შემოგვიერთდით

დაზღვევის განათლების ჰაბი – ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა საქართველოში

დაზღვევის განათლების ჰაბი ახალი საგანმანათლებლო პლატფორმაა დაზღვევის საკითხების შესახებ. დეტალების გასაგებად ჩვენ ვესაუბრეთ მის დამფუძნებელს ნინო ნიავაძეს.

HR hub: როდის შეიქმნა დაზღვევის განათლების ჰაბი?

მოგეხსენებათ, მრავალი წელია ვმოღვაწეობ დაზღვევის სფეროში. სულ მქონდა განცდა, რომ დაზღვევას და სადაზღვევო საკითხების შესახებ ცნობადობას მეტი და მეტი პოპულარიზაცია სჭირდებოდა. 2020 წლის დეკემბერში ეს განცდა გადაიზარდა იდეაში, რომ შექმნილიყო კონკრეტულად სადაზღვევო საკითხების სწავლებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია და 2021 წლის აპრილში, მეგობრებთან ერთად უკვე ხორცი შევახსით ამ იდეას.

HR hub: რა არის მისი მიზანი?

როგორც აღვნიშნე, დაზღვევის განათლების ჰაბის მიზანია დაზღვევის პოპულარიზაცია. შესაბამისად, ტრენინგები, რომლებიც ჩვენ დავიწყეთ ეს არის ამ პლატფორმის ერთ-ერთი მიმართულება და ვგეგმავთ სხვადასხვა ტიპის პროექტებისა თუ ღონისძიებების ორგანიზიებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში დაზღვევის განათლების ამაღლებას და დაეხმარება ყველა მხარეს იცოდეს მეტი დაზღვევის შესახებ.

HR hub: ვისთვის არის განკუთვნილი?

დაზღვევის განათლების ჰაბი გახლავთ პლატფორმა ყველასთვის. შესაბამისად, დაზღვევით დაინტერესებული ნებისმიერი პირი არის ჩვენი სამიზნე აუდიტორია, თუმცა რა თქმა უნდა გვაქვს სპეციალურად კონკრეტულ მსმენელზე გათვლილი კურსებიც. მაგალითად, უშუალოდ სადაზღვევო ორგანიზაციაში უკვე დასაქმებული და კონკრეტული გამოცდილების მქონე პირებისთვის. სტუდენტებისთვის ტრენინგს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად ვახორციელებთ და ამ შემთხვევაში ორი ტიპის კურსია მსმენელისთვის შეთავაზებული, ერთი ეხება სადაზღევვო საქმიანობას, ხოლო მეორე – უშუალოდ დაზღვევას და გაყიდვებს. მომავალშიც ასევე ვფიქრობთ სეგმენტურად მორგებული სხვადასხვა ტიპის სპეციალური კურსები შევთავაზოთ ჩვენს აუდიტორიას და რა თქმა უნდა, ასევე განვიხილავთ დამკვეთის სურვილსა და ინტერესზე მორგებას.

HR hub: რა სახის აქტივობების ჩატარებას გეგმავთ?

როგორც გითხარით, ტრენინგები უკვე დაწყებული გვაქვს და დაგეგმილი გვაქვს, რომ მეტად მრავალფეროვანი გავხადოთ კურსები, ამასთანავე პანდემიიდან გამომდინარე შესაძლებლობა როგორც მოგვეცემა ვფიქრობთ კონკრეტული პრობლემური, აქტუალური და საინტერესო საკითხების განხილვის მიზნით შეხვედრების და დისკუსია – პანელების ორგანიზებას, ასევე სხვა მსგავსი საგანმანათლებლო და შემეცნებით პროექტებში ჩართულობას.

HR hub: როგორ შეიძლება თქვენს სასწავლო პროგრამებში ჩართვა?

ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ფეისბუქ გვერდი, სადაც მოწოდებულია მიმდინარე პროექტები, საკონტაქტო ინფორმაცია. მსურველს აქვს შესაძლებლობა ნებისმიერ დროს მომართოს ჩვენს ადმინიტრაციას და მიიღოს ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი, ასევე დარეგისტრირდეს ამ დროისთვის გამოცხადებულ სასწავლო კურსებზე და აქტიურად ჩაერთოს მისთვის საჭირო სწავლების ყველა მიმართულებაში.