შემოგვიერთდით

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ სტუდენტებისთვის საზაფხულო დასაქმების პროგრამა იწყება

ენერგო-პრო ჯორჯია საზაფხულო დასაქმების პროგრამას იწყებს. 2 თვიანი, ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა შეეძლებათ უმაღლესი სასწავლებლის, ენერგეტიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს და ახალ კურსდამთავრებულებს, ასევე პროფესიული სასწავლებლების ენერგეტიკის და ელექტროინჟინერიის ფაკულტეტების სტუდენტებს. თბილისში, კომპანიის სათაო ოფისის გარდა, სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან ასევე ქუთაისში, ბათუმში, ხაშურში და თელავში. საზაფხულო დასაქმების პროგრამის დასრულების შემდეგ, წარმატებული სტუდენტები მუშაობას გააგრძელებენ კომპანიაში. ამ თემაზე საინფორმაციო შეხვედრა ენერგო-პრო ჯორჯიას სათაო ოფისში 20 და 21 ივნისს გაიმართება.
,,გარდა ამ პროგრამისა, ენერგო-პრო ჯორჯია ატარებს სხვა მრავალ ღონისძიებას, რომელიც ენერგტიკის დარგის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ამავე მიზნით, კომპანიაში მომავალშიც არაერთი აქტივობის განხორციელება იგეგმება. დღეს უკვე არის პროფესიონალი ენრეგეტიკოსების დეფიციტი და ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება, ამიტომ, მოვუწოდებ ახალგაზრდებს, დაინტერესდნენ და აირჩიონ ენერგეტიკის პროფესია, ენერგო-პრო ჯორჯია კი წარმატებულ სტუდენტებს, თითქმის გარანტირებულად პირდება დასაქმებას კომპანიაში, სადაც საშუალო ხელფასი 1000 ლარს შეადგენს და თანამშომელს მუდმივად აქვს კარიერული წინსვლის საშუალება” – განაცხადა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.

„შარშან ეს პროგრამა წარმატებით განვახორციელეთ. შერჩეული მონაწილეებიდან 8 ახალგაზრდა დღეს უკვე ჩვენი თანამშრომელია. წელსაც გვინდა სტუდენტებს პრაქტიკაში ვაჩვენოთ ენერგოკომპანიის მუშაობის სპეციფიკა. ისინი სამუშაო პროცესში გაეცნობიან, როგორ მუშაობენ პროფესიონალები მაღალი და დაბალი ძაბვის ქსელში, გამანაწილებელ ქვესადგურებში, ელ-მრიცხველების ლაბორატორიაში, გენერაციის ობიექტებში, შრომის, უსაფრთხოების, პროექტირების და დისპეტჩერიზაციის სამსახურებში. ასევე, ნახავენ როგორ ფუნქციონირებს კომპანიაში დანერგილი თანამედროვე ტექნიკური „SCADA” და „GIS” სისტემები, აბონენტთა ურთიერთობა (ქოლ ცენტრის) და სხვა” – აღნიშნა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 2019 წლის 20 და 21 ივნისს 11:00 საათზე კომპანიის სათაო ოფისში (თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის N19). დაინტერესებულმა პირებმა საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად 19 ივნისის ჩათვლით უნდა გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია მისამართზე: https://forms.gle/8t3tcoXpMpv6Ti5X6