შემოგვიერთდით

დირექტორი, ვინც მწერალთა სახლის “ახალი სიცოცხლე” შექმნა გათავისუფლებულია

შენობა, სადაც ამჟამად მწერალთა სახლია განთავსებული,  ცნობილმა მეცენატმა და ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელმა, ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა  დავით სარაჯიშვილმა (1848-1911) 1903-1905 წლებში ააგო. სახლი გერმანელი არქიტექტორის, კარლ ცაარის პროექტის მიხედვითაა აგებული, მასთან ერთად მუშაობდნენ თბილისელი არქიტექტორები ალექსანდრე ოზეროვი და კორნელი ტატიშჩევი, ხის ინტერიერის ავტორი ასევე თბილისელი ხელოსანი, ილია მამაცაშვილი იყო.
სახლი მოდერნის სტილის არქიტექტურის ნიმუშია. ფასადის მოპირკეთების დროს უხვადაა გამოყენებული ტალღოვანი ფრონტენები, ნაძერწი ნიჟარები, მცენარეული ორნამენტები. არქიტექტურის მკვლევართა აზრით,  სარაჯიშვილის სახლი თბილისური და ევროპული არქიტექტურის შერწყმის ბრწყინვალე მაგალითია.

2007 წლიდან შენობა დაკეტილი იყო.

მწერალთა სახლის “ახალი სიცოცხლე” კი ნატა ლომოურმა შექმნა, რომელიც გაათავისუფლეს.

“… დღესაც მაჩაბლის სახლი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების სარკე და ანარეკლია. ჩემთვის გაუგებარია. რატომ გახდა საჭირო განვითარებაზე, განათლებაზე, საზოგადოების ღიაობასა და პროგრესზე ორიენტირებული პატარა, თუმცა უმნიშვნელოვანესი ცენტრის, პირდაპირი გაგებით, ოაზისის მიზანში ამოღება, დაშლა და დასუსტება! როგორც ჩანს, ფრაზა „რატომ კარგი აგიგია“ სულ აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში.” – წერს მწერალთა სახლის აწ უკვე ყოფილი დირექტორი ნატა ლომოური.

სოციალურ ქსელში ამ ფაქტს საზოგადოების წარმომადგენლების დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

“კარდაკარ იარა, მის ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენა იმისთვის რომ “მწერალთა სახლი” ყოფილიყო ის რაც არის დღეს. ბევრი გეგმა ჰქონდა. ნებისმიერი შეხვედრისას, გამარჯობის შემდეგ ამ გეგმებზე იწყებდა საუბარს. უსმენდი და ხვდებოდი რომ შენს წინ იდგა თავის საქმეზე უგონოდ შეყვარებული, პროფესიონალი გოგო. ეს გოგო აწ უკვე გაუქმებული “მწერალთა სახლის” დირექტორი Natasha Lomouri -ია. ამ გადაწყვეტილების ფონზე, ძალიან სასაცილოდ ჟღერს “პროფესიონალი კადრების” ძიების დეკლარირებული პოლიტიკა.” – წერს მარიამ სპარსიაშვილი (Forbes Women-ის აღმასრულებელი რედაქტორი).

“ვინც ეს გაუაზრებელი, უშინაარსო, უგემოვნო გადაწყვეტილება მიიღეთ, ახალი ამბავი მაქვს თქვენთვის, ალბათ არ იცით რომ შეუცვლელი ადამინები რეალურად არსებობენ და ასეთი იყო ნატაშა ლომოური, მწერალთა სახლის დირექტორი – რომელმაც ისეთი ფასეულობა შექმნა, რასაც თქვენი მიყვანილი ახალი ხელმძღვანელი ვერასოდეს გაიგებს და დააფასებს! დაწესებულებაში, კომპანიაში თუ რაიმე სტრუქტურაში არამატერიალურ და მატერიალურ ფასეულობებს ხშირად სწორედ რომ შეუცვლელი ადამიანები ქმნიან და ასეთი ადამიანები ჩვენთან სანთლით საძებარია, სამწუხაროდ თქვენთვის – თავიდან მოსაშორებელი. ამ გადაწყვეტილებიდან ნათლად ჩანს, რომ გაქვთ გემოვნების, ინტელექტის, მასშტაბის აღქმის და სულაც ალბათ მართვის პრობლემები.

გული მაქვს გახეთქილი, მცხვენია იმის, რომ ესე უცერემონიოდ ვიღაცის მავნებლური გადაწყვეტილებით ნატაშა აღარ მართავს მწერალთა სახლს.

ეს ძველი ფოტოებია, ყველამ იცით როგორია დღეს მწერალთა სახლი, მაგრამ ეგებ არ გახსოვთ საიდან დაიწყო ნატაშკამ. ჰოდა დახედეთ ფოტოებს.

აქ მარტო იმაში არ არის საქმე, რომ მან ის ორგანული ესთეტიკა, რაც ჰქონდა მწერალთა სახლს ერთი მილიმეტრითაც არ დაარღვია, არამედ ისე აღადგინა ძველი, რომ დღეს ზუსტად იგრძნობა ის ჩანაფიქრი რითაც წლების წინ მწერალთა სახლი ააგეს!

გარდა იმისა, რომ მწერალთა სახლში მისვლას და იქ ყოფნას არაფერი სჯობს, ნატაშამ მწერლებისთვის და პოეტებისთვის ისეთი სივრცე შექმნა, სადაც მუდმივად იმართებოდა დაუვიწყარი დღეები. ხელმძღვანელობდა პროექტებს, რომლებიც საზრდო იყო როგორც უფროსი თაობისთვის ასევე მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ხშირად ბავშვებისთვისაც კი.

აღადგინა ულამაზესი დარბაზები, სადაც უამრავი სტუმარი მიიღო ამ წლების მანძილზე. უამრავი მწერალი ჩამოდიოდა და საოცარი დიზაინის სასტუმროში, როგორც სახლში ისე გრძნობდა თავს. აქ ჩამოდიოდნენ ტექსტებზე სამუშაოდ, რადგან ამისთვის ყველა პირობა იყო შექმნილი!

უამრავი სტუმარი სტუმრობდა უნიკალური კონცეფციის კაფეს “ლიტერა” – ეს ადგილი იყო ნამდვილი ოაზისი, შუა სოლოლაკში – და ვიღაცის ხისტი გადაწყვეტილების გამო, მისი მართვა დაევალა “ვინმეს”, მართალი გითხრათ არც ვიცი ვის.

გილოცავთ, კიდევ ერთი ალტერნატიული სივრცე სულ მალე გადაკეთდება ადგილად, რომლის არსებობის შესახებ მხოლოდ მაშინ გაგვახსენდება, როცა მაჩაბლის ქუჩაზე გავივლით!

PS – ალბათ თავს იმართლებთ, ბიუჯეტის რაღაც გაუგებარი დაზოგვით, ზუსტად ვიცი ეგეთი გადაწყვეტილებები მუდამ ზრდის ხარჯებს, რადგან შეუცვლელი ადამიანები მხოლოდ ესთეტიკას, ფასადს და დეკორაციას არ ქმნიან, ისინი ცვლიან უამრავ ადამიანს, რომლის დაქირავებით თქვენ კიდევ და კიდევ უკან წახვალთ, კიდევ და კიდევ დააწვებით ბიუჯეტს – რადგან იმას რაც ხდებოდა მწერალთა სახლში თქვენ ვერასოდეს ვეღარ შეძლებთ” – ნინჩო ჯიბლაძე (გალფის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის უფროსი).

გთავაზობთ ფოტოებს, სადაც ჩანს თუ როგორი იყო მწერალთა სახლი და როგორია ის დღეს.