ზაურ გამყრელიძე – ახალგაზრდა ხელოვანი რაჭიდან, რომლის ნამუშევრების ნახვისას აღფრთოვანებას ვერ დამალავთ.ზაური 14 წლის ასაკიდან ქმნის კონცეპტუალურ სკულპტურებს. 20 წლის ასაკში მან უკვე მოახერხა სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში გამარჯვება. მისი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა HR ბიზნეს სამიტზე, რომელიც 31 მაისს, King David-ში გაიმართება. გთავაზობთ ზაურთან ინტერვიუს.
HR hub: საიდან გაგიჩნდა სკულპტურების შექმნის იდეა?
ბავშვობიდან პლასტელინით ძერწვა ჩემი გამორჩეულად საყვარელი გასართობი იყო. 14 წლის ასაკში მივხვდი, რომ ჩემი ეს გასართობის დროის სასიამოვნოდ გაყვანის შესაძლებლობის გარდა, თვითგამოხატვის საშუალებაც შეიძლებოდა ყოფილიყო, თანაც სიტყვებზე ბევრად უფრო მძაფრად და საინტერესოდ ეთქვა ჩემი სათქმელი. აქედან მოყოლებული ვქმნი კონცეპტუალურ სკულპტურებს, წლების მანძილზე 25-მდე ნამუშევარი დამიგროვდა.
HR hub: ძირითადად რა მასალაზე მუშაობ?
დასაწყისში ესკიზს მეტალის კარკასითა და პლასტელინით ვქმნი, თუ კომპოზიციით კმაყოფილი ვარ, შემდეგ ქანდაკების ყალიბი კეთდება და საბოლოოდ ბრინჯაოში ისხმება.
HR hub: რა არის შენი ინსპირაციის წყარო?
ჩემი სკულპტურების ერთადერთი თემა სამყაროს ყველაზე კომპლექსური და საინტერესო ცოცხალი არსება – ადამიანია, შესაბამისად, ყველაფერი, რაც მას უკავშირდება ჩემი ინსპირაციის წყაროდ შეიძლება იქცეს. ჩემი ქანდაკებებით ადამიანების პრობლემების, გრძნობების, შინაგანი ქარიშხლების, შეცდომების, მანკიერებისა და მშვენიერების, ურთიერთობების და ქვეცნობიერში არსებული ასოციაციური დინებების მყარ მატერიაში გადმოთარგმნას ვცდილობ, მათ ფორმებს კი გონებაში არსებული უკიდეგანო სივრცის ნისლიან ოთახებში ვპოულობ.
HR hub: შენს სკულპტურებში ჭარბობს ადამიანები და თითოეულ სკულპტურაში დიდი ჩანაფიქრი იგრძნობა. რა არის ის, ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გადმოცემაც შენი ნუმუშევრებით გსურს?
ვცდილობ ადამიანებს საკუთარი თავი დავანახო იმ მხრიდან, რომლიდანაც, როგორც წესი დრო არ რჩებათ შეხედონ. თითოეული სკულპტურა ერთგვარი საწყისი წერტილია ფიქრისა და გააზრების სასიამოვნო პროცესისა და ვცდილობ ამ პროცესის შედეგად, მნახველმა თავის თავში მანამდე უცნობი ნაწილი აღმოაჩინოს.
HR hub: სამომავლო გეგმების შესახებ რას გვეტყოდი?
ვაპირებ სხვა მასალებითაც ვცადო ქანდაკებების კეთება და ვიმუშავო ჩემს შემოქმედებაში ესთეტიკური მრავალფეროვნების გაფართოვებასა და დახვეწაზე…