Grant Thornton საქართველოში 2005 წლიდან საქმიანობს. იგი წარმოადგენს მსოფლიოს დამოუკიდებელი აუდიტორული, საგადასახადო და ბიზნეს საკონსულტაციო ფირმების ერთ-ერთ წამყვან ქსელს. ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის განყოფილებაში დასაქმებულია 17 ადამიანი. ჩვენ ვესაუბრეთ მათი გუნდის წევრებს და გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს.
ელისაბედ პირველი თავისუფალი უნივერსიტეტის მაგისტრია ოპერაციების მენეჯმენტის მიმართულებით. 3 წელია რაც Grant Thornton-ში უფროსი კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობს.
HR hub: როგორ მოხვდით Grant Thornton-ში?
ელისაბედი: გულწრფელად რომ გითხრათ, Grant Thornton-ში ჩემი მოხვედრა დაკავშირებული არ იყო იმ ინტერესებთან, რაც ბაკალავრის დასრულების შემდგომ გამიჩნდა. ჩემი ძირითადი პროფესიული მიმართულება ფინანსებს უკავშირდებოდა, თუმცა არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ეს ის სფერო იყო, სადაც შევძლებდი საკუთარი თავის მაქსიმალურად წარმოჩენას. ამიტომაც გადავწყვიტე მაგისტრატურა გამეგრძელებინა ოპერაციული მენეჯმენტის მიმართულებით თავისუფალ უნივერსიტეტში, რათა უფრო ფართოდ და გლობალურად შემეხედა ბიზნეს პროცესებისთვის.
პროფესიული მრავალფეროვნების ძიების პროცესში, ჩემი კოლეგისგან შევიტყვე კომპანიის და იმ მიმართულების შესახებ, რომელსაც ჰქვია BPS, რამაც ახალი გამოწვევის წინაშე დამაყენა და მომცა შესაძლებლობა სხვა კუთხით დამენახა თეორიულად მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა. „ბიუროკრატიული“ პროცედურების გავლის (ტესტირება, გასაუბრება) შემდგომ აღმოვჩნდი Grant Thornton-ის გუნდის წევრი.
HR hub: რამდენად ახდენს Grant Thornton თქვენი შესაძლებლობების რეალიზებას?
ელისაბედი: ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი მრავალ განსხვავებულ მიმართულებას გულისხმობს, რასაც თავის მხრივ წარმოშობს ურთიერთობები, როგორც სტარტაპერებთან, ასევე საშუალო და მსხვილ კომპანიებთან. ბიზნეს პროცესების აღქმა, გაანალიზება და სწორი მიმართულების მიცემა ჩემი მხრიდან მოითხოვს სხვადასხვა სახის უნარს, ცოდნას, მათ განვითარებასა და პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებას. Grant Thornton-ში მივხვდი, რომ ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი/გადაწყვეტილებები არ გულისხმობს მხოლოდ მარტივი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების პროცესს.
ეს არის პროფესია, რომელიც მოითხოვს კრეატიულობას, ფართო ხედვას, ანალიტიკურ აზროვნებასა და ეფექტური კომუნიკაციის უნარს, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა. გამომდინარე ჩემი პრაქტიკული საქმიანობის მრავალფეროვნებიდან, თვალნათლივ დავინახე მანამდე მიღებული თეორიული ცოდნის ღირებულება და ვთვლი, რომ თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან შესაბამისობის შესაძლებლობა ყველაზე დიდი დანაკლისია დღევანდელ შრომის ბაზარზე. თუმცა, მე შევძელი ამ დანაკლისის აღმოფხვრა და თეორიული და პრაქტიკული ცოდნის კოლაბორაცია.
მარიამ მორჩილაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრია – ფინანსების მიმართულებით. მარიამ უკვე 2 წელზე მეტია რაც კონსულტანტის პოზიციაზეა Grant Thornton -ში.
მარიამი: Grant Thornton-ის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის დროს შევიტყვე პროფესორისგან, რომელიც ხშირად საუბრობდა წარმატებულ აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებზე. საბოლოოდ კი, ჩემი ინიციატივითა და სურვილით აღმოვჩნდი კომპანიის ნაწილი.
HR hub: რას მიიჩნევთ თქვენი გუნდის ყველაზე დიდ მიღწევად?
მარიამი: თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი გუნდის ყველაზე დიდ მიღწევას კომპანიაში ეფექტური და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა წარმოადგენს, რომელიც დღევანდელ რეალობაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ჩვენ ეს შევძელით. ილუსტრაციისთვის შემიძლია მარტივი, ერთი სამუშაო დღის აქტივობები აღგიწეროთ.
ჩვენი ყოველი დღე იწყება 10-15 წუთიანი შეხვედრით, რომელზეც განვიხილავთ დღის განმავლობაში დაგეგმილ მნიშვნელოვან საკითხებს და მოკლედ ვუზიარებთ ერთმანეთს საკუთარი დღის აქტივობებს. ამასთან, პროფესიული ზრდისა და განვითარებისთვის გვაქვს სპეციალური პროგრამა, რომელიც გვეხმარება ცოდნის გაღრმავებასა და თვითგანვითარებისთვის განხორციელებული აქტივობის შეფასებაში. დრესკოდის სიმკაცრის მიუხედავად, ეს, სწორედ ის არის, რაც ჩვენ ძალიან მოგვწონს. გვაქვს სრული თავისუფლება, საქმის გასაკეთებლად ავირჩიოთ სწორედ ის ადგილი, სადაც უფრო პროდუქტიულად და მოტივირებულად ვიგრძნობთ თავს. ამასთან აღსანიშნავია happy hours, რომლებიც ასეთ კონტრასტულ სამუშაო გარემოს გვიქმნის. გვაქვს happy friday შემცირებული სამუშაო საათებისა და დრესკოდის შეზღუდვების გარეშე. ხშირად ვმონაწილეობთ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელ აქტივობებში. ასევე, ყოველთვიურად აღვნიშნავთ happy accountants day-ს, რომელიც ერთმანეთთან ურთიერთობის გაღრმავებასა და საერთო მიზნების დასახვაში გვეხმარება.
მსგავსი მიდგომები საშუალებას გვაძლევს დავაბალანსოთ ყოველდღიური რუტინული და სტრესული სიტუაციები. შესაბამისად, ყოველი სამუშაო დღე იწყება პოზიტიურად და იმ მოტივაციით, რომ ნებისმიერ, თუნდაც უმნიშვნელო, საქმეს შეუძლია კომპანიის და ჩვენს პროფესიულ განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანოს. ამიტომაც, კომპანიის ყოველი წარმატება, ჩვენთვის ტოლფასია საკუთარი წარმატების. გვაქვს განცდა რომ კომპანია არის ჩვენი სახე.
ქრისტინე გვასალიას დამთავრებული აქვს მანჩესტერის ბიზნეს სკოლის სტუდენტია ფინანსების მიმართულებით. 5 თვეა რაც სტაჟიორის პოზიციაზეა Grant Thornton-ში.
HR hub: როგორ მოხვდით Grant Thornton-ში?
ქრისტინე: 4 წელი ვსწავლობდი დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერის უნივერსიტეტში ბუღალტერიასა და ფინანსებს. ფინანსების კარგად ცოდნა გეხმარება არა მხოლოდ სწორი პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებაში, არამედ ყოველდღიური გამოწვევების ადეკვატურ აღქმაში. სწორედ ამიტომ, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩემი მომავალი კარიერული ზრდა ამ პროფესიასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. Grant Thornton-ის შესახებ ჯერ კიდევ დიდ ბრიტანეთში სწავლის პერიოდში მქონდა ინფორმაცია და სურვილი გავმხდარიყავი მათი გუნდის წევრი.
საქართველოში დაბრუნების დღიდან დავიწყე აქტიური ძებნა სამსახურის, რომელიც მომცემდა კარიერული ზრდის შესაძლებლობას. LinkedIn-ის მეშვეობით დავუკავშირდი Grant Thornton საქართველოს ოფისს და პირდაპირ გასაუბრების შედეგად გავხდი BPS გადაწყვეტილებების/აუთსორსინგის დეპარტამენტის წევრი. დეტალურად მახსოვს თუ როგორ მივიღე შეტყობინება LinkedIn-ზე, შემდეგ კი ზარი შეხვედრის/გასაუბრების შესაძლებლობის შესახებ, რომელიც იმავე დღეს შედგა.
HR hub: რას ეტყოდით მომხმარებელს, რომელიც კომპანიისთვის არჩევს აუთსორსინგ სერვისს. რატომ უნდა შეაჩერონ თქვენზე არჩევანი?
ქრისტინე: ჩემი კარიერის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, რთულია პროფესიული პასუხი გაგცეთ, თუმცა შევეცდები მარტივად ჩამოვაყალიბო ჩემი შეხედულება. ყველა ბიზნესი განსხვავებულია, მათი ყოველდღიური გამოწვევები რადიკალურად შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, თუმცა თითოეულ მათგანს ესაჭიროება კონკრეტულად მათზე მორგებული solution-ები. კომპანიებს აერთიანებთ მიზანი, რომ შეამცირონ ხარჯები და გაზარდონ ეფექტიანობა. ბუღალტრული პროცესების, ფეიროლისა და ეიჩარ ფუნქციების აუთსორსინგით კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა არამარტო ხარჯები შეამცირონ და გაზარდონ ქმედითობა, არამედ ჰქონდეთ სწორი სტრატეგია და სისტემები, რათა გაიზარდოს ბიზნესი და იფიქრონ მომავალზე.
ჩემი აზრით, შესაძლოა გამოვყოთ რამდენიმე მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა Grant Thornton ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სერვისის მისაღებად. აღნიშნული მიზეზები დღითიდღე უფრო მრავლდება გუნდის უწყვეტი განვითარების პროცესში.
პირველი და აუცილებელი მიზეზი არის შეხედულება და მოსაზრება, რასაც შენზე ამბობს არსებული თუ ყოფილი მომხმარებელი. ასევე, კორპორატიული კულტურა, რომელსაც ჩვენ ვაყალიბებთ, გვაძლევს შესაძლებლობას მომხმარებლებს მივაწოდოთ მაღალი ხარისხის სერვისი ისეთ შიდა ფაქტორებზე დაფუძნებით, როგორებიცაა – პროფესიონალიზმი, ინტერპერსონალური და გუნდური უნარები, საკუთარი სუსტი მხარეების გაანალიზება და მათ გამოსწორებაზე ზრუნვა და მრავალი სხვა.
მიხეილ შენგელია – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრია აუდიტის მიმართულებით. თითქმის 3 წელია მუშაობს Grant Thornton-ში უფროსი კონსულტანტის პოზიციაზე.
მიხეილი: Grant Thornton-ით ჩემი დაინტერესება და სამომავლო თანამშრომლობაზე ფიქრი დაიწყო მას შემდეგ, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა. გამიჩნდა სურვილი, რომ გავმხდარიყავი Grant Thornton-ის გუნდის წევრი და სტანდარტულად გავაგზავნე რეზიუმე. შერჩევის პირველ ეტაპზე, ტესტირების შედეგად შეგვარჩიეს რამდენიმე კანდიდატი და შემდგომ გასაუბრების საფუძველზე მოხდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.
HR hub: თქვენი აზრით, რაში მდგომარეობს თქვენი გუნდის სიძლიერე?
მიხეილი: ზოგადად ბევრი კუთხით შეიძლება შეფასდეს გუნდის სიძლიერე, თუმცა ვფიქრობ, ჩვენი გუნდის სიძლიერე გამოიხატება კომპანიისა და განყოფილების კორპორატიულ კულტურაში. კერძოდ, ყურადღებას გავამახვილებ სამ მნიშვნელოვან ფაქტორზე:
- გუნდის ფორმირების პრინციპი – რაც გულისხმობს თითოეული წევრის ძლიერ მხარეებზე მუშაობას და მათ გამოყენებას იგივე, უტილიზაციის მაღალი ნორმის მიღწევას. მაგალითად, ჩვენთან ფორმირებულია კანონმდებლობის კუთხით მომუშავე გუნდი, ტექნოლოგიებთან და დიჯიტალიზაციასთან დაკავშირებული გუნდი და ა.შ. მე ჩართული ვარ გუნდში, რომელიც პასუხისმგებელია კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებთან და სწორედ აქ ვახორციელებ ჩემს კონტრიბუციას.
- ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, კომპანიისგან მიღებული იმპულსი, რაც გულისხმობს თითოეული თანამშრომლისთვის პასუხისმგებლობის მინიჭებას და შესაძლებლობას მონაწილეობა მივიღოთ კომპანიის თუ განყოფილების სტრატეგიული გადაწყვეტილებების შემუშავებაში. სტატუსი და ცვლილების ინიცირების შესაძლებლობა, დამეთანხმებით, იძლევა პოზიტიურ შედეგს, როგორც სუბიექტზე (ამ შემთხვევაში ჩემზე), ასევე კომპანიაზე.
- მესამე ნაწილში დავასახელებ გარე ფაქტორს. გარე ფაქტორი გულისხმობს ჩვენს ურთიერთობას ბიზნესთან. თითოეული ბიზნესი არის სპეციფიკური, აქვს განსხვავებული მახასიათებლები და ჩვენ გვაქვს თითოეულ ბიზნესთან ინდივიდუალური პლატფორმის მოდელი, რომლის დახმარებით გამოვრიცხავთ ბიუროკრატიის არსებობას და გვექმნება შესაძლებლობა გავხდეთ დამკვეთის ბიზნესის განვითარების ნაწილი.