შემოგვიერთდით

ყველა რეგიონს ეყოლება კვალიფიციური HR მენეჯერი შესრულებული სამუშაოს შეფასების საკითხში

საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების -GIZ-ის პროგრამის “ადგილობრივი თვითმმართველობა სამხრეთ კავკასიაში” ორგანიზებით დაიწყო ახალი პროექტი, რომლის მიზანია თვითმმართველობებში თანამშრომლის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის განვითარების ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში საქართველოს ყველა რეგიონიდან შეირჩა თითო თვითმმართველი ერთეულის ადამიანურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი. შესაბამისად, პროექტში ჩართულია სულ 10 მონაწილე (თითო რეგიონიდან თითო წარმომადგენელი).

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შერჩეული მუნიციპალიტეტების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულების წარმომადგენლების გაძლიერება სამუშაოს შეფასების კუთხით. შედეგად ყველა რეგიონს ეყოლება ამ საკითხებში კვალიფიციური HR, რომელსაც პროექტის მსვლელობის დროს კომუნიკაცია ექნება თავისი რეგიონის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პირებთან და გაავრცელებს თავის რეგიონში შეფასების სისტემასთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და რეკომენდაციებს. ამასთან, პროექტის დასრულების შემდეგაც, იგი იქნება რეგიონში სხვა HR-ებისათვის საკონტაქტო პირი, რომელიც დახმარებასა და კონსულტაციებს გაუწევს მათ.

მიმდინარე წლის 22, 23 და 24 ივლისს პროექტის პირველ ეტაპზე მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები შესრულებული სამუშაოს შეფასების საკითხებზე. ექსპერტები განაგრძობენ ინდივიდუალური კონსულტაციებს პროექტის მონაწილეებთან, რაც გულისხმობს მათთან დისტანციურად მუშაობას და ასევე მენეჯერების დახმარებას შეფასების პროცესში.