კავკასიის უნივერსიტეტის 2017-2018 აკადემიური წელი ახალ კამპუსში დაიწყო. კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა, როგორც საქართველოში, ასევე ამიერკავკასიაში.
შენობა ისტორიულია, აშენებულია 1909 წელს. 1911-1924 წლებში სომხური სემინარია ფუნქციონირებდა. ამჟამად ეს ისტორიული შენობა კავკასიის უნივერსიტეტის საკუთრებაშია. შენობაში რამდენიმე წელი მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, გამომდინარე იქიდან, რომ ის ისტორიული ძეგლია, შეუნარჩუნდა იერსახე, რესტავრირდა სემინარიის ყველა ის ნაწილი, რომლის ვიზუალის აღდგენა შესაძლებელი იყო.
უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, უმაღლესი განათლების მიღებასთან ერთად, კომფორტული გარემოს შექმნა უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. თანამედროვედ აღჭურვილი აუდიტორიების, ბიბლიოთეკის, ლიტერატურული კაფის, კაფეტერიის, სპორტული მოედნის და სკოლებისთვის განკუთვნილი სპეციალიზებული აუდიტორიების გარდა, უნივერსიტეტს აქვს დარბაზი, სადაც ასევე რესტავრირდება ის ნაწილები, სადაც შემორჩენილია ძველი იერსახე. დარბაზში გაიმართება ისეთი მასშტაბური ღონისძიებები, როგორიცაა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი, პირველკურსელთა წვეულება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საერთაშორისო, მაგალითად, IAUP-ის კონფერენციები და სხვა შეხვედრები.
კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსი 12 აპრილს ოფიციალურად გაიხსნა!