კვლევა ჩატარდა თბილისის მაშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 403 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2018 წლის 12 თებერვლიდან 14 თებერვლის პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.