შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის არსებული ფორმით ყველა ბიზნეს სუბიექტზე გავრცელებას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საგანგაშოდ მიიჩნევს.
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის პროექტის არსებულ რედაქციას, რომლის განხილვაც საქართველოს პარლამენტში ამჟამად მიმდინარეობს, ბიზნესისათვის უკიდურესად სახიფათოდ მიიჩნევს.
დღეს მოქმედი კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, უკვე ვრცელდება ბიზნესის ყველა იმ სფეროზე, ყველა კომპანიაზე, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მძიმე, მავნე და საშიშ პირობებთან და ამ გზით უზრუნველყოფილია იმ ადამიანებისათვის უსაფრთხოების გარანტიები, ვინც მსგავს სამუშაოებზე არიან დასაქმებულები.
დღეისათვის დღის წესრიგში დგას კანონის მოქმედების სფეროს გავრცელება აბსოლუტურად ყველა ტიპის საქმიანობაზე, მათ შორის ისეთებზე, რაც არანაირ არსებით საფრთხესთან არაა დაკავშირებული დასაქმებულებისათვის და ამ გზით იგეგმება ქვეყანაში არსებულ თითოეული კომპანიისათვის, მეწარმე ფიზიკური პირებისათვის და ადმინისტრაციული ორგანოებისთვისაც კი ისეთი სამართლებრივი ტვირთის დაკისრება, რაც დაკავშირებული იქნება მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებთან.
კანონპროექტის მიხედვით, ნებისმიერ კომპანიას, მეწარმე ფიზიკურ პირს, მიკრო თუ მცირე ბიზნესს და ადმინისტრაციულ ორგანოს, მიუხედავად მისი ზომისა და საქმიანობის სფეროსი, მოუწევს ყოველწლიურად ათასობით ლარის გაღება, რათა ისარგებლონ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომსახურებით, სამუშაო ადგილებზე პერიოდულად ზომონ და აკონტროლონ გარემო ზემოქმედების ფაქტორები (ტემპერატურა, ტენიანობა, გამოსხვივება, საწარმოო ხმაური), შეიმუშაონ და შრომის ინსპექციას წარუდგინონ რისკების შეფასების დოკუმენტები, უზრუნველყონ დასაქმებულები ტრენინგებით და ა.შ.
ჩვენი ღრმა რწმენით, მსგავსი დაუსაბუთებელი რეგულაციების შემოღება და ფორმალური ვალდებულებების დაკისრება განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, პრინციპულად ეწინააღმდეგება ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარების კონცეფციას და ხედვებს; ეს კი განსაკუთრებით საგანგაშოა იმ ფონზე, რომ მხოლოდ თეორიული საფრთხეების პრევენციის გამო, ბიზნეს სექტორს მოუწევს რამდენიმე ასეული მილიონი ლარის დახარჯვა თავის საქმიანობის რეგულაციებთან შესაბამისობაში მოსაყვანად და იმ კანონის შესასრულებლად, რომლის განხილვაც ისე მიმდინარეობს, რომ არაა გაანალიზებული მოსალოდნელი ფინანსური შედეგები ბიზნესისათვის და სახელმწიფო ბიუჯეტისათვის.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, შესაბამისი ფინანსური ანალიზის გარეშე ნუ მიიღებენ კანონპროექტს არსებული ფორმით.