შემოგვიერთდით

საქართველოში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით 1.9 პროცენტით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.1 პროცენტი შეადგინა.

აღნიშნული არსებითი შემცირება მეტწილად სეზონური ფაქტორებით არის განპირობებული.

2018 წლის II კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 64 პროცენტი შეადგინა.

წინა კვარტალთან შედარებით გაზრდილია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ისე დასაქმების დონე, შესაბამისად 0.2 და 1.4 პროცენტული პუნქტით. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა კვარტალთან შედარებით გაზრდილია 2.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია 0.2 პროცენტული პუნქტით. ანალოგიურად, აქტიურობის დონე წინა კვარტალთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

2018 წლის II კვარტალში თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულებში 48.7 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.9 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული წინა კვარტალთან შედარებით.

უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2018 წლის მეორე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით უმუშევრობის დონე სოფლის ტიპის დასახლებებში 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო ქალაქის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 3.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა.