„ბლაუენშტაინ საქართველომ“ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში წარმოებისა და გაყიდვების გუნდის თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდა და სამუშაო დრო შეუმცირა.
როგორც კომპანიის დირექტორი, თათია არაბიძე აცხადებს კომპანია აპირებს პანდემიის დროს გაზრდილ ხელფასებს რეგულარული სახე მისცეს.
კომპანიის ხელმძღვანელობა განმარტავს „ჩვენ ვთვლით, რომ განსაკუთრებული რისკის პირობებში მუშაობისას თანამშრომლებს უნდა გაეზარდოთ ანაზღაურება. ეს არის ლოგიკური და სამართლიანი. ხოლო მას შემდეგ რაც კრიზისი გაივლის, ჩვენს გუნდს დარჩება კრიზისულ სიტუაციაში შეუფერხებლად მუშაობის გამოცდილება. ამ ტიპის გამოცდილება კი ფასდაუდებელია ძლიერი კომპანიის მუშაობისთვის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე გაზრდილი ხელფასების მომავალში შენარჩუნებაც არის ლოგიკური და ჩვენ ამას გავაკეთებთ“.
4 დღიან სამუშაო კვირაზე გადასვლა კომპანიაში ისედაც იგეგმებოდა. შექმნილი მდგომარეობის გამო კი ეს პროცესი დაჩქარდა და საფირმო მაღაზიის მასპინძლები და მწარმოებლების მთელი გუნდი ახალ სამუშაო განრიგზე უკვე გადავიდა. ეს პროცესი გრძელდება და მალე კომპანიის ყველა თანამშრომელი კვირაში 2 დღის ნაცვლად, 3 დღე დაისვენებს.
ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვეა მუშავდება მენეჯმენტისა და ადამიანებზე ზრუნვის განყოფილების მიერ და ეტაპობრივად შედის ძალაში.
პანდემიის გამო სამსახურიდან არავინ გათავისუფლებულა, პირიქით, კომპანიამ, გაყიდვების გუნდში, დაასაქმა ორი ქალბატონი, რომლებიც კრიზისის გამო დარჩნენ უმუშევრები.
„ბლაუენშტაინ საქართველომ“ ასაკოვანი და ორსული თანამშრომლები ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვა, ხოლო, დისტანციურად მუშაობს ყველა, ვისი სამუშაო სპეციფიკაც ამის საშუალებას იძლევა.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღიდან კომპანია შეუფერხებლად მუშაობს. არ დგას მარაგების ამოწურვის საფრთხის წინაშე.
„ბლაუენშტაინის“ ტიპის კომპანიას მსგავსი გამოწვევები მნიშვნელოვან საფრთხეს ვერ უქმნის. ჩვენ 12 წელი და 40 მილიონიანი ინვესტიცია მოვახმარეთ სწორედ იმას, რომ კომპანიის ძრავი ყოფილიყო მდგრადი.
ჩვენ გათვლებს ყოველთვის შორ მომავალზე ვაკეთებდით. ასე აიხსნება ის ფაქტიც, რომ ამდენ წლიანი არსებობის შემდეგ, კომპანია მხოლოდ 2021 წელს გეგმავს მოგებაზე გასვლას.
აქამდე მთელი ენერგია, თავდაუზოგავი შრომა და მნიშვნელოვანი ინვესტიცია მოხმარდა იმას, რომ წარმოების სრული ჯაჭვი ფერმიდან მომხმარებლის კალათამდე უნაკლოდ აწყობილიყო. შექმნილიყო შესაბამისი, შვეიცარიული ხარისხის ინფრასტრუქტურა; გამოგვეყვანა სუფთა ჯიშის პირუტყვი; შექმნილიყო სურსათის უვნებლობის, გარემოს დაცვის და შრომის უსაფრთხოების ქმედითი სისტემა; შეკრულიყო პროფესიონალი და საქმის მოყვარული ადამიანების დიდი გუნდი.
დღეს ეს ყველაფერი შექმნილია და და ბლაუენშტაინი არის ძლიერი კომპანია, რომლისთვის მთავარი ღირებულება ადამიანია და რომელიც ქართულ საქმეს შვეიცარიული სიზუსტით აკეთებს“ აცხადებენ „ბლაუენშტაინელები“.
ქართულ შვეიცარიული კომპანია „ბლაუენშტაინი“ 2008 წლიდან არსებობს. სულ განხორციელებული აქვს 40 მილიონამდე ლარის ინვესტიცია. ფლობს მეცხოველეობის ფერმებს და ხორცის პირველადი დამუშავების საწარმოს რაჭაში, ხოლო 2 საფირმო მაღაზიას თბილისში. წერეთლის 67-ში და ფალიაშვილის 67-ში. კომპანიის მაღაზიებში ნედლი და დავარგებული ხორცი და 200-ზე მეტი სახეობის ხორცპროდუქტია წარმოდგენილი.
კომპანიაში სულ დასაქმებულია 70 ადამიანი.