გრანთ თორნთონ საქართველოს პარტნიორთა რიცხვი გაიზარდა – გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის ხელმძღვანელი – პაატა შურღაია 2019 წლის მარტიდან კომპანიის პარტნიორი გახდა.
გრანთ თორნთონ საქართველოს დირექტორი და მმართველი პარტნიორი ვახტანგ ცაბაძე კომპანიის მართვას განაგრძობს.
გრანთ თორნთონი მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი აუდიტორული ფირმების ქსელია, რომელიც საჯარო და კერძო სექტორს აუდიტორულ, საბუღალტრო, იურიდიულ და ბიზნესის საკონსულტაციო მომსახურებს უწევს. კომპანია გრანთ თორნთონი საქართველოში 2005 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა ქსელში შემავალი კომპანები 1999 წლიდან მუშაობდნენ სხვადასხვა პროექტებზე. გრანთ თორნთონის წევრი ქართული კომპანიის მმართველ პარტნიორს, ბატონ ვახტანგ ცაბაძეს 2019 წლის მარტიდან ახალი პარტნიორი – პაატა შურღაია შეუერთდება.
პაატა შურღაია 2016 წლიდან არის გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის ხელმძღვანელი. მას აუდიტორულ კომპანიებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთში. პაატა ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროს პროფესიონალია და ამ სფეროში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს, რაც კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციებთან მუშაობას მოიცავს. აღნიშნული მიმართულებით პაატა ჩართული იყო მსხვილმასშტაბიან გლობალურ პროექტებში ევროპის და აზიის ქვეყნებში. პაატა არის დოქტორანტი და მაგისტრის ხარისხი მოიპოვა დიდ ბრიტანეთში, კარდიფის უნივერსიტეტში; პაატა ასევე არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი; ასოცირებული პროფესორი და მიწვეული ლექტორი რამოდენიმე უმაღლეს სასწავლებელში, სადაც კითხულობს ლექციებს ფინანსური და მმართველობითი აღრიცხვის, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის, საერთაშორისო საგადასახადო კანონმდებლობის შესახებ.
„პარტნიორობა, როგორც თანამშრომლობის ახალი ფორმა, არის ინსტრუმენტი, პლატფორმა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ახალი შესაძლებლობების შექმნა და კომპანიის სწრაფი განვითარება, ეს არის ჩვენი ბაზრის და სფეროს გამოძახილი“- აღნიშნავს ბატონი პაატა.
ვახტანგ ცაბაძე, გრანთ თორნთონ საქართველოს მმართველი პარტნიორი აღნიშნავს: ”ვულოცავ პაატას ახალ სტატუსს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გრანთ თორნთონის ადგილობრივ კომპანიაში ახალი პარტნიორის დამატება, რომელიც თვითონ ჩვენი კომპანიის წიაღიდან მოდის, წლების განმავლობაში აქვს ჩვენთან ერთად ნამუშევარი, იცნობს კომპანიას, მის კულტურას და მიზნებს და დარწმუნებული ვარ ერთობლივად შევძლებთ ჩვენი კომპანია კიდევ უფრო წარმატებული გავხადოთ და კიდევ უფრო უკეთეს შედეგებს მივაღწიოთ საქართველოს ბაზარზე“.
2018 წელი გრანთ თორნთონის ქსელში შემავალი კომპანიებისთვის ძალიან წარმატებული იყო. გრანთ თორნთონის საერთაშორისო ქსელის გლობალური შემოსავლები 2018 წელს წინა წელთან შედარებით 9%-თაა გაზრდილი, რაც ბოლო 6 წლის მანძილზე საუკეთესო შედეგია. 2019 წლის თებერვალში International Accounting Bulletin-ში გამოქვეყნებული აუდიტორული კომპანიების 2018 წლის გლობალური შედეგების მიხედვით გრანთ თორნთონი შემოსავლებით მეექვსე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ International Accounting Bulletin ამ კვლევას აუდიტორულ-საკონსულტაციო კომპანიებისგან დამოუკიდებლად ატარებს და შედეგები სრულად გამჭვირვალეა.
გლობალური შედეგების პარალელურად, 2018 წელი გრანთ თორნთონ საქართველოსთვისაც წარმატებული იყო როგორც შემოსავლების, ასევე ახალი პროექტების და პარტნიორების თვალსაზრისით. საქართველოში კომპანიას შემოსავლების 11%-იანი ზრდა ქონდა, ხოლო თანამშრომელთა რაოდენობა დაახლოებით 20%-ით გაიზარდა. ახალი პარტნიორის ჩართულობით, 2019 წელს კომპანია კიდევ უფრო კარგ შედეგებს და მნიშვნელოვან ზრდას ელოდება.
გრანთ თორნთონის შესახებ
„გრანთ თორნთონი“ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელია. გრანთ თორნთონის წევრი ფირმები პროფესიონალური რჩევებით ეხმარებიან დინამიურ ორგანიზაციებს გამოავლინონ თავიანთი ზრდა-განვითარების პოტენციალი. გრანთ თორნთონის გუნდის წევრები, პარტნიორთა ხელმძღვანელობით, მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას იმისათვის, რომ კარგად გაიაზრონ საჯარო, თუ კერძო კომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები და დაეხმარონ მათ პრობლემების გადაწყვეტაში. გრანთ თორნთონის 53,000-მდე თანამშრომელი, 140-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული კლიენტების, კოლეგებისა და საზოგადოებისათვის.
გრანთ თორნთონი აღნიშნავს ბრენდს, რომლის სახელითაც გრანთ თორნთონის წევრი ფირმები თავიანთ კლიენტებს უწევენ აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებებს და/ან აღნიშნავს ერთ, ან მეტ წევრ ფირმას, კონტექსტიდან გამომდინარე. გრანთ თორნთონ საქართველო არის შპს გრანთ თორნთონ ინთერნეშენალის წევრი. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და მისი წევრი ფირმები არ წარმოადგენენ მსოფლიო მასშტაბის პარტნიორობას. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და ყოველი წევრი ფირმა წარმოადგენს ცალკე იურიდიულ პირს. მომსახურების მიმწოდებლები არიან წევრი ფირმები. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და მისი წევრი ფირმები არ არიან აგენტები, და/ან არ გააჩნიათ ვალდებულებები ერთმანეთის წინაშე და არ არიან პასუხისმგებელნი ერთმანეთის მოქმედებაზე ან უმოქმედობაზე.