შემოგვიერთდით

,,ბიზნესის სამყაროში ბედნიერი თანამშრომელი ბედნიერ მომხმარებელს ნიშნავს”- ვახტანგ ცაბაძე ,,გრანთ თორნთონ საქართველოს” დირექტორი და მმართველი პარტნიორი

კორპორაციული კულტურა და თანამშრომლებზე ზრუნვა ყველა კომპანიის მნიშვნელოვანი ნაწილია.

აღნიშნულ თემებზე, ვესაუბრეთ ,,გრანთ თორნთონ საქართველოს” დირექტორსა და მმართველ პარტნიორს ვახტანგ ცაბაძეს. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

HR hub: როგორია ,,Grant Thornton-ის” კორპორაციული კულტურა?

,,გრანთ თორნთონი” მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი აუდიტორული კომპანიაა, რომელიც საჯარო და კერძო სექტორს აუდიტორული, ბუღალტრული, იურიდიული და საკონსულტაციო მომსახურებით უზრუნველყოფს. ამჟამად კომპანია საერთაშორისო დონეზე 135 ქვეყანაშია წარმოდგენილი და 53000 – მდე ადამიანს ასაქმებს. 2018 წელს ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 6,3%-ით არის გაზრდილი.

როგორც გრანთ თორნთონის საერთაშორიო ქსელის აღმასრულებელი დირექტორი, პიტერ ბოდინი აღნიშნავს, 2018 წელს მიღწეული მასშტაბური ზრდა, მნიშვნელოვანწილად განპირობებულია გუნდის მიზანმიმართული სტრატეგიის შედეგად. ბოდინის თქმით, კომპანიამ უდიდესი ინვესტიცია განახორციელა ადამიანურ რესურსებში, ლიდერობისა და კორპორატიული კულტურის ჩამოყალიბებაში.

სწორედ ამ დიდი ოჯახის წევრობა გვაძლევს საშუალებას ფეხდაფეხ მივსდიოთ ჩვენს სფეროში არსებულ სიახლეებს და სხვადასხვა ტიპის სტანდარტებს.

კორპორატიული კულტურაც მნიშვნელოვან წილად განპირობებულია და აგებულია ჩვენი  დიდი ოჯახის ღირებულებებიდან გამომდინარე. აღსანიშნავია რომ ,,გრანთ თორნთონის” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია თანამშრომლის და კლიენტის კმაყოფილება. კმაყოფილების კვლევები ტარდება ყოველწლიურად და შესაბამისად განისაზღვრება მომავალი წლის პრიორიტეტები და ძირითადი აქცენტები.

ახლახანს ჩატარებულ კვლევაში კლიენტებმა საკმაოდ მაღალი შეფასება მოგვცეს, ნომინალური რეკომენდატორების ქულა (Net Promoter ScoreNPS) საკმაოდ  მაღლია – 70 %, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ჩვენს კომპანიაში კლიენტის კმაყოფილება ძალიან მაღალ დონეზეა, ეს კი მნიშვნელოვან წილად  განპირობებულია კომპანიის კორპორაციული კულტურით და სწორი სტრატეგიული მიმართულებებით.   (ცნობისათვის 50-ს ზემოთ ქულა ძალიან კარგ შედეგად ითვლება).

HR hub: რა უპირატესობებით სარგებლობენ თქვენი თანამშრომლები?

,,გრანთ თორნთონში” დასაქმებულებს კომპანია სთავაზობს კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევას, კორპორატიულ საბანკო მომსახურებას და სრული ტექნიკური უზრუნველყოფით აღჭურვილ ოფისში მუშაობას. ჩვენი სამუშაოს სფეციფიკიდან გამომდინარე ჩვენს თანამშრომლებს ხშირად უწევთ არასამუშაო და დასვენების დღეებში მუშაობა, აღნიშნულ შემთხვევებში კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს კვებით და ტრანსპორტით.

თანამშრომლებს უფინანსდებათ სხვადასხვა პროფესიული  და საკვალიფიკაციო კურსები (მაგალითად ACCA, CFA) როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის გარეთ. ქსელში ფუნქციონირებს Grant Thornton IFRS Academy, რომელიც ქსელის წევრებისათვის სხვადასხვა ქვეყნებში მართავს პროფესიულ კურსებს ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის სტანდარტებში. შარშან ჩვენი რამოდენიმე თანამშრომელი იყო ასეთ კურსებზე დიუსელდორფში, მილანში, ერევანში. ასეთი კურსები, გარდა წმინდა პროფესიული და ცოდნის გაღრმავების საშუალებისა, კარგი შესაძლებლობაა სასიამოვნო გართობისათვის და ახალი ხალხის გაცნობისთვის.

,,გრანთ თორნთონის” საშუალო ასაკი 29 წელია; ჩვენთან დასაქმებულ საბაკალავრო და მაგისტრატურის სტუდენტებს გამოცდების პერიოდში კომპანია მოსამაზადებლად აძლევს 3 დღიან ანაზღაურებად შვებულებას – თითოეულ გამოცდაზე, რაც წლის განმავლობაში ხანდახან სტანდარტულ შვებულების დღეებსაც აჭარბებს.

ჩვენი კომპანიის კლიენტების გეოგრაფია ვრცელდება ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნებში და სწორედ ამ პროექტებზე მუშაობის დროს, მასში ჩართულ თანამშრომლებს უწევთ სამუშაო ვიზიტებით სხვადასხვა ქვეყნების მონახულება, რაც განსხვავებულ და ახალ გარემოში მუშაობის საშუალებას აძლევს და ერთ-ერთი მოტივატორია მათთვის.

საერთაშორისო გუნდის წევრობა თანამშრომლებს  ასევე საშუალებას აძლევს ბევრად უფრო ფართო პერსპექტივით აღიქვან პროფესია და ის საქმე რასაც აკეთებენ, მიიღონ ცოდნა და გამოცდილება, რომელიც არა მხოლოდ ერთ ქვეყანაშია დაგროვილი, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქსელის წევრი კომპანიების უდიდესი სამუშაო გამოცდილების შედეგად არის აკუმულირებული.

 HR hub: რას გულისხმობს კომპანიაში დანერგილი Happy Hours და Happy Friday?

ბედნიერი ადამიანი ნებისმიერ შედეგს მიაღწევს და ბიზნესის სამყაროში ბედნიერი თანამშრომელი ბედნიერ მომხმარებელს ნიშნავს. Happy Hours და Happy Friday შეხვედრები ადაპტირებული მეთოდია თანამშრომლების გასაერთიანებლად, რომელსაც სხვადასხვა ზომის კომპანიები აქტიურად მიმართავენ. დატვირთული სამუშაო კვირის შემდეგ, მსუბუქ ატმოსფეროში და არაფორმალურ გარემოში ურთერთობა თანამშრომლებს უადვილებთ  სამსახურებრივ საქმიან ურთიერთობებს მომავალში.

მსგავსი შეკრებები ასევე კარგი საშუალებაა თანაშრომლებისთვის სხვადასხვა ინფორმაციის მისაწოდებლად და წარმატების აღსანიშნად.

 HR hub: ქვენ, როგორც ხელმძღვანელი, როგორ ფიქრობთ რა ამოტივირებთ ადამიანებს ყველაზე მეტად?

ვფიქრობ, ჩვენს სფეროში ადამიანების მთავარი მამოტივირებელი ახალი ცოდნის მიღება, პროფესიული ზრდის შესაძლებლობა, გლობალურ საკითხებთან უშუალო შეხება და პროფესიონალთა გუნდში მუშაობაა, რომელიც მხოლოდ ერთი ქვეყნით ან რეგიონით არ შემოიფარგლება.

რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია თანამშრომლებისთვის კომფორტული სამუშაო პირობების და გარემოს შექმნაც.

მნიშვნელოვანია აგრეთვე თანამშრომლებთან სწორი კომუნიკაციაც, იქნება ეს კომპანიაში მიმდინარე ცვლილებების შესახებ ინფორმირება, თუ სხვა მნიშვნელოვანი შედეგების გაცნობა. ყოველწლიური შეხვედრების დროს ვცდილობთ გავიგოთ თითოეული თანამშრომლის ხედვა კომპანიის განვითარებასთან დაკავშირებით და გავითვალისწინოთ მათი შეხედულებები.

HR hub: როგორ აღნიშნავთ წარმატებას?

წარმატება სხვადასხვანაირად აღინიშნება. გუნდის გასაერთიანებლად ,,გრანთ თორნთონში” წელიწადში რამოდენიმეჯერ იგეგმება სხვადასხვა სპორტული თუ კულტურული აქტივობა. მაგალითისთვის,  გასულ წელს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გუნდური აქტივობა იყო საჯომარდოდ წასვლა მდინარე არაგვზე. ასევე სხვადასხვა დღესასწაულზე თანშრომლებს ურიგდებათ სიმბოლური სამახსოვრო საჩუქრები. შარშან ზაფხულში თანშრომლების მოტივაციის ასამაღლებლად ლატარიაში გავათამაშეთ  4 სკუტერი. სკუტერების გათამაშება და საჩუქრად გადაცემა არ იყო მხოლოდ თანამშრომლების წახალისებისთვის, ამით ჩვენ ვცდილობთ შეძლებისდაგვარად შევცვალოთ გარემო და ხელი შევუწყოთ უფრო ეკოლოგიური ტრანსპორტის გამოყენებას და საცობების შემცირებას ჩვენს ქალაქში.

წარმატებული წლის ბოლოს კი თანამშრომლები იღებენ ბონუსებს დამატებითი ანაზღაურების სახით.

HR hub: ვისაც თქვენს გუნდში მუშაობა სურს, რა უნდა გააკეთოს ამისთვის?

ვაკანსიების არსებობის შემთხვევაში განცხადება ვრცელდება შესაბამის ინტერნეტ გვერდებზე. იგივე ინფორმაციას ვაზიარებთ ჩვენი კორპორატიული სოციალური გვერდებიდანაც. თუ ჩვენთან დასაქმება გაინტერესებთ მოიწონეთ ჩვენი Facebook და LinkedIn გვერდები და თვალყური ადევნეთ სიახლეებს.

HR hub: გაქვთ თუ არა სტაჟირების პროგრამა? თუ კი, რა პროცედურებია საჭირო სტაჟირების გასავლელად?

სტაჟირების პროგრამები ვაკანსიების ანალოგიურად ცხადდება, იმ განსხავავებით რომ სტაჟირებებს ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებშიც ვაცხადებთ. ჩვენი კომპანია ასევე აქტიურად მონაწილეობს უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმებში, სადაც ჩვენი კომპანიით დაინტერესებული სტუდენტები აფიქსირებენ საკუთარ მონაცემებს. შემდგომში, უკვე სტაჟირების გამოცხადების შემთხვევაში, ხდება მათთან დაკავშირება.