,,Evolution Gaming” შვედური კომპანიაა, რომელიც B2B კლიენტებს Live გადაწყვეტილებებსა და პროდუქტებს სთავაზობს.
ინოვაციური მიდგომების, პროგრამული თუ ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის, გამორჩეული პერსონალისა და მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილების საშუალებით, კომპანია მუდმივად მუშაობს არამხოლოდ უშუალო პარტნიორებისათვის, არამედ მათი მომხმარებლებისთვის საუკეთესო და უნიკალური მომსახურების გასაწევად. ჩვენ ვესაუბრეთ ,,ევოლუშენ ჯორჯიას” ბრენდინგისა და კომუნიკაციების სპეციალისტს ქეთი გოლიაძეს. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
HR hub: ძირითადად ვისთვის არის განკუთვნილი თქვენი სერვისი?
Evolution Gaming-ის სერვისის პირველადი მომხმარებლები არიან ჩვენი პარტნიორები – ის კომპანიები, რომლებიც უშუალოდ იღებენ ჩვენს მომსახურებას. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი მიდგომა არამხოლოდ უშუალო პარტნიორებისთვის საუკეთესო მომსახურების გაწევაზეა ორიენტირებული, არამედ მათ მომხმარებლებზე ზრუნვასაც მოიცავს. ჩვენ, როგორც ორგანიზაცია, რომლის მისიაა, უზრუნველყოს როგორც უშუალოდ ოპერატორების წარმატებული საქმიანობა, ასევე მათი მომხმარებლების საუკეთესო გამოცდილება, ვფიქრობთ, რომ ყველაზე მთავარი ის კულტურაა, რომლითაც მომსახურების გაწევისას ვხელმძღვანელობთ. არსებობის მანძილზე, მუდმივად ვცდილობთ გავაკეთოთ ის, რაც აქამდე შეუძლებლად წარმოგვედგინა – საქმიანობის ყველა ეტაპზე სიახლეების მიმღებლობა, ღიაობა, სამართლიანობა და სანდოობა გვაქცევს ევოლუშიონერებად.
HR hub: რა ღირებულებებს ეფუძნება Evolution Gaming ?
ჩვენი მთავარი ღირებულებები ისაა, რასაც ჩვენთან ურთიერთობის პირველივე წამიდან თითოეული ადამიანი გრძნობს: ეს უპირველესად მოქმედებაა – რაც გულისხმობს, რომ ჩვენ ინოვაციური, ახალ შესაძლებლობებზე ორიენტირებული და გამოწვევების მოყვარული კომპანია ვართ. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულება სამართლიანობაა. ამასთან, როგორც ერთ-ერთი უდიდესი დამსაქმებელი, გარდა უშუალო საქმიანობისას ყველა სტანდარტის დაცვისა, ჩვენს როლს ასევე პროფესიული გარემოს განვითარებაშიც ვგრძნობთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ღია, ინკლუზიურ და სამართლიან სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს პატივს ვცემთ. ჩვენი მთავარი ძალა სწორედ ამაშია – ვიმუშაოთ და განვვითარდეთ ერთობლივად. ევოლუშენი ის დიდი ჯაჭვია, სადაც თითოეულ რგოლს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
HR hub: რომელ ქვეყნებშია კომპანია წარმოდგენილი?
Evolution Gaming-ს 12-წლიანი ისტორია აქვს და მსოფლიოს 12 ქვეყანაშია წარმოდგენილი, როგორც ევროპაში, ასევე ამერიკასა და კანადაში. ევოლუშენ გეიმინგი რეგისტრირებულია შვედეთში, ამჟამად კომპანიას ყველაზე დიდი წარმომადგენლობა აქვს ლატვიაში, რიგაში, თუმცა ევოლუშენ გეიმინგს თბილისთან დაკავშირებით განსაკუთრებული გეგმებიც აქვს.
HR hub: როდის შემოვიდა ევოლუშენი საქართველოს ბაზარზე?
საქართველოს ბაზარზე ჩვენი კომპანია 2017 წლის ბოლოს შემოვიდა და მას შემდეგ ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება. Evolution მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. ჩვენ ადგილობრივ კადრებს, განსაკუთრებით კი სტუდენტებს ვაძლევთ საშუალებას, სამუშაო გამოცდილების გარეშე დასაქმდნენ და მათი კარიერული გზა სწორედ ჩვენთან, კონკურენტულ, საერთაშორისო და გამორჩეულ გარემოში დაიწყონ, რომელსაც ჩვენი ოფისის ყველა სტუმარი გრძნობს.
HR hub: ძალიან საინტერესო სამუშაო გარემო გაქვთ, ვინ იზრუნა ოფისის დიზაინზე?
სამუშაო გარემო ნამდვილად ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა. მთელი ქსელის მასშტაბით, ევოლუშენი სწორედ განსხვავებული გარემოთი და, ამავდროულად, შეგრძნებებით ამახსოვრდება ყველა ადამიანს, ვისაც რაიმე ტიპის შეხება აქვს ჩვენს კომპანიასთან.
ვიზუალი საერთო კონცეფციის ნაწილია, რაც ჩვენთვის, თანამშრომლებისათვის დამატებითი მოტივაციაა, ყოველდღიური საქმე კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით ვაკეთოთ. კონცეფციის მოდელი ჩვენს სამუშაო მიდგომას ეფუძნება, რომელიც თანამშრომლებისათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზეა ორიენტირებული, რადგან სწორედ თითოეული აქ დასაქმებული ადამიანი ქმნის ევოლუშენს.
HR hub: ტრადიციული ოფისისგან განსხვავებით, თქვენთან ბევრი სხვადასხვა საინტერესო კუთხეა. მოგვიყევით ამის შესახებ.
ჩვენს ოფისში ნამდვილად შეხვდებით ისეთ კუთხეებს, რომელიც ტრადიციულ ოფისში არ გვხვდება. აქ არის მოსასვენებელი ოთახი, რომელიც ევოლუშენის ძალიან აქტიური ტემპიდან გამომდინარე, თანამშრომლების პროდუქტიულობასთან პირდაპირაა დაკავშირებული. ამასთან, გვაქვს განახლებული სასადილო სივრცე, რომელიც პერსონალის მოთხოვნებისა და სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით გაკეთდა – ეს ის ადგილია, სადაც შესვენების გატარება ყველა თანამშრომელს ძალიან სასიამოვნო გარემოში შეუძლია. აქვე გვაქვს მაგიდის ჩოგბურთი, ფეხბურთი და სხვა. ჩვენი კომპანია თანამშრომლებს სპორტულ დარბაზსა და პერსონალური ტრენერის უფასო მომსახურებასაც სთავაზობს.
ამასთან, ვცდილობთ, საქართველოს ოფისი გამორჩეული გავხადოთ და საერთაშორისო სტანდარტს ადგილობრივი ელფერიც შევმატოთ, ამისათვის, ჩვენს ოფისებს საქართველოს კუთხეების სახელებს ვარქმევთ.
HR hub: როგორც ვიცი, თქვენთან აქტიურად მუშაობენ სტუდენტები. ძირითადად რა მიმართულებებით გაქვთ ვაკანსიები?
ჩვენთან სტუდენტები სხვადასხვა პოზიციებზე არიან დასაქმებულნი, მათ შორის თამაშის წარმდგენები, სტუდიის სუპერვაიზერები, მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტები და სხვა. ჩვენი მთავარი უპირატესობაა ის, რომ სტუდენტებს შეუძლიათ ყოველგვარი გამოცდილების გარეშე დასაქმდნენ, სწავლას შეუთავსონ სამუშაო გრაფიკი, ჰქონდეთ კონკურენტული ანაზღაურება, იმუშაონ საერთაშორისო გარემოში და ჰქონდეთ კარიერული წინსვლის საშუალება. ჩვენ ასევე მათ განვითარებაზე ვზრუნავთ და საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად ჩვენი კომპანიის აკადემიაში უზრუნველვყოფთ მათ გადამზადებას.
HR hub: რა არის საჭირო იმისთვის, რომ ევოლუშენში დასაქმდეს ადამიანი?
ევოლუშენში დასაქმება მარტივია – ჩვენ გვჭირდება კანდიდატების მოტივაცია, რაც უმნიშვნელოვანესია და ამასთან კონკრეტულ ვაკანსიებზე ინგლისური ენის ცოდნა. თუმცა, ასევე გვაქვს ვაკანსიები, სადაც ენის ცოდნა სავალდებულო არაა. ჩვენს კომპანიაში, ჩვენივე თანამშრომლებს შეუძლიათ გაიარონ ინგლისური ენის კურსები, რომელსაც ევოლუშენი სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს მათ, განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები და გადადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინსვლისკენ. დასაქმების პორტალებზე სამსახურის მაძიებელ ყველა ადამიანს შეუძლია იხილოს ჩვენი ვაკანსიები, რომელიც მუდმივად ახლდება, ჩვენ ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ უნივერსიტეტებთან და მონაწილეობას ვიღებთ მათ მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმებში.