შემოგვიერთდით

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები და კონსულტანტი კომპანიები, მათი უნარები და როლი ორგანიზაციაში

გვინდა ამ სტატიაში ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რაც შრომის უსაფრთხოების სფეროში ამ ბოლო დროს წამოსულმა ტენდენციებმა ცხადჰყო.

კერძოდ კი, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის, ან კონსულტანტი კომპანიის კვალიფიკაციასა და მათ როლზე ორგანიზაციაში.

დღევანდელ რეალობაში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კვალიფიკაცია ასოცირდება და ფასდება მხოლოდ მისი აკრედიტირებული პროგრამის გავლისა და შესაბამისი სერტიფიცირების ფლობით. ამას გარდა, ბაზარზე გამოჩნდნენ კონსულტანტი კომპანიები, რომლებიც კანონის არასწორი ან მიზანმიმართულად მცდარი ინტერპრეტაციით ახდენენ კლიენტ ორგანიზაციებთან კომუნიკაციას.

რადგან დღევანდელ დღეს ბიზნეს სექტორის ცნობიერება შრომის უსაფრთხოების დარგში ჯერ არ არის სათანადო დონეზე, ორგანიზაციის მენეჯმენტი ადვილად შეიძლება გახდეს რომელიმე კერძო პირის ან კომპანიის ცრუ დაპირებების მსხვერპლი. ყველაზე ხშირად ასეთი პირების მიერ ისმის დაპირება, რომ თუ ორგანიზაციის მენეჯერი შრომის უსაფრთხოების განხრას დაავალებს და გადააბარებს რომელიმე კერძო კომპანიას ან პირს, თითქოს ამით მათ შეეძლებათ კანონთან პასუხისმგებლობის თავიდან არიდება და ვალდებულებების სხვისთვის გადაბარება. რეალურად ამ დაპირებას შეცდომაში შეჰყავს ბიზნესის მფლობელი, რადგან კანონში შრომის უსაფრთხოების შესახებ გარკვევით წერია (მუხლი 5, პუნქტი 10):

„თუ დამსაქმებელი ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად ნიშნავს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს ან შესაბამისი მომსახურების გასაწევად იწვევს სხვა უფლებამოსილ პირს (გარე მომსახურება), ეს არ ათავისუფლებს დამსაქმებელს ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან.“

უმნიშვნელოვანესია, ბიზნესმა სწორად გაიაზროს ეს პუნქტი და არ გახდეს მსგავსი ცრუ დაპირებების მსხვერპლი. საქართველოს კანონის და ყველა საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით ორგანიზაციის დირექტორს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ მან უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემების დანერგვა ორგანიზაციაში. ის უნდა დარწმუნდეს, რომ მის მიერ დაქირავებული პირი ან კომპანია არის კომპეტენტური და აქვს შესაბამისი სერტიფიცირება და გამოცდილება. შრომის უსაფრთხოების სფერო ვერ განვითარდება ვერცერთ ორგანიზაციაში და თუნდაც ქვეყანაში იმ მიდგომით, რომ ორგანიზაციის დირექტორებმა თუ მფლობელებმა თავიდან აირიდონ შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვაზე პასუხისმგებლობა. პირიქით, მათი აბსოლუტური ჩართულობის და ხელშეწყობის გარეშე, ეს სფერო განწირული იქნება.

რა კრიტერიუმებით განვსაზღვროთ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ან კონსულტანტი კომპანიის კვალიფიკაცია?

როგორც მინიმუმ, მას უნდა გააჩნდეს კანონით მოთხოვნილი საერთაშორისო ან ადგილობრივი აკრედიტირებული პროგრამის შესაბამისი სერტიფიკატი. თუმცა მხოლოდ ეს სერტიფიკატი ვერ იქნება იმის გარანტი, რომ ამ ადამიანს ან კომპანიას შეუძლია და აქვს იმის გამოცდილება, რომ ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემები დანერგოს. თქვენ, როგორც ბიზნესის მმართველს გასაუბრების დროს შეგიძლიათ დაუსვათ მათ კითხვა შრომის უსაფრთხოების გეგმებისა და მისი განხორციელება / დანერგვის მიმართულებით. მოითხოვეთ ინფორმაცია მათი გამოცდილების, კვალიფიკაციისა და სერტიფიცირების შესახებ.

შრომის უსაფრთხოების წარმომადგენლის საუკეთესო თვისება არის მისი კომუნიკაბელურობა და კარგი გადმოცემის უნარი. ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობს მხოლოდ შაბლონური დოკუმენტაციით და შემოიფარგლება მონოტონური მონიტორინგით და არ იკვეთება მცდელობა შრომის უსაფრთხოების სისტემების დანერგვისა, მაშინ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესების ასეთი „მართვა“  არაეფექტური და გადაყრილი ფინანსური სახსრებია ბიზნესის მხრიდან. სამწუხაროდ, ჩვენი საკონსულტაციო საქმიანობის ფარგლებში ბევრჯერ გვინახავს კომპანია, რომელიც მხოლოდ რუტინული მონიტორინგის გზით წასულა და ამას ძალიან მალევე მოჰყოლია სავალალო შედეგი.

უმთავრესი წარმატება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ეს არის სისტემების დანერგვა ორგანიზაციაში, ადამიანების ჩართვა პროცესებში, მათი მოვალეობების გადანაწილება, საქმის მწარმოებლების, მენეჯერების და მომუშავეთა სწავლება და განვითარება, როგორც ინტეგრირებული მართვის ციკლი. სწორედ ასეთი მიდგომით ნახავს ბიზნესი შედეგს როგორც შრომის უსაფრთხოების კონკრეტული მიმართულების, ასევე ბიზნესის მრავალმხრივი განვითარების მხრივ.

„საფკო“ სწორედ ამ გზით ახდენს მის მომხმაბლებთან ურთიერთობას და ყოველთვიურ რეჟიმში ხდება მათი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის სხვადასხვა თემატიკისა და პროფილის ტრენინგების წარმოება. შრომის უსაფრთხოების მართვის პროცესში ჩართულია ორგანიზაციის მთლიანი მენეჯმენტი. ხდება მიმდინარე და მომავალი სამუშაოების განხილვა და სამოქმედო გეგმების გაწერა. მთლიანი ორგანიზაციული რგოლი ჩართულია ინფორმაციის გაზიარების პროცესში და ადამიანებიც ნელ-ნელა იწყებენ მსგავს მართვის რეჟიმთან ადაპტირებას. სწორედ, ასეთ პროცესში ვითარდება უსაფრთხო სამუშაო კულტურა, რამაც უნდა მოუტანოს ქვეყანას – უსაფრთხო შრომა, ხარისხი და წარმატება.

სტატია მომზადებულია საფკოს საერთაშორისო ექსპერტების მიერ.